სტუდენტების პროტესტი – 1000-1000 ლარი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ

სტუდენტური ცხოვრება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, რის მიხედვითაც 1000-1000 ლარი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ, მაგისტრანტების და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, თვითმმართველობის მიდგომა დისკრიმინაციულია.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ასია ანტონიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულადან არის, იგი სამცხე–ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზეა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხრიდან, წარჩინებული სტუდენტებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემას მიესალმება, თუმცა არ ესმის, რატომ განასხვავეს სტუდენტები სასწავლებლების და სტატუსის მიხედვით.

„გამიხარდა, ვიფიქრე, რა კარგია, რომ ჩვენი მერიაც ყურადღებას აქცევს სტუდენტებს–მეთქი. თურმე ეს მხოლოდ ბაკალავრებს და ისიც სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეხებათ. არ გაგვითვალისწინეს მაგისტრანტები, ძალიან გავბრაზდი. თუ აკეთებ რამეს, ისე გააკეთე, რომ არავინ დაიჩაგროს. შეეძლოთ სხვა გამოსავალი ენახათ, მაგალითად 1000–ის ნაცვლად 500 ლარი მიეცათ და ყველასთვის ყოფილიყო. გამოდის, რომ მაგისტრებს არ თვლიან სტუდენტებად?! მითუმეტეს ამ პანდემიის დროს, რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრი ხარ, თუ მაგისტრი?!“, – ამბობს ასია ანტონიანი.

იგივე პოზიციას იზიარებს ბორჯომელი ანი მაისურაძე, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრის სტუდენტია. მისი თქმით, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების გამიჯვნა მიუღებელია, რადგან ყველა სტუდენტი მაღალ ქულებს დიდი შრომის ფასად იღებს.

„მოგეხსენებათ, რომ მაღალი ქულის მისაღებად რამხელა შრომა გიწევს. უსამართლობაა, როდესაც ხდება სტუდენტების დიფერენცირება. ვიჩაგრებით კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები. არამართებულია, მაშინ როცა სახელმწიფო არ მიჯნავს სტუდენტებს ამ მხრივ, თუნდაც გრანტების გადანაწილებისას. ამიტომ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების დემოტივაციის მიზეზად მივიჩნევ ამ გადაწყვეტილებას“, – გვითხრა ანი მაისურაძემ.

ის, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილება „არ არის დახვეწილი“, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილიც ეთანხმება.

„საბოლოო დახვეწილ ვარიანტად არც ჩვენ არ ვთვლით, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება მოთხოვნა მომართვიანობა და მაგის მიხედვით დავამატებთ აკრედიტებულ სასწავლებლებს. ვგულისხმობ იმ კერძო უნივერსიტეტებს, რომლებსაც აკრედიტაცია ექნებათ გავლილი, ასევე მაგისტრებს. ვნახოთ როგორი მოცემულობა გვექნება, დავამუშავებთ, ეს უნდა იყოს მორგებული სტუდენტზე და არ უნდა იყოს ვინმესთვის დისკრიმინაციული“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

თუ რა პრიორიტეტით შეირჩა პირველ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმატებული ბაკალავრები, არბოლიშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

„პრიორიტეტების მიკუთვნება არ იყო, უბრალოდ უნდა დაგვეწყო. ამაზე ერთად ვიმსჯელეთ, ვნახოთ როგორ იმუშავებს არ გვინდა დავიწყოთ რამე კარგი პროგრამა და მოგვიწიოს იმის შეცვლა უარესობისკენ, ჩვენ საუკეთესო გვინდა შევარჩიოთ. არ ვიცით შევიტანთ თუ არა 2021 წლის ბიჯეტში ცვლილებას, ვნახოთ როგორი იქნება ხარჯვითი ნაწილი. შესაძლებლობა თუ გვექნება დავამატებთ. ჯერ არ ვიცით რა კონტიგენტი გვეყოლება, ვერ გვაკეთებდით სწორ კვლევას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და ზუსტი რიცხვები ვერ გვეცოდინებოდა“, – განაცხადა არბოლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს, სემესტრის განმავლობაში 1000 ლარი ჩაერიცხებათ. დაფინანსება არ ეხება მაგისტრანტებს და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.

წყარო: sknews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები