10 საოცარი ფსიქოლოგიური წიგნი, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის

ლიტერატურული გვერდი

დროის სასიამოვნოდ გატარება ყველა ჩვენგანის სურვილია, თუმცა არც ისე იქნება ურიგო, თავისუფალი დრო განვითარებისთვის რომ გამოვიყენოთ. პიროვნული განვითარების საუკეთესო წყარო კი ხარისხიანი ლიტერატურაა. რას იტყვით უფრო ღრმად რომ შეეხოთ ადამიანის სულს, გონების მიუღწეველ ნაწილებს, სურვილების სურვილების თვალუწვდენელი სივრცეს და მეტი გაიგოთ ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ. გთავაზობთ 10 საოცარ ფსიქოლოგიურ წიგნს, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. “ნარცისიზმის შესახებ”, ზიგმუნდ ფროიდი – წიგნი ფროიდის ფუნდამენტური შრომის, „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიის შესახებ“, ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა და ავტორის უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, რაც მხოლოდ დღეს, სექსუალური რეკონცეპტუალიზაციის ეპოქაში ხდება გასაგები.

2. “მოგზაურობა ადამიანის სულში”, კაბალის საერთაშორისო აკადემია – წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ერთგვარ კაფსულაში იმყოფებით და ადამიანის აღქმებისა და შეგრძნებების შიგნით შედიხართ. თქვენს წინაშე ადამიანის სურვილების თვალუწვდენელი სივრცე იშლება. თუ სადმე ქვეყანაზე სიამოვნების მაცთუნებელი სურვილებია, აქ, ამ ჭრელა-ჭრულა ვიტრინებშია გამოფენილი. თქვენ გთავაზობენ დატკბეთ საუცხოო ნუგბარითა და სასმელით, იქროლოთ მაგარი ავტომობილით რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნის ხიფათიან გზებზე, ჩაყვინთოთ უძირო ოკეანის სიღრეებში, დასეროთ კოსმოსის უკიდეგანო სივრცე… მაგრამ, მოდი ერთი წამით დავფიქრდეთ. ღირს კი გაუთავებლად იკმაყოფილებდეთ სურვილებს, როცა სიამოვნება იმავე წამს, მის დაკმაყოფილებასთან ერთად ქრება და მის ნაცვლად ახალი, სიცარიელის უფრო მძაფრი განცდა გიჩნდებათ?

3. “ემოციური ინტელექტი”, ანთოლოგია – რა განაპირობებს წარმატებას? თითოეულ ჩვენგანს ამ თემაზე ხშირად უფიქრია. თუ ყოველდღიური საუბრების ანალიზს მოვახდენთ, ხშირად მოვისმენთ ასეთ ფრაზას: „ის ჭკვიანია და ამით შეძლო წარმატების მიღწევა.“ როდესაც ვხედავთ წარმატებულ პიროვნებას და მას, ჩვენი აზრით, რაიმე სისულელე წამოსცდება, ჩვენი ავტომატური რეაქცია შემდეგია: „კი, მაგრამ, როგორ შეძლო მან წარმატების მიღწევა?“ – ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა, მხოლოდ სუსტი კავშირი დაადგინეს ინტელექტსა და წარმატებულ ხელმძღვანელობას შორის. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ხანგრძლივი კარიერული წარმატება არ არის დამოკიდებული ინტელექტზე, არამედ უფრო მეტად დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე.

4. “რომანივით საკითხავი”, დანიელ პენაკი – ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის ”უკურნებელი სენი” შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა.

5. “სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის”, ზიგმუნდ ფროიდი – ეს გახლავთ პირველი ნაწილი ფროიდის ყველა დროის ბესთსელერისა „სამი ესსეი სექსუალობის თეორიის შესახებ“ (1905), რომელშიც იგი სხვადასხვა სახის სექსუალურ გადახრებსა და სექსუალურ ლტოლვას აანალიზებს და სადაც იგი ამ გადახრების ფორმირებაში ხაზგასმით ანიჭებს მნიშვნელოვან როლს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს. მკითხველი მრავალ საინტერესო მაგალითსა და იდეას გაეცნობა. ამასთან, წიგნი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ ფსიქოლოგიაში ღრმად განსწავლულობას არც კი მოითხოვს.

6. “ბრბოს განცდები და მისი ზნეობა”, გუსტავ ლე ბონი – ბრბოს განსხვავებული ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს, ის კეთილშობილიც არის და სასტიკიც, გმირიც და ლაჩარიც, მონაცა და ბატონიც. ის ცვალებადია, იმპულსური და მიამიტი. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო და შესაძლოა ურთიერთგამომრიცხავ მახასიათებლებს განმარტავს ავტორი მაგალითების საფუძველზე.

7. “ცხოვრების მეცნიერება”,, ალფრედ ადლერი – “ცხოვრების მეცნიერება” იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. “ცხოვრების მეცნიერება” – ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.8. “პეპიტა ხიმენესი”, ხუან ვალერა – რომანი ესპანური რეალისტური პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავი ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი. ამ თითქოსდა უბრალო ამბის მიღმა ყურადღებას იპყრობს საოცარი სიღრმისეული ოსტატობით გადმოცემული ადამიანური განცდები, მათი ზუსტი ანალიზი, ადამიანის სულის სიფაქიზე. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღვთის მსახურებაზე, მღვდლობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად აღმოჩნდა დილემის წინაშე…

9. “ევფონია”, როინი რიჟვაძე – მძაფრსიუჟეტიან ფსიქოლოგიურ რომანში აღწერილი გარემო და მოვლენები მსოფლიო საზოგადოების ევოლუციის ნაწილი, ინტეგრაციითა და გლობალიზაციით ერთიანი მსოფლიოსათვის მიმდინარე ცვლილებები და პასუხისმგებლობის სამყაროს პულსის შეცნობის პროცესია. ადამიანებმა სამართალი დაუნდობელ ბიზნესად აქციეს, რომელსაც საიდუმლო სამსახურები დროის მოთხოვნის ფარით აკორექტირებენ და უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაშიც შენიღბულ საჭირო არჩევნად გადაკეთდა. წიგნში ნაჩვენებია ადამიანების ზღვარგადასული ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებლობის შეცნობას მბრძანებლის-მასონის სტატუსს უკავშირებენ და დაუნდობლად იბრძვიან. არჩევანიც პასუხისმგებლობის ცოდნის დონეს შეესაბამება და დროის მოთხოვნების ადეკვატურად, ბოროტებაზე გადაწყვეტილებაც, გულთა ფეთქვის გრძნობების გარეშე, მარტივად მიიღება. ევოლუციით დაგროვილი ცოდნით ტექნოლოგიები იქმნება, მაგრამ სამყაროს პულსში ადამიანის გული დღესაც ისეთივე გრძნობებით ფეთქავს, როგორც მაშინ, როცა არ არსებობდა ბორბალი, ძრავა და კომპიუტერი. წიგნის მთავარი ღერძი სამყაროს ფეთქვაში ადამიანის გულის წილის შეცნობაა.

10. “გორგალი”, ოთარ ბიწაძე – ნოველის მთავარი პერსონაჟი რედაქციის საბეჭდი განყოფილების ახალგაზრდა მუშაკია, მისი მბეჭდავური ცხოვრება, პროფესიისათვის სამაგალითო რუდუნებითა და მორჩილებით შესრულებული, თუ შესასრულებელი მოვალეობათა რიგია. ესაა მექანიზმი, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბადებს წინააღმდეგობას. ტრაგედიის ბოლოს იკვეთება მთავარი სათქმელი, მთავარი წუხილი იმისა, თუ როგორ უხმაუროდ კვდებიან ადამიანები, როგორც კი ისინი იწყებენ ბრძოლას, იწყებენ ძახილს. ნოველა სავსეა მხატვრული ხერხებითა და მინიშნებებით, როგორებიცაა უსახელოდ დარჩენილი ქალაქი, რომელიც იმგვარადაა მოხსენიებული ტექსტში, რომ მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევია მოვლენათა მასშტაბურობა, იმ რეალობისათვის, რომელშიდაც მოყოლილია ამბავი, მდგომარეობის სიმძაფრის უკეთესად შეგრძნებისათვის პატარა პროვინციაში შეჭრილი უზარმაზარი მდინარე და მისთანანი…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები