არდადეგები ახლოვდება და ჩვენი ძვირფასი დროის სასიამოვნოდ გატარება შეგვიძლია. წიგნის მოყვარულებისთვის ეს დრო საუკეთესო საშუალებაა საინტერესო წიგნების წასაკითხად. სწორედ ამიტომ გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც ხან რეალურ სამყაროში გამოგზაურებენ და ხანაც ფანტასტიკაში გადაგიყვანენ.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“მე გაჩუქებ მზეს”, ჯენდი ნელსონი – თავიდან ჯუდი და მისი ტყუპი ძმა ნოა არიან განუყრელნი. ნოა გამუდმებით ხატავს და მეზობლად მცხოვრებ ქარიზმატულ ბიჭს უმეგობრდება, მამაცი ჯუდი კი ხასხასა წითელ ტუჩსაცხს ისვამს, კლდიდან წყალში ხტება და ორივეს მაგივრად ლაპარაკობს. წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. რაღაც მოხდა, რის გამოც ტყუპმა განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად დამანგრეველი ცვლილებები განიცადა… მაგრამ მერე ჯუდი საინტერესო, მომხიბლავ ბიჭსა და იდუმალებით მოცულ ახალ მასწავლებელს ხვდება. ადრეულ წლებზე ნოა მოგვითხრობს, შემდეგ წლებზე ჯუდი გვიყვება, მაგრამ მათ, ორივეს, ამბის ნახევარი ეკუთვნით, და თუ ერთმანეთისკენ დასაბრუნებელ გზას იპოვიან, სამყაროს შეცვლის შანსი მიეცემათ.
“ეს უცნაური ამბავი”, ნედ ვიზინი – 16 წლის კრეგი ბრუკლინში ცხოვრობს და სკოლასა და ცხოვრებაში თავის დამკვიდრების ლამის პარანოიდულმა სურვილმა იმდენად დაამძიმა, რომ თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიატრიულ საავადმოყოფომდე მიჰყავს. ჰგონია, რომ ამით ცხოვრება დასრულდა, მაგრამ, პირიქით ხდება. სწორედ აქ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, აგნებს თავის ჭეშმარიტ მოწოდებას და ცხოვრების მეგობარსაც იძენს…
“მშვიდობით, იარაღო!”, ერნესტ ჰემინგუეი – ჰემინგუეის პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა სურდა, მაგრამ თვალის პრობლემის გამო უარი უთხრეს. სწორედ ამის გამო ავტორმა იტალია-ავსტრიის ფრონტზე, წითელ ჯვარში მძღოლად მუშაობა დაიწყო, სადაც 1918 წელს მძიმედ დაიჭრა. სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს ჰემინგუეის ამერიკელი მოწყალების და შეუყვარდა. 10 წლის შემდეგ კი ეს სასიყვარულო ისტორია და ომის გამოცდილება საფუძვლად ედება ჰემინგუეის რომანს „მშვიდობით, იარაღო!“. ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გენიალური მანიფესტია, რომელიც მშვიდობას ეძღვნება.
“რუხ ჩრდილებს შორის”, რუტა სეპეტისი – ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და…სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში.
“ფანგოგო”, რეინბოუ რაუელი – კეთი “საიმონ სნოუს” ერთგული ფანგოგოა! ბავშვობაში “საიმონ სნოუს” ახალი გამოცემებით სულდგმულობდა და სწორედ ამ წიგნებმა გადაატანინა ტკივილი დედისგან მიტოვებულს. კეთი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება! თუმცა, უცხო გარემოში რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აიძულებს, ისევ “საიმონ სნოუს” “შეაფაროს” თავი და ფანფიქციით დაკავდეს. მაგრამ, ერთდოულად ფიქციით, გამოგონილი ამბებითა და რეალობით ცხოვრობა, ხომ შეუძლებელია. მაგრამ, გოგონას ისევ სიყვარული დააჯერებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია….
“ბოლო ზარი”, ლაშა ბუღაძე – თანამედროვე ქართველი მწერლის ლაშა ბუღაძის წიგნები ჩვენი წარსულის და აწმყოს ლიტერატურული დიაგნოზია. ლაშა ბუღაძე წერს ძველ საქართველოზე, “საუკუნის მკვლელობაზე” თუ სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე და წერს ჩვენს თანამედროვე ყოფაზე. “ბოლო ზარი”, “ოქროს ხანა”, “კარიკატურისტი” მახვილი სატირული ენითა და იუმორით დაწერილი საოცრად ცოცხალი პერსონაჟებითა და აქვე, ჩვენს ახლოს მომხდარი ამბებით სავსე წიგნებია, სადაც როგორც სარკეში ისე უნდა ჩაიხედო და რაღა თქმა უნდა, ჩვენი გარემომცველი რეალობაც აქვეა.
“ყველაფერი, ყველაფერი”, ნიკოლა იუნი – მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ოლი – ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ვერასდროს ისვენებს? „ყველაფერი, ყველაფერი” არის ისტორია იმ მღელვარებასა და გულისტკენაზე, რომელიც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს. „ყველაფერი, ყველაფერი” ახალგაზრდა მწერლის, ნიკოლა იუნის სადებიუტო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა The New York Times-ის ბესტსელერების სიის სათავეში.
“სინდერი. მთვარის ქრონიკა”, მერისა მეიერი – მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიარებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაგი მაცხოვრებლები ჩასაფრებულან და თავდასხმისათვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავინ იცის, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული… სინდერი ნიჭიერი მექანიკოსი და კიბორგია! ის მეორე კლასის მოქალაქეა, რომლის წარსული და წარმომავლობაც ბუნდოვანია. დედინაცვალს იგი სძულს და თავისი ღვიძლი ქალიშვილის ავადმყოფობაში ადანაშაულებს. მაგრამ, როგორც კი მის ცხოვრებაში უფლისწული ქეი შემოვა, სინდერი ერთბაშად გალაქტიკათშორისი ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდება, მის გულში კი აკრძალული სიყვარული გაიღვიძებს. მოვალეობასა და თავისუფლებას, ერთგულებასა და ღალატს შორის მომწყვდეულ მარტოხელა გოგონას, სამყაროს გადასარჩენად, საკუთარი წარსულის საიდუმლოებათა ამოხსნა უწევს.