მსოფლიო ლიტერატურას უამრავი წიგნი აქვს, რომელიც დაუვიწყარ, უპირობო სიყვარულზე მოგვითხრობს და მკითხველისთვის ხშირად შთაგონების წყარო ხდება. ძალიან რთულია მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებული წიგნის გამორჩევა.
შესაძლოა, ის, რაც ერთს მოსწონს, მეორისთვის მიუღებელი იყოს. ყოველივე მკითხველის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა მიუხედავად ამისა, აქ წარმოდგენილია სიყვარულზე დაწერილი ათი წიგნი, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ უნდა წაიკითხოს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
„სიყვარულის შესახებ“ – სტენდალი – ავტორი შეყვარებისა და შეყვარებულობის პროცესს აღწერს. სტენდალი იუმორის, ფილოსოფიისა და სოციალური დაკვირვების ნაზავით ცდილობს მკითხველისთვის სიყვარულის არსი უფრო ხელშესახები გახადოს.
„კაცები არიან მარსიდან, ქალები – ვენერადან“ – ჯონ გრეი – ავტორი ცდილობს, აჩვენოს მკითხველს ქალებსა და კაცებს შორის არსებული სხვაობა. წიგნში აღწერილია, თუ რა არის საჭირო ბედნიერი ურთიერთობის ასაგებად, რისი გაცნობიერება გვჭირდება მყარი სასიყვარულო კავშირისთვის.
„სიყვარულის ხელოვნება“ – ერიხ ფრომი – „სიყვარული არის გადაწყვეტილება, ეს განსჯაა, ეს დაპირებაა. სიყვარული რომ მხოლოდ გრძნობა იყოს, არ იქნებოდა საფუძველი ერთმანეთისთვის სამუდამო სიყვარულის პირობის მიცემის“, – წერს ავტორი. წიგნი გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია თანამედროვე სამყაროში რომ გიყვარდეს და უყვარდე, თუმცა ამასთანავე იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ნამდვილ სიყვარულს ადამიანი სრულად შეცვალოს.
„ქალბატონის პორტრეტი“, – ჰენრი ჯეიმსი – „ქალბატონის პორტრეტი“ ჰენრი ჯეიმსის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, იზაბელ არჩერის ისტორიას მოგვითხრობს. იზაბელი ქმრისგან სასტიკი ჩაგვრის მსხვერპლია. წიგნი გვიჩვენებს, თუ რა ხდება მაშინ, როცა საშინელი ადამიანი გვიყვარდება. ნაწარმოები ეხება ადამიანის პირად თავისუფლებას, ღალატს და სხვა ისეთ თემებს, რომელიც ხშირად ახლავს თან სასიყვარულო ურთიერთობას.
„რომაული ელეგიები“ – გოეთე – ეს არის ციკლი ნაწარმოებების, რომელიც სულ 24 პოეტურ ნამუშევარს მოიცავს. თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ინტელექტუალური ეროტიკა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
„დიდი მოლნი“ – ალან ფურნიე – „ვფიქრობ, ახალგაზრდობა დასრულდა და ჩვენ დავმარცხდით ბედნიერების ძებნაში“, – წერს ავტორი ნაწარმოებში. „დიდი მოლნი“ ფრანგული ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული და მის საფუძველზე ორი კინოსურათია გადაღებული. წიგნი იდუმალი სიყვარულის დაუვიწყარ ისტორიაზე მოგვითხრობს.
უილიამ შექსპირის „სონეტები“ – შეუძლებელი სასიყვარულო ნაწარმოებების სია უილიამ შექსპირის შემოქმედების გარეშე. სიყვარულის ნამდვილი არსის შესაცნობად მისი სონეტების წაკითხვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
„ანა კარენინა“ – ლევ ტოლსტოი – „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია“, – წერს ლევ ტოლსტოი „ანა კარენინაში“. ამ წიგნში სიყვარულის განვითარების ყველა ეტაპია აღწერილი. ავტორი სიყვარულის ინტელექტუალურ და ღრმა ახსნას გვთავაზობს.
„ქარწაღებულნი“ – მარგარეტ მიტჩელი – ეპიკური რომანი, რომლისთვისაც ავტორმა 1937 წელს პულიცერის პრემია მიიღო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი, რაც კი დაწერილა. აქ მოთხრობილია სიყვარულისთვის ბრძოლა სამოქალაქო ომისა და რეკონსტრუქციის ხანაში.
„სიამაყე და ცრურწმენა“ – ჯეინ ოსტინი – ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რომანია სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიაზე. წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, რომელშიც ელიზაბეტ ბენეტის როლს შეუდარებელი კირა ნაითლი ასრულებს.
თქვენ რომელ წიგნებს დაამატებდით ამ ათეულს?
წყარო: regarder.ge