საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე – გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას.
პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა, საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების მინიმიზაციისთვის ამ ეტაპზე განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებებიც განიხილეს.
წყარო: rustavi2.ge