კორონავირუსის პანდემიამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი, გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა და შეცვალა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების გეგმები. სტუდენტები, რომლებმაც შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოში დაბრუნება და სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტეს, თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
მარიამ ნატროშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელიც გაცვლითი პროგრამით, პოლონეთში, ლუბლინის იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მარიამი, შექმნილი სიტუაციის გამო, საქართველოში დაბრუნდა და ონლაინ ლექციებს კარანტინის რეჟიმში ესწრება.
“ბაკალავრის საფეხური სხვა უნივერსიტეტში დავამთავრე, სტუდენტობისას ყოველთვის ვმონაწილეობდი Erasmus+-ისა თუ სხვა გაცვლით პროგრამების შესარჩევ კონკურსებში, თუმცა გამარჯვებამდე ხან შორს ვიყავი, ხან ერთი ნაბიჯი მაკლდებოდა. არ დავნებებულვარ და როგორც კი საბაუნის სტუდენტი გავხდი, პირველივე სემესტრში მომეცა ახალი შანსი, მეც კვლავ ვცადე. ვაღიარებ, აქაც სირთულეებს წავაწყდი, მაგრამ, მიუხედავად პირველი წარუმატებელი მცდელობისა, სულ მალე კიდევ ერთი შანსი მომცეს. აღფრთოვანებული ჩემს თავს ვუმეორებდი: გამოვიდა! ეს პროგრამა ფინანსურადაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან ვთავისუფლდებოდი სწავლის გადასახადისაგან, როგორც მასპინძელ უნივერსიტეტში, ასევე საბაუნიში. გარდა ამისა, ლუბლინის უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა გაცვლითი პროგრამის სტუდენტს უფასო საერთო საცხოვრებლით, რაც უჩვეულოა გაცვლითი პროგრამებისათვის. პანდემიის დროს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისგან შორს და სრულიად მარტოს, მომიწია გავმკლავებოდი ამ გამოწვევას. მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც არ ვნანობ, რომ ამ სიტუაციაში იქ აღმოვჩნდი. მგონია, რომ ამ გარემოებამ ბევრად შემცვალა, თითქოს აღარ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავ. არსებული მდგომარეობის ფონზე, დავბრუნდი საქართველოში და აქედან განვაგრძობ ონლაინ ლექციებით ცოდნის მიღებას”
მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ია კიწბაბაშვილი, რომელიც Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
„სწავლა უჩვეულო გარემოში მომიწია, თუმცა პანდემიის პირობებში ლექციებს ბევრი დადებითი შედეგი აღმოაჩნდა. პირველ რიგში, უფრო დავუახლოვდი ტექნოლოგიებს, გამომიჩნდა თავისუფალი დრო, რომელიც ლექტორების დახმარებით სწორად გამოვიყენე, გავეცანი ისეთ კვლევებსა და ნაშრომებს, რომელსაც ალბათ სხვა დროს უბრალოდ ვერ გავეცნობოდი. გადავაფასე ღირებულებები და შეხედულებები. ჩვენ ლექტორებთან ერთად გავერთიანდით ერთი მიზნისთვის ეს იყო ,,სწავლა მიუხედავად ყველაფრისა’’ თითქოს ერთმანეთის გაჭირვების გამზიარებლები გავხდით და იმაზე მეტად დავმეგობრდით ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში შეიძლება მომხდარიყო. კიდევ ერთი რამ, რაც ვერ შეაჩერა ვირუსმა ეს სოციალიზაციის სურვილი აღმოჩნდა. ახალი მეგობრები ეკრანს მიღმაც ძალიან პოზიტიურები აღმოჩნდნენ. ონლაინ სასწავლო პროგრამამ ერთმანეთის ოჯახები, კულტურა, ფანჯრისა თუ აივნის ხედები გაგვაცნო, ეს საოცარი ერთსულოვნება, ალბათ, დიდხანს გამყვება. ვთვლი, რომ მე ჩემს მეგობრებთნ ერთად მივაღწიე იმ მიზანს, რისთვისაც ესპანეთში ჩავედი. ჩვენი ლექციები ბევრად უფრო ხალისიანი, მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩენა, რომელშიც ემოციითა და მოულოდნელობით აღსავსე რეალური, ადამიანური ცხოვრება იგრძნობა. ახლა მე უკვე საქართველოში ვარ და ვმეცადინეობ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.“
განსხვავებული არჩევანი გააკეთა ამავე უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, მარი დოღონაძემ, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში, ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში და გაზაფხულის სემესტრს საფრანგეთშივე დაასრულებს.
„საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, სტუდენტობის პირველი დღეებიდან მინდოდა, რაც მალე ამისრულდა და ვენაში, საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ კი, გაცვლით პროგრამაზე საბუთების მიღების გამოცხადებისთანავე, დაუფიქრებლად დავიწყე კონკურსისთვის მომზადება და იანვარში უკვე ლიონში ვიყავი. ვფიქრობ, უნივერსიტეტმა მოლოდინზე მეტად გამიმართლა, რადგან მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მათი დახმარებით, მოვიძიე საცხოვრებელი შეღავათიან ფასში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტისათვის. კარანტინის გამოცხადებისთანავე, უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციურ სწავლაზე, თუმცა სწავლების პროცესი დისტანციურადაც დიდი ჩართულობით გამოირჩეოდა. სწავლის პარალურად მათივე მხარდაჭერით ავირჩიე ფრანგული ენის კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ სწავლის პროცესში. ასეთი შესაძლებლობების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მივიღე, რომ მიმდინარე სემესტრი საფრანგეთშივე დავასრულო, უნივერსიტეტი კი ამაში ძალიან მეხმარება.“
კორონა პანდემიამ ოდნავ შეცვალა იმ სტუდენტების გეგმები, რომლებიც მომდევნო სემესტრში აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში.
ზურა მურვანიძე, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის განკუთვნილი FUCE სასწავლო გრანტით გეგმავს, მომავალ აკადემიურ წელს, ერთი სემესტრით, ვარშავის კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტში, სწავლის გაგრძელებას.
„2020 წლის საგაზაფხულო სემესტრიდან ჩავერთე FUCE-ის გაცვლით პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ამავე წლის საშემოდგომო სემესტრისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, მასპინძელი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, ჩვენი მობილობა, საგაზაფხულო სემესტრამდე გადავადდა. მოლოდინები, რომლებიც ამ პროგრმასთან დაკავშირებით მქონდა საკონკურსო სტარტიდან დღემდე, უცვლელია. გაცვლით პრორამაში მონაწილეობა ჩემი სპეციალობის განხრით ჩემი სტუდენტური ცხოვრების თანამეგზური სურვილი გახლავთ და მჯერა FUCE-ის სტიპენდიით სწავლის გაგრძელება ხელს შეუწყობს ჩემს ინტერკულტურულ გარემოში მარტივ ადაპტირებასა და ცნობიერების ზრდას, ასევე კარიერული ასპარეზის ფორმულირებას. ვფიქრობ, სწავლის ვადების გადაწევამ, უფრო მეტი დრო და შანსი მომცა, უკეთ მოვემზადო ცხოვრებისეული, პროფესიული, და გლობალური წინაღობების დასაძლევად“.
ყოველ მე-13 სტუდენტზე, ერთი გაცვლითი პროგრამა კრედიტების სრული აღიარებით, 30-ზე მეტი ქვეყნის 50-ზე მეტ უნივერსიტეტში, საბაუნის გამოარჩევს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტებს, რომელთაც სურთ უცხოეთში სწავლა, საბაუნი შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო გრძელვადიან და მოკლევადიან პროექტებსა თუ გაცვლით პროგრამებში და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება გამოსცადონ საზღვარგარეთ.
(R)