,,მოტივაციის გარეშე ვერ დავიწყებთ, ნებისყოფის გარეშე კი ვერ დავამთავრებთ“ – ქართველი სტუდენტი Covid-19-სა და გერმანულ განათლებაზე

ინტერვიუ

შალვა სვანიძე უკვე მეორე წელია, რაც გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში სწავლობს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მასაც, სხვა სტუდენტების მსგავსად, სწავლების ახალ რეჟიმზე მორგება უწევს. როგორ მოახერხა მომავალმა იურისტმა, გერმანიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, რა გზას გადის ახლა და როგორია მისი რჩევები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროპული განათლების მიღებას გეგმავენ? შალვა სვანიძემ STUDINFO.GE-ს კითხვებს უპასუხა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– როდის და როგორ მოხვდი გერმანიაში? რა გზა გაიარე? ამ გზის სირთულეებსა და დადებით მხარეზე რომ გვესაუბრო.. 

– 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში ჩამოვედი გაცვლითი სტუდენტის სტატუსით გერმანიაში. მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. გერმანიაში სწავლა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მინდოდა, ამიტომ საქართველოში უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, საზაფხულო არდადეგებზე სამუშაოდ მივდიოდი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში დანაზოგს ვაგროვებდი, რომ მერე აქ ჩემი სწავლა და ცხოვრების პირველი ეტაპი დამეფინანსებინა.

როგორც წესი, ერასმუსის პროექტით ჩამოდიან ბავშვები, რომელთაც სტიპენდია აქვთ, მე თავიდანვე სხვა გზის გავლა მომიწია. საერთაშორისო ბიურომ არც იცოდა, რომ სტიპენდიის გარეშე გაცვლით სტუდენტად შეიძლებოდა წასვლა და ისე მოხდა რომ მე მიწევდა მათთვის ბევრი რამის ახსნა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სპეციალურად აჭიანურებდნენ შესაბამისი საბუთების გაგზავნას, საბოლოოდ ვადასაც გადამიცილეს ერთ-ერთ დოკუმენტზე ბეჭდის დარტყმა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ იენის უნივერსიტეტს თითქმის ყოველდღე ვწერდი, გამონაკლისის სახით მაინც მიიღეს ჩემი საბუთები და მომივიდა თანხმობა ჩარიცხვის შესახებ. პირველი სირთულე, ალბათ, ეს იყო.

შემდეგ შევიტანე ვიზაზე საბუთები ეს მეტნაკლებად უფრო ბიუროკრატიული პროცესი იყო და 6-თვიანი ვიზის მიღების შემდეგ ჩამოვედი გერმანიაში.

– როგორი იყო ადაპტაციის პროცესი?

– რომ ჩამოვედი გერმანული ენა უკვე კარგად ვიცოდი თუმცა კი მახსოვს პირველ ლექციაზე რამდენიმე სიტყვის გარდა ვერ გავიგე ვერაფერი. სასოწარკვეთილების ის განცდა ახლაც მახსოვს… შემდეგ ის სემესტრი ძირითადად ენის საფუძვლიან შესწავლას დავუთმე, იურიდიული ენა სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს ენის ბარიერების მხრივ თვით გერმანელ სტუდენტებსაც კი. თუმცა ბოლოს ეს დაბრკოლებაც გადაილახა.

სხვა მხრივ ადაპტაცია არ გამჭირვებია, ამაში, ალბათ, სპორტი დამეხმარა. ჩავედი თუ არა ფაკულტეტის ფეხბურთის გუნდში ჩავეწერე და მეგობრებიც მალევე ვიპოვე. აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს და უნივერსიტეტიც ყველანაირად ხელს გვიწყობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად მომიწია მარტო ცხოვრება. რაც თავისთავად ყოველდღიურ საფიქრალს გმატებს. თუმცა, ეს ყველაფერი მეტი თავისუფლებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის შეგრძნებასაც გაძლევს.

– პარალელები რომ გავავლოთ ევროპულ და ქართულ განათლების სისტემასა და მიდგომებს შორის, როგორ შეადარებდი?

– რაც შეეხება განათლების სისტემას, განსხვავება ევროპულსა და ჩვენს სისტემებში იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქ ყველაფერი სკოლის ასაკიდან იწყება. ეროვნული გამოცდების მსგავსი მიდგომა აქ არ არის… უნივერსიტეტში სწავლამდე მოზარდები სწავლას სკოლის სამსაფეხურიან სისტემას გადიან და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ, გადაწყდება გაქვს თუ არა უნივერსიტეტში სწავლის უფლება.

ასევე განსხვავებულია ისიც, რომ გერმანიაში არ არის შუალედური გამოცდები და არც სემინარები სწავლის პროცესი, ძირითადად ლექციით შემოიფარგლებიან და ყველაფერს სემესტრის ბოლოს დაწერილი გამოცდა წყვეტს. ამ მხრივ მე უპირატესობას ქართულ უნივერსიტეტებს მივანიჭებდი, ჩვენთან უფრო მჭიდრო კავშირია თვითონ სტუდენტსა და ლექტორს შორის, რაც გაურკვეველ საკითხებზე კიდევ ერთხელ საუბრის შესაძლებლობას გაძლევს. სტუდენტებსაც უფრო თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ.

ევროპაში სწავლა ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა საკუთარ თავზე დისციპლინირებული მუშაობა და დროის სწორი მენეჯმენტი. საბოლოოდ რომ ვთქვათ, გადამწყვეტი მაინც სტუდენტის შინაგანი დამოკიდებულება და საქმისადმი მიდგომაა.

გერმანიაში სწავლა უფასოა, უნივერსიტეტი გთავაზობს საცხოვრებელ პირობებს. კვების ობიექტებს ე.წ. მენზებს, სადაც საკვები ბევრად იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ და ფინანსურადაც სახელმწიფო იღებს გერმანელ და ევროპელ სტუდენტებზე პასუხისმგებლობას, ვგულისხმობ, იმ ყოველთვიურ შემოსავალს 800 ევროს ოდენობით, რომელიც სტუდენტს ეძლევა. ამ თანხის მიზერული ნაწილი სწავლის შემდეგ უკან დასაბრუნებელია, მაგრამ სტუდენტებს სწავლის პერიოდში ეხსნებათ ფინანსური საზრუნავები.

– როგორ მოახერხეს გერმანიაში ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებზე მორგება? 

– გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ბუნებრივია, საჭირო გახდა, რომ გადაეტანათ მაისამდე. დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ფორმატის შესახებ ყველა სტუდენტს მეილზე გამოგვეგზავნა. სტუდენტების დიდი ნაწილი აქ მომსახურების სფეროშია დასაქმებული, რადგან მათ ამ ეტაპზე სამსახურები დაკარგეს, უნივერსიტეტებმა, მათ შორის ჩემმა უნივერსიტეტმაც მათ ფინანსური დახმარება გაუწია, რაც ცალსახად ძალიან დიდი შეღავათია.

განსხვავება კიდევ ერთი ის არის, რომ საქართველოში აკადემიური წლის აღება გაცილებით მარტივია, აქ ამისთვის დასაბუთებული მიზეზი გჭირდება. ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ სტუდენტმა აკადემიური სემესტრი/წელი აიღოს. თუმცა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების გამო, მსგავსი მიდგომა მოიხსნა და აკადემიურის აღება გამარტივდა, მოგვცეს არჩევანი, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სტუდენტები უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს.

სწავლის ხარისხზე ეს პროცესი არამგონია აისახოს, რადგან სალექციო დასწრება, როგორც წესი, მაღალი აქტივობით არ გამოირჩეოდა. დანერგილი იყო აქამდეც, რომ სალექციო მასალაზე წვდომა სხვადასხვა ვებ-გვერდის დახმარებით ჰქონოდათ სტუდენტებს. ჯერჯერობით უცნობია, გამოცდების სპეციფიკა. თუმცა წინასწარ გვაცნობეს, რომ სასწავლო მასალის მოცულობა შედარებით შემცირებული იქნება.

– გაგვიზიარე შენი რჩევები და სურვილები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ საზღვარგარეთ გეგმავენ სწავლის გაგრძელებას…

– მთავარია საკუთარი თავის რწმენა და ნდობა ჩვენი შესაძლებლობებისადმი. აუცილებელია ასევე დისციპლინური მიდგომა საკუთარი თავისადმი. მოტივაცია ყოველ დღე ვერ გვექნება, მთავარი ნებისყოფაა. მოტივაციის გარეშე ვერ დავიწყებთ, მაგრამ ნებისყოფის გარეშე ვერ დავამთავრებთ. ბევრ რამეზე შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ევროპულ განათლებას და პიროვნულად განვითარდებიან, კარგი იქნება თუ ნაწილობრივ მაინც მოახმარენ თავიანთ ენერგიას საკუთარი ქვეყნის წინსვლას. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება იყოს შესაძლებელი. წარმატებები მათ!

ავტორი: გვანცა დევიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები