7 არაბანალური გზა, რითიც შეგიძლია კარანტინში თავი გაირთო

საინტერესო ფაქტები

კარანტინი გახანგრძლივდა და ალბათ ყველა დავფიქრდით: რა შეიძლება აკეთო ადამიანმა კიდევ ერთი თვე სახლში (ზოგიერთმა საერთოდაც – მარტო). წაუკითხავ წიგნებთან მეთვრამეტედ მიბრუნება და ყველა საყვარელი სერიალის ახლიდან ნახვაც განა რამდენჯერ შეიძლება. ჰოდა, გამოვნახეთ არაბანალური გზები, რითიც შეგიძლიათ შემდეგი კვირების მანძილზე დრო მხიარულად გაიყვანოთ:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

1. ჩათში მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტოების დათვალიერება

თუ ჩაუყვებით საუკეთესო მეგობრებისთვის გაგზავნილი ფოტოების არქივს, საკუთარი მობილურიდან უკვე წაშლილ მარგალიტებსაც აღმოაჩენთ. ასე აუცილებლად გაერთობით და დროც თვალსა და ხელს შუა გავა. თან შეგიძლია ნაპოვნი მარგალიტები იმავე მეგობარს გაახსენო და ახალი სასაუბრო თემაც გექნებათ.

2. Color Oracle და ენიაგრამის ტესტი

ე.წ. პიროვნების ტესტებზე ყველას გვსმენია, თუმცა, არავინ იცის რამდენად სწორი დასკვნები გამოაქვთ ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებზე. სამაგიეროდ, მათი შევსება ყველას გვართობს და პასუხებში საკუთარი თავის ამოცნობასაც თავისი ხიბლი აქვს. ყველაზე ცნობილი ასეთი ტესტია “16 პიროვნების ტესტი”, რომელიც ალბათ უკვე მობეზრებული გაქვთ და აღარ შემოგთავაზებთ. თუმცა თუ ასეთი ტესტები გიზიდავს, ან მეტიც – თუ ერთ–ერთი მათგანი ხარ, ვისაც Instagram Bio–ში “ENFP” უწერია და ინგლისურენოვანი კითხვარის შევსებაც სირთულეს არ წარმოადგენს, შემდეგი ნაკლებ–პოპულარული ტესტებიც აუცილებლად მოგეწონება:

Color Oracle – ფერების ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევს 25–დან 12 ფერი დაალაგო იმის მიხედვით, თუ რომელი მოგწონს და რომელი – არა. ტესტის ბოლოს კი გაიგებ რა არის შენი ძირითადი ქცევითი თავისებურებები, ცხოვრების ფოკუსი, რას აღიქვამ გამოწვევად, როგორ შეგიძლია ამ გამოწვევების დაძლევა და სხვა.

ენიაგრამის ტესტი კი პიროვნების 9 ტიპს გამოყოფს. ტესტში შესვლისას გეძლევა საშუალება აირჩიო 2 მეთოდიდან ერთ–ერთი: პირველი 126 პიროვნულ კითხვას შეიცავს, მეორე კი 52 თვისებას გაძლევს შესაფასებლად. საბოლოოდ კი ორივეს ის დასკვნა გამოაქვს პიროვნების Type 1 ხარ, Type 2 თუ სხვა.

3. დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნების გახაზული მონაკვეთების გადათვალიერება

თუ იმ ადამიანებს შორის ხარ, რომლებიც ნებისმიერი ნაწარმოების კითხვისას საყვარელ პასაჟებს ფანქრით ან ჰაილაითერით ინიშნავენ ხოლმე – დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნების გადათვალიერება აუცილებლად დაგაბრუნებს “ძველ მესთან” და ძალიანაც გაერთობი. შესაძლოა ზოგიერთმა იმ დროისთვის შენმა საყვარელმა ფრაზამ ახლა დაგაბნიოს კიდეც და ვერც კი მიხვდე, რა მოგეწონა, მაინცდამაინც ეს მონაკვეთი რამ ჩაგანიშნინა და რა გინდოდა საერთოდ.

4. პრეკარანტინული მოგონებებისგან ვიდეო–კოლაჟების აწყობა

თუ ბოლო დღეების განმავლობაში ნოსტალგიები შენც მოგეძალა და გახსენდება, როგორ ერთობოდი ხოლმე მეგობრებთნ ერთად, დადიოდი საცეკვაოდ, ლანჩზე, ბარებში… თან არ იცი ეს რაში/როგორ გამოხატო და ცალკეული ვიდეოების თვალიერებაც მოგბეზრდა, შეგიძლია ამ ყველაფრის ამსახველი კადრებისგან მარტივი ვიდეო–კოლაჟები თავად ააწყო მობილურ ტელეფონშივე ისეთი მარტივი აპლიკაციების დახმარებით, როგორებიცაა: VivavideoTikTokFunimate და ამ მოგონებების ცალ–ცალკე თვალიერების მაგივრად ყველას ერთად მოუყარო თავი. ბოლოს შეგიძლია ვიდეო–კოლაჟები მეგობრებსაც გაუგზავნო, გული აუჩუყო და სანამ უამრავი თვისუფალი დრო გაქვთ, ზედმიწევნით დაგეგმოთ, როგორ გაერთობით, როდესაც თავშეყრის ადგილები ისევ გაიხსნება.

5. Make me a cocktail

თუ საღამოობით შენც “რაიმე კოქტეილის” ხასიათზე ხარ ხოლმე, მაშინ ეს მიგნება შენთვისაა. Make me a cocktail ვებსაიტია, რომელიც კოქტეილის მომზადებში დაგეხმარება იმ პროდუქტებისგან, რომლებიც სახლში უკვე გაქვს. პირველ რიგში, ირჩევ იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც სახლში მოგეპოვება, შემდეგ ხილს, წვენებს, გაზიან სასმელებს და ყველაფერს რაც შეიძლება კოქტეილის მომზადებისას გამოგადგეს. ბოლოს კი პროგრამა შენი შერჩეული პროდუქტების ბაზაზე მომზადებადი კოქტეილების სიას გიგდებს. შესაძლოა სულ სულ მცირე ოდენობის პროდუქტებისგანაც კი უამრავი სახის კოქტეილი შექმნა.

6. შეცვალე შენი გარდერობი

შესაძლოა შოპინგში დროებით შეზღუდულები ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გარდერობის გადახალისება არ შეგვიძლია. პირიქით, ძალიან კარგი გასართობიცაა და დროც შეუმჩნევლად გადის. შეგიძლია ახლავე გადმოიღო კარადიდან ყველა მოსაწყენი ან მობეზრებული ზედა და შარვალი, და მარტივად გადაახალისო: ზედები შეგიძლია უბრალოდ მაკრატლით გადაჭრა და croptop-ებად აქციო, ძველი ჯინსები – შორტებად, თეთრი მაისურები კი – მოხატო. მსგავსი რე–დიზაინის ყველაზე მარტივი ვარიანტების მოსაძებნად გირჩევდით, რომ how to fringe my shirt ან how to turn your leggings into a shirt დაგეგუგლათ.

7. და ბოლოს: სცადე რაიმე “თავშესაქცევი”

თუ ინსტაგრამ სთორიების მოყვარული ხარ, ჩვენი თავშესაქცევი ჰაილაითების სერია აააუცილებლად მოგეწონება. შეგიძლია “თვითიზოლაციის მეგობრობის დღიური” შეავსო და მეგობრებსაც გაუზიარო, ან Question Poll-ებისთვის მზა კითხვების ნაკრებები “მოგვპარო”, ან “ქაფქეიქი” აირჩიო და გაიგო რა ახალი ჰობი უნდა სცადო ახლო მომავალში, ან სულაც საოცნებო მობილურის ჩასადები ააწყო გიფებისგან.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები