ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია საქართველოს ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო. მათი ნაწილი უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ნაწილი კი სამზადისის პროცესშია.
studinfo.ge სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების აზრით დაინტერესდა – როგორი მოლოდინი აქვთ მათ, ვისაც სწავლა ჯერ არ დაუწყიათ და როგორ აფასებენ დისტანციურ სწავლებას ის სტუდენტები, რომლებსაც გაზაფხულის სემესტრში სწავლების ახალ რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
გიორგი რიჟვაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ჩვენი უნივერსიტეტი ეტაპობრივად გადავა დისტანციურ სწავლებაზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის ერთ-ერთი ფორმატი დიდი ალბათობით იქნება ონლაინ სწავლება. ჯერ იმიტომ, რომ არ დაწყებულა ეს პროცესი ამიტომ ვერ შევაფასებ ეფექტურია ეს თუ არა ამას. რამდენიმე ლექტორმა ინდივიდუალურად უკვე სცადა ონლაინ ლექციები, თუმცა ჯერ მე არ მქონია.
ზოგადად მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა ცოდნის ეფექტურად მიღების სწორედ ონლაინ სწავლებაა არა მარტო კრიზისული ვითარებების დროს, არამედ ზოგადად, რადგან არის მოსახერხებელი და ტერიტორიული შეზღუდვებისგან თავისუფალი როგორც სტუდენტისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. უარყოფითი ისაა, რომ სახეზეა ნაკლებია სოციალიზაცია და პირისპირი კომუნიკაცია, თუმცა დაუშვათ რეგიონში ან სოფელში მცხოვრები ადამინისთვის პირიქით უფრო სოციალიზაციის ხელშემწყობი იყოს.
თამარ მუკნიაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ონლაინ სწავლებას დადებითი მხარე ის აქვს, რომ შექმნილ ვითარებაში დაცულები ვართ საკუთარ სახლებში და გასვლა არ გვიწევს. უარყოფითი მხარე ჩემს შემთხვევაში ვერ დავინახე, რადგან სულ 4 სტუდენტი ვართ ჩემს მიმართულებაზე.
მგონია, რომ დიდი ჯგუფის შემთხვევაში აუცილებლად იქნება ქაოსი და ტექნიკური ხარვეზები. გაძნელდება დიდი ალბათობით ლექტორსა და სტუდენტებს შორის ინტერაქცია. ერთს რომ გაუჭედოს ინტერნეტმა, არაუშავს, დაელოდება სამი ადამიანი და როცა ჯგუფში 30 სტუდენტია, მეტი პრობლემა იქმნება. ლექტორი რამდენად მოხერხებულია და ადაპტირებულია ახალ ტექნოლოგიებთან ბევრი მაგაზეც არის დამოკიდებული.
გარიკ თეიმურაზიანი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU
ონლან სწავლების პროცესი ჩვენთან ტექნიკურად გამართულია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ონლაინ სწავლება ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი სისუსტეები, როგორიცაა, მაგალითად, დებატები. აუდიტორიაში მსჯელობა და კამათი რაიმე საკითხზე გაცილებით მარტივია, ხოლო ონლაინ ლექციაზე საშინელ ქაოსს იწვევს. ხმა ხმას ედება და ვერაფერს ვერ არკვევ.
ლექციის მიმდინარეობისას, სურვილისამებრ, შეგვიძლია ვიდეოკამერის ჩართვა, თუმცა face-to-face როცა ხარ, საერთოდ სხვა ეფექტი აქვს. რაც შეეხება დადებით მხარეებს, ჩემი აზრით, პირველ ადგილი უნდა მივანიჭოთ დროის დაზოგვას. სახლიდან უნივერსიტეტამდე 40 წუთი მჭირდება, ხოლო პიკის საათებში გაცილებით მეტი.
მარიამ კომახიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU
ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა საკმაოდ ეფექტიანი და მოსახერხებელია.
უკვე ჩამიტარდა რამდენიმე ონლაინ ლექცია-სემინარი და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც წვდომა არ აქვს ინტერნეტთან, ან არ ფლობენ შესაბამის ტექნიკას.
როგორც ვიცი, არსებობს უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების აღრიცხვა ხდება ონლაინ რეჟიმში და აღრიცხვის მიხედვით წერენ კონკრეტულ აქტივობის ქულებს, რაც აბსურდული მგონია. ჩვენ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, მსგავსი პრობლემის წინაშე არ ვდგავართ. ჩვენს შემთხვევაში ონლაინ ლექცია-სემინარზე დასწრება ნებაყოფლობითია. უნივერსიტეტი ცდილობს ყველა გარემოება მაქსიმალურად გაითვალისწინოს – ლაივ რეჟიმში ჩატარებული ლექციების ჩანაწერები განთავსებულია BTU Classroom-ზე, თუ მიეცემა სტუდენტს შესაძლებლობა ისარგებლოს ინტერნეტით, ყველაფერს ნახავს სასურველ დროს.
და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ ყველანი ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვივლით სასწავლო დაწესებულებებში, გავაგრძელებთ ურთიერთობას რეალურ სამყაროში და არა ვირტუალურად.
ნინო აბელაშვილი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი/ჯიპა;
ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება გაამართლებს, ვინაიდან ეს არც თუ ინოვაციური მიდგომაა, უკვე აპრობირებულიცაა და დანერგილიც. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, რადგან გაუთვალისწინებელი გარემოებევის გამო, მოუწიათ ამ სისტემის შემოღება, შეიძლება ჰქონდეს რაღაც ნაკლოვანებები.
მაგალითად, ლექცია-სემინარები დაგეგმილი აქვთ პირისპირ ურთიერთობის ტიპის სწავლებისთვის, რაც ონლაინ სწავლებაში ნაკლებად შეიძლება იყოს გადმოსატანი.
სულ სხვაა, როდესაც თავიდანვე მთელ სალექციო კურსს აქტივობებს გაწერ ონლაინ სწავლებისთვის. ვფიქრობ, თუ სამომავლოდაც შემოიტანენ სხვა ონლაინ კურსებს ძალიან კარგი იქნება.
სალომე დევიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ონლაინ სწავლების ეფექტურობა თვითონ სტუდნტებზეა დამოკიდებული, რამდენად გამართულიც არ უნდა იყოს სისტემა, რამდენად კარგად არ უნდა იყოს ლექტორი მომზადებული თუ სტუდენტს მზაობა და მოტივაცია არ აქვს რომ მიიღოს და გამოიყენოს ახალი სისტემა, ეფექტური ვერ იქნება ასეთი ცვლილება.
ვინც ლექციებზე არ დადიოდა ონლაინ არც მოისმენს ასე მგონია. ხოლო მათ ვისაც სწავლა უნდათ მათთვის მართლაც ეფექტური და სახალისოც კია. სიახლეა და სხვა ენთუზიაზმი აქვს. უარყოფითი მხარე მხოლოდ ის აქვს, რომ ვერ იქნება გათვალისწინებული ყველა სტუდენტის ინტერნეტთან წვდომა, იმ პირობებში, რა სიტუაციაცაა შექმნილი ქვეყანაში, უმრავლესობა ქალაქგარეთაა წასული.
ლიკა ცალკაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ჩემთვის, მაგალითად, არ არის მარტივი შეიძლება უმეტესობას მოსწონს, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ლექტორთან ასეთ კომუნიკაციას. პირისპირ შეკითხვების დასმა სულ სხვაა და რაიმეს თუ ვერ ვიგებ, უამრავი კითხვა მიგროვდება. თუმცა უსაფრთხოების მიზნით უნდა დავიცვათ ყველა წესი.
ირაკლი ქაჯაია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
დისტანციური სწავლება არა მარტო საგანგებო სიტუაციაში, არამედ ჩვეულ რიტმშიც ძალიან მოსახერხებელია, რადგან სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობს, მათ ექნებათ საშუალება, რომ თვალი ადევნონ სახლიდან და არ ჩამორჩნენ სწავლის ტემპს.
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ ეტაპზე საქართველოში დისტანციური სწავლებისთვის მზაობა არ არის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უნივერსიტეტს და სკოლას. ლექტორები არ არიან მზად, რომ უზრუნველყონ ბავშვები სრული და ზუსტი ინფორმაციით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თავადაც არიან გაურკვეველ სიტუაციაში.
ანა ფანჩულიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო GTU გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, სისტემა (elearning.gtu.ge) მომწონს, თუმცა ბევრი რამ კიდევ დასახვეწია. ჩვენ გვეგზავნება თეორიული მასალა და შესაბამისი დავალებები შესასრულებლად. ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი ონლაინ სწავლება რჩება. დიდი იმედი მაქვს, ასეთი პროგრამა დამკვიდრდება და დარჩება უნივერსიტეტში სამომავლოდაც, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ უნივერსიტეტში სიარულს.
თამარ ასანიძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ვფიქრობ, საკმაოდ მოსახერხებელია დისტანციური სწავლება. თსსუ-ში ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როგორც ვიცი, პირველი აპრილიდან იგეგმება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება მედიცინის სწავლა ელექტორნულად, რადგან ჩვენი სწავლების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს კლინიკებში. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქვს.
მირიან გოცირიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
ონალინ სწავლება სეუ-ში ჯერ არ დაწყებულა მაგისტრანტებისთვის, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვი რა პროცესია. მაგრამ სხვა მხრივ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტებს რომ გვერდში დაუდგნენ ინფორმაციასაც ყველა მხრიდან გვაწვდიან: როგორც ლექტორები ასევე სხვა პერსონალი. მოგვდის შეტყობინებები და ახლდება სიახლეები უნივერსიტეტის საიტზე. შეღავათისთვის თანხის გადახდაც გადაავადეს.
ავტორი: გვანცა დევიძე