კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით მიიღეს.
პრემიერის გადაწყვეტილებამ სტუდენტებს დამატებით, თავისუფალი დრო გამოუჩინა. დასვენება კი საუკეთესო დროა საინტერესო წიგნებს გასაცნობად. გთავაზობთ 10 პოპულარულ წიგნს, რომლებიც თქვენს გულს ნამდვილად დაიპყრობენ.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“80000 კილომეტრი წყალქვეშ”, ჟიულ ვერნი – სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის “ნაუტილუსის” ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.
“მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)”, თემურ ბაბლუანი – ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
“ოტია იოსელიანის პიესები”, ოტია იოსელიანი – ოტია იოსელიანი უკვე ცნობილი პროზაიკოსი იყო, როცა გენიალურმა სერგო ზაქარიაძემ მასში კარგი დრამატურგიც ამოიცნო. 1962 წელს რუსთაველის თეატრში მისი პირველი დრამა „ადამიანი იბადება ერთხელ“. ასე დაიბადა ახალი დრამატურგი, თავისი უნიკალური და გამორჩეული ხელწერითა და სამყაროთი. ამ კრებულში შესულია მისი ცამეტი პიესა (ადამიანი იბადება ერთხელ, სანამ ურემი გადაბრუნდება, ურემი გადაბრუნდა, ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი, გამოქვაბული, მოჯადოებული მწვერვალი, ბუნტი საბუეში, გასროლა კაჟიანი თოფით, თქმა მართლისა, ყრუ ღმერთები, აიეტი, ლომის განაჩენი, გერი და დედინაცვალი) რომელთა დიდი ნაწილი იდგმებოდა და იდგმება საქართველოსა და მსოფლიოს თეატრების სცენებზე.
“წიგნის ქურდი”, მარკუს ზუზაკი – 1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე.
“ჰიტლერი”, ალბერტ შპეერი – წიგნის ავტორი, ალბერტ შპეერი ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის პირთა რიცხვში შედიოდა. იგი იყო რაიხის დედაქალაქის შენობა-ნაგებობათა გენერალური ინსპექტორი, მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა ნიურნბერგში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“ცოცხლად დამწვარი”, სუადი* – ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგვარი პროტესტია, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს. სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია, რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება.
“11 წუთი”, პაულო კოელიო – სული და სხეული – სიყვარულის ალქიმია… სანამ ამას აღმოაჩენს, შვეიცარიაში ბედის საძიებლად ჩასული ბრაზილიელი მარია უამრავ მამაკაცს ხვდება, მაგრამ ვინც მის სულს ეხება, მის ხორცს ვერ აღაგზნებს, ვინც მის ხორცს ეხება, უძლურია, ჩასწვდეს მის სულს. ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე მარია ყოველგვარ დამცირებას ითმენს, მაგრამ ბოლოს მაინც ჰპოვებს საკუთარ თავსა და ნამდვილ სიყვარულს. “თერთმეტი წუთი” ცნობილი ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელერია.
“ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი,” ნინო ხარატიშვილი – ომის, სიყვარულისა და მარტოობის თემატიკა ისეთ დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეებსა და ისტორიებს სთავაზობს მკითხველს, რომ შეუძლებელია ფიქრმა არ აგიყოლიოს, არ შეგძრას იმ კითხვებმა, რასაც დიდი ოსტატობით, ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების ღრმა ცოდნით გვაწვდის გერმანიაში მოღვაწე ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე. წიგნში გაერთიანებული ოთხი პიესა ერთ ესთეტიკურ სივრცეს ქმნის, ამბიდან ამბამდე გვამოგზაურებს ადამიანური ვნებებით დამუხტულ, იდუმალ სამყაროში და იქიდან გვესაუბრება მარადიულსა და მნიშვნელოვანზე, რადგან „დრამატურგიული ტექსტი“ კი არა (როგორც მიგვაჩვიეს ამ ტერმინს), ნამდვილი ლიტერატურაა, აკადემიურიცაა თავისი ბუნებით და ავანგარდულიც ამავდროულად, ჭეშმარიტადაა განცდილი, გულისგულშია გამოტარებული, აქვს უნარი თანაგანცდაში „შეითრიოს“ მკითხველი, გააჩნია თავისი ფერი, განწყობა, ატმოსფერო, ხელწერა.
“ტაიგა”, ანდრო ტოროტაძე – “ტაიგა” გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ყოველდღიურობის ერთგვარი მატიანეა, ერთი ადამიანის თავგადასავალი, რომელიც მაშინდელი საქართველოსთვის იმდენად ტიპიური და დამახასიათებელია, რომ შეიძლება განზოგადდეს კიდეც. ავტორი-მთხრობელი, რომელიც, ამავე დროს, წიგნის მთავარი გმირია, პირველ პირში გვიყვება თავის შფოთიან და საინტერესო თავგადასავალს და მკითხველიც მის კვალდაკვალ იხსენებს ან ეცნობა იმ მკაცრ და ულმობელ სინამდვილეს, დღეს “ბნელ და ცივ 90-იანებს” რომ ვუწოდებთ. “ტაიგა” იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც ადამიანები უმძიმეს პირობებში იბრძოდნენ თავის გადარჩენისა და ყოველდღიური არსებობისთვის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი და მხოლოდ ბეწვის ხიდზე გავლის, მთელი ძალ-ღონისა და ენერგიის დაძაბვის და მთელი ნიჭისა და უნარის მოხმობის შედეგად აღწევდნენ წარმატებას.
“სატანჯველის სახარება”, სორენ კირკეგორი – “სატანჯველის სახარება” პირველი და ერთადერთი ქართული თარგმანია დიდი დანიელი ფილოსოფოსის ნაშრომისა, რომელიც აერთიანებს მის შეხედულებებს, როგორც თეოლოგისა და მისტიკოსის, და ასევე ეგზისტენციალიზმის წინამორბედისა.