რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? – studinfo.ge ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი აგრარულ უნივერსიტეტში ესტუმრა და გაიგო რომელია სტუდენტებისთვის “საშოპინგოდ” ყველაზე საყვარელი ადგილები.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ ნინი კობახიძე – „ხასიათის მიხედვით ვირჩევ ან კლასიკურ ან სპორტულ სტილს. თუმცა ორივე შემთხვევაში სისადავე მნიშვნელოვანია. ფერებიდან შავი, ნაცრისფერი და ლურჯი მომწონს. მაღაზიებიდან კი ზარასა და ჰ&მ-ს გამოვარჩევდი.“
❥ გიორგი ბარჯაძე – „ძალიან მომწონს ურბანული სტილი. ფერებიდან ხაკისფერი მომწონს. სამოსის შეძენამდე ხშირად გადავხედავ ხოლმე კატალოგს, რაც არჩევანის გაკეთებას მიადვილებს.“
❥ მარიამ დოლბაია – „გამოკვეთილი სტილი და ფავორიტი ბრენდი არ მაქვს, მაგრამ მოდურზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომ ტანსაცმელში თავი თავისუფლად ვიგრძნო. სამოსის არჩევისას ვითვალისწინებ დედისა და მეგობრის რჩევას.“
❥ ნინო დოლიშვილი – „ქართული ბრენდებიდან ძალიან ვგულშემატკივრობ ანუკი არეშიძეს ,,Anouki”, ზოგადად კი ტანსაცმლის ყიდვა, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროსაც ძალიან მიყვარს.“
❥ ბესო კიკნაძე – „ვფიქრობ, კლასიკური სტილის ნებისმიერი ტანსაცმელი მისაღები იქნება ჩემთვის, ასე რომ ბრენდს დიდად მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ხასიათი და განწყობა, რომელიც ასევე მოქმედებს ჩემზე – სტილის შერჩევისას დედის რჩევას ყველაზე ხშირად ვითვალისწინებ.“
❥ მარიკა ვერულიძე – „ჩემთვის მთავარია, რომ რაც მაცვია ის კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. მომწონს ღია და ფერადი ტონალობები.“
❥ ანი ბუაძე – „მიყვარს ყვითელი და წითელი ფერები. ვცდილობ კლასიკური და ვინტაჟური სტილის სამოსიც ამ ფერებში ავარჩიო. რომელიმე ბრენდს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ხშირად ვყიდულობ ტანსაცმელს მეორადებში.“
❥ გიორგი წილოსანი – „ტანსაცმელს ყოველთვის დამოუკიდებლად ვარჩევ, რომელიმე ბრენდს ან მაღაზიას გამორჩეულად ვერ დავასახელებდი, იშვიათად მაგრამ მაინც ვსარგებლობ გამოწერის სერვისით.“
❥ ვასილ ქეშელაშვილი – „ძალიან მომწონს ე.წ. ,,street style”. შოპინგისას დიდი დრო არ მეხარჯება, როგორც წესი, წინასწარ ვნახულობ ხოლმე ტანსაცმელს სოციალურ ქსელებში ან ონლაინ, ამიტომ არჩევანსაც მალე ვაკეთებ.“
❥ ელენე დოლიძე – „მიყვარს ღია ფერები და მგონია, რომ ხასიათზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ ძირითადად ნათელ ფერებს ვირჩევ სეზონისა და ამინდის მიუხედავად.“
❥ ლუკა ესაკია – „ბევრს არასდროს ვფიქრობ იმაზე, რა ჩავიცვა. რაც ხელში მომხვდება და მომწონს იმას ვიცვამ. არჩევანის გაკეთებისას ხშირად მიწევს ფასის გათვალისწინებაც.“
❥ გიორგი ჟორჟოლიანი – „მაღაზიებიდან ძირითადად Pull&Bear და H&M-ს გამოვარჩევდი. მომწონს ქართული ნაწარმიც, ხშირად ვყიდულობ ქართული წარმოების წინდებსა და სხვა აქსესუარებს.“
ავტორი: გვანცა დევიძე