რატომ ვიწყებთ მეცადინეობას გამოცდის წინა დღეს/ღამეს?

აქტუალური

გამოცდების დაწყებამდე სასწავლო მასალის ასათვისებლად, ერთი შეხედვით, დროს კარგად ვანაწილებთ – ვითვლით რამდენი დღეა დარჩენილი ფინალურებამდე, როგორ უნდა გადავანაწილოთ მასალა ამ დარჩენილ დღეებზე, ვინიშნავთ მასალის მნიშვნელოვან ნაწილებს, გავდივართ კონსულტაციას გასული სემესტრის/წლის სტუდენტებთან და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოცდებამდე დარჩენილი დრო თვალის დახამხამებაში გადის და დასკვნით გამოცდებს ერთი დღე/ღამითა და 1000-ობით ფურცლით ვხვდებით. აი, აქ იწყება წინა საგამოცდო პანიკა. რატომ ხდება ასე? რატომ არ არის საკმარისი დრო და რატომ ვიწყებთ მეცადინეობას გამოცდის წინა დღეს/ღამეს?

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

მოლოდინი, რომ მოტივაცია მეცადინეობისკენ გვიბიძგებს

სამეცადინოდ რომ ჯდები, მაშინ მოდის 1000 ფიქრი თუ რამდენი კარგი ფილმი გაქვს სანახავი, რა საყვარელი შარვალი ნახე მაღაზიაში, როგორ გემრიელად გამოიყურება საახალწლოდ მორთული ქუჩები და ა.შ. წამით უბრუნდები მასალას და ხედავ რომ ფიქრებმა ისე გაგიტაცა ჯერ ერთი წინადადებაც არ წაგიკითხავს. აი, აქ ელოდები მოტივაციას – იქნებ ყავამ გიშველოს, ან იქნებ გშია, ან მუსიკამ მოგცეს ბიძგი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიზარმაცის ბრალია და თუ ასე გაგრძელდება (ასეც ხდება ხოლმე) სრულიად უსწავლელი გავალთ გამოცდაზე. ამიტომ, მოტივაციის მოლოდინსა და მუზების ძიებაში დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.

რთული მასალის ათვისების შიში

გაჭიანურება ეს ხასიათის ის დეფექტია, რომელიც თითქმის ყველა სტუდენტს აწუხებს. ადამიანები შემეცნებითი სიძუნწით გამოირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ  ჩვენ ვზოგავთ გონებრივ რესურსებს მანამ სანამ ჩაჭრის რეალური საფრთხე არ გაჩნდება და ტვინი, ამ შემთხვევაში მეცადინეობას, “გადარჩენისთვის აუცილებლად” არ აღიქვამს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სწავლას უკანასკნელ მომენტამდე ვწევთ ორი მიზეზით. ვიცით, რომ სამუშაო რთულია და დიდ გონებრივ ენერგიას საჭიროებს.

ჩაჭრის მოლოდინი

იმ განწყობით სწავლის დაწყება რომ სასწავლი მასალა რთულია და გამოცდაზე ჩაიჭრები, რა თქმა უნდა, არასწორია. ამით უკვე თრგუნავთ ყოველგვარ მოტივაციას და ყოველგვარ პოზიტიურ განწყობას თქვენში, რაც თავის მხრივ სიზარმაცისკენ გიბიძგებთ. რთული მასალა არ ნიშნავს ჩაჭრას ან ცუდ შედეგს, მთავარია მონდომება.

უსაფრთხოების ყალბი განცდა

გგონიათ, რომ ბეჯითი სტუდენტი ხარ? აქტიურად ერთვები სასწავლო პროცესში? ინიშნავ ყველა მნიშვნელოვან დეტალს? თანმიმდევრულად სწავლობ ყველაფერს? – სწავლისადმი ასეთი მიდგომა კარგია და აუცილებლად გამოგადგებათ, მაგრამ ცრუ იმედს ნუ შეიქმნით, რომ ეს გამოცდის ჩაბარებისთვის ოქროს ბილეთია. ხშირად საკუთარ თავში იმდენად თავდაჯერებულები ვართ, რომ ვფიქრობთ “ამის სწავლას რა უნდა”, თუმცა ასე როდია.

ფიქრობთ, რომ უფრო მეტი დრო გაქვთ

ისევ დროის მენეჯმენტთან მივედით. თუ მთელი სემესტრი ზარმაცობთ და არაფერს სწავლობთ, თვალი მაინც გადაავლეთ სასწავლო მასალას, იმის შეფასება და განსაზღვრა რომ შეძლოთ რა დრო დაგჭირდებათ ამ მასალის დასწავლისთვის. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ განსაზღვრულ დროს დაუმატეთ ძილისთვის, კვებისა და შესვენებისთვის განკუთვნილი საათები და ასევე არ გამოგრჩეთ მთავარი “მტერი” – სოციალური ქსელი, რომელსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ. აი, ამის შემდეგ შეძლებთ განსაზღვრას რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოთ მეცადინეობა რომ დრო გეყოთ.

გაკლიათ ძილი

მუდმივი დაძაბულობისა და უძილობის გამო სხეული გადაღლილია. ამის ფონზე კი მუდამ დასვენება და კომფორტი გვსურს. უძილობის თავიდან ასარიდებლად კი კოფეინი ყველაზე კარგი გამოსავალი გვგონია. რეალობა ისაა, რომ დროის მენეჯმენტს კარგად რომ ვახერხებდეთ, ძილის დროსაც გამოვნახავდით, დასვენებულ გონებაზე სწავლის შესაძლებლობასც და ჯამში გამოცდაზეც მობილიზებულები გავიდოდით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები