დამეთანხმებით, ზამთრის ცივ დღეებში ცხელი ყავა/ჩაი, თბილი პლედი და საინტერესო წიგნი ამაღლებულ განწყობას ქმნის. გამოცდების დაწყებამდე კიდევ გაქვთ დრო 1-2 დღე საკუთარ თავს განტვირთვა მოუწყოთ და თავგადასვლების სამყაროში გადაეშვათ. გთავაზობთ საინტერესო წიგნებს, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მანამ სანამ ეკრანიზაციას ნახავთ
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„კრავთა დუმილი“, თომას ჰარისი – რომანი გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებას იძიებს და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი – გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და თან აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.
„უფლისწული და მათხოვარი“, მარკ ტვენი – ყველაზე ცნობილი როლების “გაცვლა” მე -16 საუკუნის ინგლისში მოხდა. მაწანწალა თომასი უფლისწული ედუარდი გახდა, ხოლო ინგლისის მომავალი მეფე ქუჩის საცოდავ მათხოვრად იქცა და თავგადასავალიც დაიწყო. ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის წიგნი “უფლისწული და მათხოვარი” ერთდროულად სასტიკი და რომანტიკული ისტორიაა ორ პატარა ბიჭზე, მეფესა და მაწანწალაზე, რომლებიც ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ და საოცრად გვანან ერთმანეთს. ეს არის წიგნი ბედისწერაზე, წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, სიმამაცესა და ლაჩრობაზე, წიგნი უბრალოდ ადამიანურ ბუნაბაზე, გულზე, რომელიც არც ერთი სამოსის, სტატუსისა და რეგალიის ქვეშ არ იცვლება… კორონაციის დღე დგება და “უფლისწულიც და მათხოვარი” სხვადასხვა ცხოვრებითა და გამოცდილებით კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.
„უკანასკნელი მოჰიკანი“, ჯეიმზ ფენიმორ კუპერი – 1924 წლის 15 ივნისს ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ადგილობრივი ამერიკელები (ინდიელები) ამერიკის მოქალაქეებად გამოცხადდნენ. ამ ფაქტს ამერიკელ ინდიელთა ხანგრძლივი ბრძოლა უძღოდა წინ, რადგან ამერიკის მიწების დასაპატრონებლად კოლონიზატორი ქვეყნები ხან ერთმანეთს, უფრო ხშირად კი აბორიგენ მოსახლეობას ებრძოდნენ. სამწუხაროდ, ამერიკის ინდიელთა ტომებიდან ძალიან ცოტა გადარჩა… ჯეიმს ფენიმორ კუპერის “უკანასკნელი მოჰიკანი” საკულტო წიგნია, რომელიც სწორედ ამ ამბებს ეძღვნება.
„სიკომოროთა მწკრივი“, ჯონ გრიშემი – ტრაგედიის დასაწყისი და დასასრული! იმ ღამემ ძმების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. უმცროსი გადაიკარგა და ძალიან დიდხანს ემალებოდა წარსულს. უფროსმა ძმამ კი, სეთ ჰაბარდმა, მშობლიურ ოლქში ცხოვრება განაგრძო, მაგრამ გამუდმებით ღრღნიდა დანაშაულის გრძნობა… მძიმედ დაავადებულმა, სანამ სიკომოროს ხეზე ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, მრავალმილიონიანი ქონება შინამოსამსახურეს უანდერძა… ახალგაზრდა ადვოკატმა, ჯეიკ ბრაიგენსმა, ნაფიცი მსაჯულები უნდა დაარწმუნოს, რომ სეთ ჰაბარდის ერთობ უცნაურ სურვილს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. ამისთვის კი დიდ საიდუმლოს უნდა აეხადოს ფარდა… ჯონ გრიშემი – თრილერის ჟანრში ყველაზე ცნობილი წიგნების ავტორი. გრიშემის დაახლოებით 300 მილიონი წიგნი იბეჭდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ავტორის ნაწარმოებები 42 ენაზეა თარგმნილი, 12 ნაწარმოები ეკრანიზებულია. გრიშემი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია; 2013 წელს „სიკომოროთა მწკრივისთვის“ მწერალი „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ პრემიით დაჯილდოვდა. 2014 წელს კი რომანი ჰარპერ ლის პრემიის მფლობელი გახდა თრილერის ჟანრში.
„ბნელი ადგილები“, გილიან ფლინი – ეს გილიან ფლინის მეორე რომანია, რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 2015 წელს წიგნის, „ბნელი ადგილების“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს შარლიზ თერონი ასრულებს. ოცდაოთხი წლის წინ… – კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა… ახლა… – მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!
„ოსტატი და მარგარიტა“, მიხაილ ბულგაკოვი – მიხეილ ბულგაკოვის რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელ, ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხაილის მეუღლე, ელენა ინხავდა ხელნაწერ რომანს და მისი წყალობით გამოქვეყნდა ეს შესანიშნავი ნაწარმოები. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია – მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე – რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმული არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
„სახიფათო კავშირები“, შოდერლო დე ლაკლო – ამ რომანში დასმული სოციალური და ფსიქოლოგიური თემები დღემდე აქტუალურია. აქ აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ქალი, ვინც უარს არ ამბობს უზნეო მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ მისი ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება. “ვფიქრობთ, ყველაზე მეტად გარყვნილ მამაკაცებსა თუ ქალებს გაუჩნდებათ სურვილი სახელი გაუტეხონ ამ ნაწარმოებს, რომელშიც მათი ხრიკებია სააშკარაოზე გამოტანილი, მორწმუნენიც აღშფოთდებიან რელიგია თავის სიმაღლეზე ვერ არისო, ხოლო ე.წ. თავისუფლად მოაზროვნეებში ღვთისმოსავი ქალი ვერავითარ თანაგრძნობას ვერ აღძრავს, პირიქით, სწორედ ამ ღვთისმოსაობის გამო მიიჩნევენ მას უბადრუკ დედაკაცად”- ვკითხულობთ ამ რომანის პირველი ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობაში.
„აჩრდილის ამბორი“, რიშელ მიდი – რიშელ მიდის “ვამპირების აკადემია” ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია ვამპირებზე შექმნილ მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის. ორიგინლური სიუჟეტითა და ვამპირთა ცხოვრებისა და თვისებების განსხვავებული კუთხით წარმოჩენით მან უკვე მოიგო მსოფლიოს მილიონობით თინეიჯერის გული. “ვამპირების აკადემია” ექვსი წიგნისგან შემდგარი საგაა. პირველი წიგნი, რომელიც სერიის სახელწოდებას ატარებს, მოგვითხრობს 17 წლის გოგონას, ნახევრად ვამპირის, იგივე დამპირის – როუზ ჰეთეუეის საინტერესო, თავგადასავლებითა და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრების შესახებ.როუზი ვამპირების აკადემიაში სწავლობს. მას პრინცესა ვასილისას მცველად ამზადებენ. ვასილისა და როუზი საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა მათ შორის მეგობრობის გარდა უცნაური სულიერი კავშირი არსებობს – მათ ერთმანეთის ფიქრების ესმით და ემოციების გადაცემა შეუძლიათ. ამ უცნაური ფენომენის უკან მრავალი ბნელით მოცული საიდუმლო იმალება, საიდუმლოებები, რომლებიც სათავეს უძველესი ამბებიდან იღებენ. გოგონებს მრავალი შინაგანი და ფიზიკური ბრძოლის გადატანა უხდებათ, რადგან ვამპირების სამყაროში ხშირად ძალიან რთულია კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარის გავლება.
„კევინზე უნდა დაგელაპარაკო…“, ლაიონელ შრაივერი – ერთ ჩვეულებრივ, მდიდარ და ბედნიერ ოჯახში მზრუნველი მშობლები თითქოს სიყვარულით ზრდიან ორ შვილს. გოგო სიყვარულითვე პასუხობს დედ-მამის გრძნობას, აი, კევინი კი სრულიად განსხვავებულია დისგან, გულგრილია ყველასა და ყველაფრის მიმართ, და საბოლოოდ სასტიკ და დაუნდობელ დამნაშავედ იქცევა… როდის და რატომ გაჩნდა ეს საოცარი სიძულვილი, რა გამოეპარათ მშობლებს, სად უნდა ვეძებოთ ამ გაუგონარი სისასტიკის მიზეზი?.. ეს წიგნი სუნთქვას შეგიკრავთ, აგაფორიაქებთ, დიდი ხნით დაგიკარგავთ მოსვენებას, გაიძულებთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ მშობლები. ავტორი წერს, მინდოდა, ამ წიგნში შემექმნა არა ისეთი პერსონაჟი, რომელიც ყველას მოსწონს, არამედ ისეთი, რომლის შეყვარებაც ძალიან ძნელიაო. წიგნის წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ მან მიზანს მიაღწია. წიგნის ავტორია ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ლაიონელ შრაივერი (მარგარეტ ენ შრაივერი). მისი რომანი „კევინზე უნდა დაგელაპარაკო…“ 2003 წელს გამოიცა და მალევე იქცა გახმაურებულ წიგნად, 2005 წელს კი Orange Prize-ითაც დაჯილდოვდა. 2011 წელს გამოვიდა რომანის კინოადაპტაციაც.
„წყეულთა კუნძული“, დენის ლიჰეინი – 1954 წლის ზაფხულში სასამართლოს აღმასრულებლები ტედი დენიელსი და ჩაკ აულე შეურაცხად დამნაშავეთა საავადმყოფო „ეშკლიფში“ ჩადიან, რათა გაარკვიონ ერთ-ერთი პაციენტის – შვილების მკვლელ რეიჩელ სოლენდოს უცნაური გაუჩინარების ამბავი. საავადმყოფო კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ხალხი „წყეულთა“ კუნძულს ეძახის. ამოვარდნილი გრიგალი რამდენიმე დღით წყვეტს კუნძულს გარე სამყაროსაგან. იქ გამომწყვდეული ტედი ნელ-ნელა ხვდება, რომ „ეშკლიფში“ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს… „წყეულთა კუნძული“ ფსიქოლოგიური თრილერია. სიუჟეტის განვითარების კვალობაზე თანდათან იშლება და ერთმანეთში გადადის სინამდვილის, სიზმრის, სიგიჟის, შიშის საზღვრები და მკითხველი, მთავარ გმირთან ერთად, თითქმის ვეღარ ხვდება, სად სიმართლეა და სად – გამონაგონი… რომანის მიხედვით 2010 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.