რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ბუნდოვანი ხდება მითი თოვლის ბაბუასა და ჯადოსნურ საჩუქრებზე, მაგრამ დროის გასვლის მიუხედავად, მაინც გვჯერა, რომ ახალი წელი სიახლეების ათვლის წერტილია, ამიტომ არ ვწყვეტთ ოცნებას. რა სურვილები აქვთ სტუდენტებს? რისი ახდენის მოლოდინით ხვდებიან ისინი ახალ წელს? – studinfo.ge-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების საახალწლო სურვილები შეაგროვა და მათ თქვენც გთავაზობთ.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ლევან უბილავა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ძალიან მინდა ახალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შევხვდე. როგორც ამბობენ, ამერიკას არასოდეს სძინავს. არის მრავალფეროვანი გარემო და თითქოს სწორედ ეს ქვეყანა იძლევა საკუთარი თავის გამოვლენისა და რეალიზების საშუალებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, რომელიმე ახალ წელს მაინც სწორედ ამერიკაში გავატარებ.
სალომე დევიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩემი სურვილი, მგონი, ძალიან რომანტიკულია – გარეთ უნდა თოვდეს და მე კი ხის სახლში ვიყო, ბუხრით, ყავითა და ნელი მუსიკით. ნაძვის ხესთან მინდა დამხვდეს ლამაზად შეფუთული საჩუქრები. მათ შორის იყოს ძალიან, ძალიან ლამაზი ბლოკნოტი, რომელშიც 2020 წლიდან ჩემი ახალი ისტორიის წერას დავიწყებ.
ნუცა ვარდოსანიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იმედია, ჩემი სურვილი, ცოტა რეალისტურია. ოქტომბრის თვიდან დავიწყე ინგლისურ ენაში მომზადება და მინდა, 2020 წელმა ინგლისური ენის ცოდნის C1 სერტიფიკატი მომიტანოს. დიდი ხანია ვცდილობ და იმედია, წელს აუცილებლად გამომივიდა.
გარიკ თეიმურაზიანი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
როგორც სტუდენტი ვისურვებდი მდგრად ჯანმრთელობას. ვინაიდან, სტუდენტური ცხოვრება დაკავშირებულია დიდ შრომასა და სტრესულ გარემოებასთან. ყველაზე მეტად დროის მანქანას ვისურვებდი, ოღონდ პორტატულს (ჰერმიონას რომ ჰქონდა). ბევრ საინტერესო ტრენინგს/სემინარს “ვმაზავ” და გული მწყდება.
სოფო ყურაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩემი საახალწლო სურვილია სადმე ორდღიანი სიმყუდროვე და ჰარმონია. აი, შინაგანად რომ დაისვენებ ადამიანი და მოსწყდები რეალობას მცირე ხნით. სასურველია ეს ადგილი სადმე ტბასთან ან ტყესთან ახლოს იყოს. იმედია სურვილი სურვილად არ დარჩება და განვახორციელებ.
გიორგი ფარულავა – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტების უმრავლესობა საახალწლოდ შეიძლება მაღალ ქულებზე, უნივერსიტეტის კარგად დამთავრებაზე და ზოგადად სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნატრობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე სტუდენტების იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებიც არამარტო საახალწლოდ არამედ მუდმივად საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნაზე ოცნებობს. არ ვიცი რატომ, შეიძლება ჯერ კიდევ შემომრჩა ბავშვური მიამიტობა და მჯერა იმის, რომ თუ ახალი წლის დადგომასთან ერთად ამისრულდება სურვილი/ნატვრა, მაშინ მთელი წელი წარმატებული იქნება.
ანი შაიაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ჩემთვის ცხოვრების ყველა ეტაპზე იცვლება შეხედულებები და სურვილების ჩამონათვალი საახალწლოდ. მაშინ, როდესაც წარჩინებული სტუდენტი ხარ, სემესტრის ბოლოა და ახალი წელიც კარს მოგვდგომია, სასიამოვნო იქნებოდა ერთი საყვარელი შეტყობინების მიღება, სადაც ამოიკითხავ, რომ შრომა დაგიფასდა და საოცნებო სტიპენდიის მფლობელი ხარ.
გიორგი ხიზანიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველ რიგში, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჯანსაღ გარემოში ყოფნას. ამ 2020 წელს მინდა დიდი სიყვარულით, მეტი ურთიერთ პატივისცემით შევხვდეთ და ბოლოს უმთავრესი რამ, რაც ასე გვაკლია ჩვენ ერს ერთსულოვნებაა, რაც ამ ბოლო ხანებში, განვითარებულ მოვლენების მიხედვით კარგად გამოჩნდა.
ნინო ლომაია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვებ ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ბსუ-ს ვუსურვებდი მეტ ინოვაციურ პროექტს, სადაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაშიც მოახერხონ.
მეგი ბარათაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
როგორც სტუდენტის, ჩემი სურვილია მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული პიროვნული და გონებრივი განვითარებით, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები შეუწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის პროგრესულ განვითარებას.
ანი ფაჟავა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ჩემი დიდი სურვილია, რომ განათლება საზღვარგარეთ მივიღო. რა თქმა უნდა, გააზრებული მაქვს ის სირთულეები, რაც ამას თან ახლავს. სასურველი ქვეყანა ამისთვის აშშ-ია. ვფიქრობ, სწავლის დასრულების შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდები – უკვე გამოცდილებითა და მეტი ცოდნით, ასე უფრო სასარგებლო ვიქნები ჩემი ქვეყნისთვის.
ლალი ყურაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ახალ წელს მაინც შევხვდე ნიუ-იორკში, რადგან დიდი ხანია მინდა და ჯერ ვერ განხორციელდა. ძალიან მომწონს ამ ქალაქის ცხოვრების რიტმი, დიდი ენერგია აქვს და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ვიმოგზაურებდი ჩემ დაქალთან ერთად, რადგან არ მიყვარს მარტო ყოფნა.
ავტორი: გვანცა დევიძე