ორი კურდღლის დაჭერის მსურველთა ამბავი ანუ სტუდენტობა მუშაობის პარალელურად

საინტერესო ფაქტები

სწავლისა და სამსახურის შეთავსება კვლავ რჩება სტუდენტების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. როგორ მოვახერხო, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების პირობებში, პარალელურად სამსახურშიც პროდუქტიული ვიყო? – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხსაც ინდივიდუალური გამოცდილების მიღების შედეგად თუ პასუხობენ.

საინტერესოა, როგორ ახერხებენ სტუდენტები ერთდროულად სწავლისა და მუშაობის შეთავსებას, რომელია მათთვის პრიორიტეტული ამ ორიდან და აისახება თუ არა მათი ეს მდგომარეობა ხარისხზე. studinfo.ge-მ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აზრი ჰკითხა.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ლუკა დვალი – ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი, სამედიცინო-სატრანსპორტო კომპანიის ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომელი: “ჩემი აზრით, სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ სამსახურია. საბედნიეროდ, მაქვს ისეთი სამსახური, რომელიც საშუალებას მაძლევს მუშაობა და სწავლა ერთმანეთს შევუთავსო. შეიძლება ითქვას, ჩემი თავის “უფროსი” ვარ და ვმუშაობ იმდენს, რამდენიც მინდა და როცა მინდა. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ჩემი შემთხვევა საქართველოს რეალობისთვის საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, სწავლა ბევრად პრიორიტეტულია. თუმცა იმასაც ვაანალიზებ, რომ მუშაობის გარეშე ვერც ვისწავლიდი.

გარდა ფინანსური სარგებლობისა, სამსახური უდიდეს გამოცდილებას გვაძლევს, სამწუხაროდ, ხშირად დისკომფორტს მიქმნის ის ფაქტი, რომ სათანადო დროს ვერ ვუთმობ სწავლას, თითქოს დანაკლისის შეგრძნება მაქვს, რომ მეტი შემიძლია და მეტი რესურსი უნდა ჩავდო. მაგრამ საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ დროის არასწორი მენეჯმენტი სტუდენტების დიდი ნაწილის თანმდევი პრობლემაა და მარტო არ ვარ”.

მახარე აჭაიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკისა და მედიატექნოლოგიების ფაკულტეტი – უფროსი მკვლევარი: “რეალურად, მხოლოდ ბაკალავრიატის პირველი სემესტრი იყო, როდესაც ანაზღაურების სანაცვლოდ არ მიმუშავია. თუმცა თანდათან გამიჩნდა სურვილი ფინანსური დამოუკიდებლობის, აღარ მინდოდა მშობლებისთვის ისედაც მწირი შემოსავლიდან თანხის გამორთმევა. ამჟამინდელ სამსახურამდე იყო პერიოდი, როცა 60-70 საათი გადაბმულად ვათენებდი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო კომფორტული, მაგრამ სტაბილური შემოსავლი მჭირდებოდა. საბოლოოდ, ის სამსახური დაინტერესდა ჩემით, რომელშიც ახლა ვმუშაობ.

ახლა, როცა ისევ სტუდენტი ვარ, უკვე დოქტორანტურის საფეხურზე, ძირითადად ისევ მოკლებული ძილის ხარჯზე მიწევს სწავლისა და სამსახურის შეთავსება. ჩემთვის სწავლა უფრო პრიორიტეტულია, თუმცა გულწრფელად ვთქვა, ფორმალურ ინსტიტუტებში მიღებული განათლება მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და, სამწუხაროდ, არა ძირითადი. ვფიქორბ, რომ სტუდენტობა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ უნივერსიტეტთან ემოციური დამოკიდებულება/ სენტიმენტები ყოველთვის რჩება. უნივერსიტეტელი ყოველთვის რჩები”.

ქეთი კალანდაძე – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიისა და კომუნიკაციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: “ბაკალავრის საფეხურის დამთავრების შემდეგ სტაჟირებაზე მოვხვდი ჩემს ამჟამინდელ სამსახურში. 8 თვის განმავლობაში უხელფასოდ ვმუშაობდი. პარალელურად რეპეტიტორობით ვიყავი დაკავებული და სამსახურში შეღავათს მიწევდნენ. შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და შტატშიც ჩამსვეს. ამჟამად ნაკლები ძილისა და ბევრი ენერგიის ხარჯზე ვახერხებ მუშაობასაც და სწავლასაც. ორივე მნიშვნელოვანია ცალსახად, თუმცა სამსახურის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

გარდა ფინანსური სარგებლისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, რომელსაც სწავლის პარალელურად აგროვებ. ბევრ რამეს სწავლობ, თუნდაც დროის მენეჯმენტს. თუ შენი პროფესიით ხარ დასაქმებული, მით უმეტეს უკეთესია, ვინაიდან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა გეძლევა, რაც სწავლის პროცესსაც ამარტივებს და სამსახურშიც გეხმარება”.

სოფო ხურცილავა – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი – მომსახურების მონიტორინგის  სპეციალისტი: “ბაკალავრიატის საფეხურზე არ ვმუშაობდი, დამთავრების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, ზოგან სტაჟიორი ვიყავი, თვით დასაქმებულიც ვიყავი. არც ისე მარტივი გზა გავიარე და ამჟამინდელ სამსახურში უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ვარ.

ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა სტუდენტს არ უწევდეს მუშაობა და მთელ დროს სწავლას უთმობდეს, თუმცა დამსაქმებელთა დიდი ნაწილი გამოცდილებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ამისი გათვალისწინება გვიწევს.

საკუთარი გამოცდილება მიჩვენებს, რომ არც ისე სასიხარულოა დამსაქმებლისთვის ისეთი კადრი, რომელიც სწავლას დიდ დროს უთმობს. მსგავსი მდგომარეობაა უნივერსიტეტშიც, ბევრი ლექტორი გაგებით არ ეკიდება იმ ფაქტს, რომ ხშირად გაცდენილი ლექციები არა სურვილიდან, არამედ ჩვენი ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარეობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ  ასეთ სტუდენტებს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ”.

ავტორი: გვანცა დევიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები