ქალი ბიზნესში საქარველოს რეალობაში სიახლეა და ქალი ღვინის ბიზნესში ხომ მით უმეტეს. გვანცა სეხნიაშვილმა განათლება ამ მიმართულებით ესპანეთში, საფრანგეთსა და პოტუგალიაში მიიღო, ახლა კი ქართული ღვინის პოპულარიზაციითა და ახალი “გემოების დეგუსტაციითაა” დაკავებული:
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
“პირველად საზღვარგარეთ სასწავლებლად 5 წლის წინ წავედი, ყოველთვის მინდოდა მოგზაურობა, სხვა კულტურების გაცნობა, სხვა ენების სწავლა და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრება.
საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ტურიზმის სკოლაში და პირველივე წლიდან ვცდილობდი გამერკვია, რა გზით შემეძლო საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მაგრამ ინფორმაციის მიღება პირველკურსელისთვის ადვილი არ იყო. სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ საბოლოოდ მაინც გავარკვიე ბიუროკრატიული საკითხები და გავაგზავნე აპლიკაცია ესპანეთში სევილიისა და ვალენსიის უნივერსიტეტებში ერთწლიანი მობილობის გასაკეთებლად. კარგად მახსოვს, რომ იმდენად ბევრს ვკითხულობდი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ, რომ ჩემი ინგლისურის დონე ძალიან გაუმჯობესდა ამ კვლევის პროცესში. ახლა ამ ყველაფრის გაკეთება ბევრად მარტივი მგონია, რადგან ბევრი ადამიანია ნამყოფი საზღვარგარეთ და შეგვიძლია ვკითხოთ თუ როგორ მოახერხეს ჩვენთვის საინტერესო პროგრამაზე ჩარიცხვა ან სტიპენდიის მოპოვება. მე როცა ვაგზავნიდი ჩემს პირველ აპლიკაციას, სამწუხაროდ, არავის ვიცნობდი ვისთვისაც რამის კითხვას შევძლებდი. საბოლოოდ ორივე უნივერსიტეტმა მიმიღო და სევილიაში წასვლა გადავწყვიტე, სადაც 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ტურიზმისა და ფინანსების ფაკულტეტზე, ვმოგზაურობდი და ასევე ვისწავლე ესპანური ენა.”
პირველი წლები საზღვარგარეთ
ესპანეთში სასწავლებლად 21 წლის წავედი და ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა იყო ის, რომ სევილიაში თითქმის არავინ იცოდა ინგლისური, თითქმის იძულებული ვიყავი ესპანური მესწავლა. საგნების უმრავლესობაც ესპანურად იყო. ნახევარი წლის მერე ბევრად გამიადვილდა ცხოვრება, რადგან უკვე ბევრ რამეს ვიგებდი ესპანურში და კომუნიკაციაც შემეძლო. სხვა ცვლილებებს მარტივად შევეგუე, ამინდი, საჭმელი, ადამიანები, უცხო ხალხთან ერთად ცხოვრება ერთ სახლში – ყველაფერი კარგად მახსენდება.
პროფესია
სევილიაში სწავლის დროს უკვე ვეძებდი მაგისტრატურას საზღვარგარეთ და ვემზადებოდი შემდეგი გამოწვევისთვის. სევილიის შემდეგ ერთი წელი დავბრუნდი საქართველოში და შემდეგ მაგისტრატურაზე ღვინის ტურიზმის ინოვაციების მიმართულებით გავაგრძელე სწავლა. ეს მიმართულება მხოლოდ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ისწავლება, სადაც ყოველ წელს 25 სტუდენტი ირიცხება. 2016 წელი იყო ამ მაგისტრატურის პირველი წელი და მეც პირველი თაობა ვიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საბუთი იყო მოთხოვნილი და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი, მაგრამ, საბედნიეროდ, ავიღე სტიპენდია და ვისწავლე საუკეთესო მაგისტრატურაზე, რაც კი ღვინის ტურიზმში არსებობს. ძალიან გამიხარდა, რომ ჩაბარების დროს ჩემმა აპლიკაციამ საუკეთესო შეფასება აიღო, დიპლომის აღების დროსაც გადმომცეს საუკეთესოდ შესრულებული თეზისის სერტიფიკატი. სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს მსგავსი ფაკულტეტი და არც პროგრამა, შესაბამისად, შეუძლებელია იგივე ცოდნის და გამოცდილების მიღება ჩვენს ქვეყანაში.
სტუდენტური ცხოვრება ესპანეთში
ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებს ის უკვირდათ, რომ ძალიან ბევრი გასვლითი ლექცია და ვიზიტი გვქონდა მარნებში და სხვადასხვა დაწესებულებაში, კვირაში ერთხელ მაინც ვსტუმრობდით მარანს, მონაწილეობას ვიღებდით ღვინის ტურებში და ვაგემოვნებდით ღვინოს. ხშირად გვქონდა ერთკვირიანი სასწავლო ტურებიც, მაგალითად რიოხაში, პენედესში და ა.შ. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ უნივერსიტეტის სასწავლო ტურზე, მიუხედავად იმისა რომ ტურიზმზე ვსწავლობდი.
მაგისტრატურის ბოლო სემესტრში პრაქტიკა გავიარე უნგრეთში ღვინის ტურიზმის და ექსპორტის განხრით და აქვე დავრჩი საცხოვრებლად, რადგან ჩემი მეუღლე უნგრელია. 2019 წლის სექტემბერში ავიღე უნგრეთის მთავრობის სტიპენდია და ვსწავლობ დოქტორანტურაზე სენტ იშტვანის უნივერსიტეტში. ჩემი კვლევა ეხება ღვინის ტურიზმს საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვლევით ქართული ღვინის ტურიზმი მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით წინ წაიწევს.
ქართული და ესპანური განათლების სისტემები
უნგრეთის უნივერსიტეტებში ისევე როგორც ქართულში, ძალიან უყვართ თეორიაზე დაფუძნებული სწავლება, ორასგვერდიანი წიგნები და გამოცდები, ორივე ძველმოდურია და ჩემი პრაქტიკული და ღვინის ტურებით სავსე მაგისტრატურის მერე ცოტა ძნელად შესაგუებელი.
ყველაზე კრეატიული ლექცია
არ ვიცი რამდენად კრეატიულია, მარგამ ერთი კვირის განმავლობაში ლექციები უნივერსიტეტის მარანში გვიტარდებოდა, სადაც ვკრეფდით ყურძენს და ვაკეთებდით ყველა იმ პროცედურას, რაც ღვინის დაყენებისთვისაა საჭირო. ორი წლის მერე, როცა მაგისტრატურა დავამთავრეთ ჩვენი დაყენებული ღვინოც გადმოგვცეს.
ლექტორები
ძალიან იშვიათად მომწონს ლექტორი. როგორც წესი, ლექტორებს არასდროს უფიქრიათ და უნდოდათ ლექტორობა, უბრალოდ დაამთავრეს დოქტორანტურა და, ალბათ, სხვა უკეთესი სამსახური ვერ მოძებნეს და დარჩნენ ლექტორებად უნივერსიტეტებში, ამიტომ იშვიათად ვხვდებით ლექტორებს, ვისაც აქვს კარგი ახსნის ან გადმოცემის უნარი, ან ლექტორებს ვინც მოტივირებულია და უხარია ლექციაზე ყოფნა. ყველა ქვეყანაში შემხვედრია კონსერვატორი ლექტორები და პირიქით. ესპანეთში ძალიან თავისუფალი, უშუალო და კრეატიული ლექტორები მყავდა, იყვნენ ძალიან მოტივირებულებიც. უნგრეთში მყავს ძალიან კარგი სუპერვაიზორი, ვინც ასევე ძალიან უშუალო და მონდომებულია, დოქტორანტურის სტუდენტისთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
სტუდენტები
ამჟამად დოქტორანტურაზე ვართ ხუთნი, აქედან უმრავლესობა არ ვართ ქულაზე ორიენტირებული, მაგრამ ვცდილობთ საუკეთესო შედეგები გვქონდეს და ჩვენი კვლევა კარგად შევასრულოთ. ჯგუფში მყავს ეკვადორელი, კენიელი, სამხრეთ აფრიკელი და სერბი სტუდენტები.
თქვენი ერთი დღე
ჩემი ერთი დღე იწყება წინა დღეს დაგეგმილი საქმეების კეთებით, რაც შეიძლება იყოს შეხვედრებზე წასვლა, უნგრული ენის მეცადინეობა, უნივერსიტეტში ლექციაზე წასვლა ან ჩემი დისერტაციის სუპერვაიზორთან კონსულტაციის გავლა, საღამოს კი უფრო საინტერესო ნაწილი იწყება, როცა მივდივარ სამსახურში. ორი თვეა, რაც სამსახური შევიცვალე და დავიწყე მუშაობა ბუდაპეშტის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის ბარში, სადაც ვხვდები ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს. ძირითადად ჩვენი სტუმრები არიან ტურისტები, ბიზნესმენები და ღვინის მოყვარულები. ხალხთან ურთიერთობა და ღვინოზე ინფორმაციის მიწოდება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხშირად გვაქვს ღვინის დეგუსტაციებიც. ასევე მაქვს ჩემი პატარა კომპანია და როცა თავისუფალი საღამო მაქვს, ვაწყობ დეგუსტაციებს ტურისტებისთვის და ვაგემოვნებინებ ძალიან კარგ და უცხო უნგრულ ღვინოებს. ასევე ვაწყობ ქართული ღვინის მასტერკლასებსაც ბუდაპეშტში. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ინსტაგრამის გვერდი.
მიზნები
დოქტორანტურა 4-წლიანია. 4 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ რამე დავგეგმო. მაგრამ შეიძლება ოდესმე დავბრუნდე საქართველოში. სიმართლე გითხრათ ვერც კი ვგრძნობ რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, ხშირად და მარტივად ჩამოვდივარ ხოლმე, ამ ზამთარში ორჯერ ვაპირებ ჩამოსვლას.
ავტორი: მარიამ ელიაშვილი