რატომ ჩავაბარე? – ყოველი მეხუთე ქართველი სტუდენტის კითხვა

რეიტინგები

სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მეტიც, სკოლის შემდგომ, ფორმალური განათლების ამგვარი გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ტიპურია. ამ სტატიაში შევეხებით სტუდენტების შეფასებას უსდ-ში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი სტუდენტების შეფასებები შევადაროთ სხვა ევროპელი სტუდენტების შეფასებებს.

სტუდენტებმა შეაფასეს დებულებები, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას. მათ შორის, სტუდენტებმა შეაფასეს შემდეგი დებულება: „ყოველთვის ნათელი იყო, რომ როდესმე მაინც ვისწავლიდი“. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ უსდ-ში სწავლას დაიწყებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტები თავდაჯერებულობით ლიდერობენ (86,5%) ალბანეთის შემდეგ (91,9%), ჩეხ სტუდენტებს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (34,2%).

სტუდენტების მიერ შეფასებულ დებულებებს შორისაა შემდეგიც: „ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ უმაღლეს განათლებაში ჩემი ადგილი არ არის.“ ქართველი სტუდენტების 13.8% (სრულიად) ეთანხმება ამ დებულებას. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად რუმინელი (27%) და უნგრელი (21.4%) სტუდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. დებულება – „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, სწავლა სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა“ – კვლევის მონაწილეებმა შემდეგნაირად შეაფასეს: ხორვატი სტუდენტები ამ კითხვას თავს ყველაზე იშვიათად უსვამენ (10.4%), პოლონელები კი – ყველაზე ხშირად (28.4%), ხოლო გამოკითხული ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს აწუხებს ეს კითხვა (21%).

წყარო: ipm.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები