წელიწადში – 365, თვეში – 30 (31), კვირაში – 7 კალენდარული დღე და მაინც ყველაფერი იმ ჯადოსნურ დროს ხდება, რომელსაც სტუდენტები ,,გამოცდის წინა ღამეს” ვეძახით. ქართული ბარბარიზმების ლექსიკონსა და სტუდენტურ ცხოვრებაში დამკვიდრებული სიტყვა ,,დედლაინი” (ბოლო ვადა) ყველაზე მკაცრ ლექტორზე უკეთ იმორჩილებს ნებისმიერ სტუდენტს. თუმცა საგანგაშო არაფერია, დროის რესურსის რაციონალური გამოყენების უნარი გამომუშავებადია და ბალანსის პოვნა დასვენებასა და სწავლას შორის კი – რეალური.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
დროის მენეჯმენტის კვლევებში გავრცელებულია დროის ფენომენის დაყოფა ორ ტიპად:
- ობიექტური (გარეგანი)
- სუბიექტური (შინაგანი) დრო
ობიექტური დრო ის ფიზიკური რეალობაა, რომელიც ყველასთვის საერთოა და ადამიანი იძულებულია ცხოვრება მას შეუსაბამოს. სუბიექტური დრო კი უფრო აბსტრაქტულია, იგი არ იზომება და მთლიანად ადამიანის შეგრძნებაზეა დამოკიდებული. სასურველი და უპრობლემო რეალობა კი მაშინ დგება, როცა სუბიექტური და ობიექტური დრო თანაბრად არის გააზრებული. მაგრამ ცოტა რთულად ხომ არ გვეჩვენება ეს ყოველივე მაშინ, როდესაც გართობა, პირადი ცხოვრება და მაღალი აკადემიური მოსწრება პოზიციების დათმობას არ აპირებენ სტუდენტის პრიორიტეტების სიაში?
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უძილობა ადამიანის პროდუქტიულობას წელიწადში 11,3 დღით აფერხებს. შესაბამისად, სტუდენტის პრიორიტეტების სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ძილიც უნდა იკავებდეს.
ამას ემატება ისიც, რომ მოქმედების კონკრეტული და გრძელვადიანი გეგმა ძალიან იშვიათად არსებობს, ამიტომაც პოტენციური დამსაქმებლის ცნობილ, ჩამჭრელ კითხვას: ,,სად ხედავთ საკუთარ თავს 5/10 წლის შემდეგ” უხერხული დუმილი ან გაურკვეველი პასუხი მოსდევს.
უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი ხერხები, რომელიც ადამიანს დროის რაციონალურად გადანაწილებაში ეხმარება. სტუდენტისთვის კი, რომელმაც ყველაფერი უნდა მოასწროს, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
ი ნ ფ ო გ რ ა ფ ი კ ა
არამარტო სტუდენტმა, არამედ ყველა ადამიანმა აუცილებელია რეალობას თვალი გაუსწოროს – დროის რესურსი რთული სამართავია და დრო უკანმოუხედავად მიფრინავს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია პილოტის ფუნქცია შევასრულოთ და სასურველი მიმართულება ყველაზე რთული ტურბულენტობის ზონაშიც კი შევინარჩუნოთ.
ავტორი: გვანცა დევიძე