„აქ უნივერსიტეტის წესები უფრო მარტივია“ – ქართველი სტუდენტის იტალიური გამოცდილება

ინტერვიუ

თამარ ხურციძე ერთ წელზე მეტია იტალიაში ცხოვრობს. მიუხედავდ იმისა, რომ იტალიის კულტურა ჩვენსას ძალიან ჰგავს, ადაპტაციისთვის მაინც დიდი დრო დასჭირდა. როგორც studinfo.ge-სთან საუბრისას თამარი აღნიშნავს, რომის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მისთვის მარტივი აღმოჩნდა, თუმცა სწავლის პერიოდში სირთულეებსაც წააწყდა და ახლა მზადაა გამოცდილება ჩვენს მკითხველს გაუზიაროს:

“საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის მინდოდა. მინდოდა, გავცნობოდი ახალ კულტურას და ადამიანთა ცხოვრების განსხვავებულ წესს. უნივერსიტეტში მოხვედრა რთული არ ყოფილა. აპლიკაცია შევავსე, შემდეგ მეილით ვიკონტაქტე და ინტრევიუს შემდეგ მითხრეს რომ მიღებული ვარ. ვსწავლობ იტალიაში, კერძოდ რომში. როგორც აღვნიშნე, ჩარიცხვა უპრობლემო გამოვიდა. თუმცა საბუთების შეგროვებამ, დასტურმა, თარგმანმა და შემდეგ თარგმანის დასტურმა, წაიღო დიდი დრო და რესურსი.”

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– რამდენი წლის იყავი, როცა წახვედი და როგორ შეეგუე ცვლილებებს, რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და რა მხრივ გაგიმარტივდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

22 წლის ვიყავი. შეგუება არ აღმოჩნდა რთული რადგან წინასწარ ვიყავი განწყობილი ყველანაირი სირთულისთვის. გამიჭირდა უცხოენოვანი ქვეყნისთვის მხარის აბმა. რადგან იტალიაში ძალიან ცოტა ადამიანია ინგლისურად მოსაუბრე და ეგ ფაქტორი დიდ პრობლემებს მიქმნიდა ხშირად დღესაც მიქმნის. ავიღოთ ბანკში, თუ ექიმთან ვიზიტი ან თუნდაც international ოფისი. არ საუბრობენ ინგლისურად და ხდება ხოლმე, როცა ღიზიანდებიან რომ მათი ენა არ იცი. სხვა მხრივ, შეგუება არ ყოფილა რთული. ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობ და ყოველი დღე სასიამოვნოა გარეთ გასვლა. უბრალოდ გასეირნებაც კი სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული

– რა განსხვავებაა ქართულ და იტალიურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის?

– იტალიაში ვსწავლობ მარკეტინგს, კონკრეტულად: Digital marketing and communication. საქართველოს უნივერსიტეტებს საერთოდ ვერ შევადარებ, იმიტომ რომ საქართველოში სხვა ფაკულტეტზე, კონკრეტულად – ფსიქოლოგიაზე ვსწავლობდი. აქ შევიცვალე ფაკულტეტი და მარკეტინგზე გადავედი, რაც უცხო და ახალია ჩემთვის. აქ რომ ფსიქოლოგიაზე მესწავლა, გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო მეტ განსხვავებას დავინახავდი.

რაც შეეხება ქულების წერის გეგმას, საქართველოში 100-ქულიანი სტრუქტურა გვაქვს, სემესტრის განმავლობაში უნდა მოაგროვო მინიმუმ 51 ქულა, რათა საგანი ჩაგეთვალოს. აქ არის 30-ქულიანი სტრუქტურა. არ გვაქვს სემესტრული ქვიზები ან შიდა სემესტრის გამოცდები. პრეზენტაციები ან ჯგუფური სამუშაოები ლექტორის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ქულით არ ფასდება. ასევე, სემესტრის ხანგრძლივობა იტალიაში უფრო მცირეა – სემესტრს ვიწყებთ ოქტომბრის დასაწყისში და ლექციები დეკემბრის ბოლოს სრულდება. იანვარი გამოცდებს ეთმობა და თებერვლის ბოლოს იწყება ახალი სემესტრი. ყველაფერი განსხვავებულია. ვერ ვიტყვი რომ საქართველო ჩამოუვარდება სწავლების სიძლიერით და პროფესორების დონით, თუმცა უნივერსიტეტის წესები უფრო მარტივად გასარკვევი და მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის აქ ვიდრე საქართველოში

– როგორია შენი ერთი დღე?

– ჩემი ყოველდღიურობა განსხვავდება იქედან გამომდინარე, რომ ლექციების ცხრილი სხვადასხვა მაქვს, პირველი სემესტრი დატვირთული იყო შედარებით უფრო მეტი ლექცია მქონდა. ასევე ჯგუფური სამუშაოები თან ახალი ვიყავი და ყველაფრის გარკვევას ვცდილობდი. შემდეგი სემესტრები უფრო თავისუფალი აღმოჩნდა. შევეჩვიე დიდი ქალაქის წესებს. თუნდაც იმას, რომ ა-დან ბ-მდე გადაადგილებას მინიმუმ ერთი საათი სჭირდება (მით უმეტეს, იტალიის ტრანსპორტი ცნობილია, როგორც ყველაზე მოუწესრიგებელი). ჯგუფელებიც შევეჩვიეთ ერთმანეთს. პარასკევს და შაბათს ვცდილობთ შევიკრიბოთ გასართობად წავიდეთ. მათთან შეგუება რთული არ აღმოჩნდა, რადგან უმეტესობა ჩემსავით სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული სასწავლებლად და ერთ სიტუაციაში ვართ. იტალიის კულტურასთან შეგუებაც არ არის რთული, მართლა  გვგვანან. საჭმელს და დასალევს აქაც დიდი ყურადღება ეთმობა. ქვეყნის კანონმდებლობა სხვაა და საბუთების მოწესრიგება ცოტა პრობლემური აღმოჩნდა. როგორც ხდება ხოლმე, არსად არ გიხსნიან და შენით უნდა აღმოაჩინო, რა როგორ არის.

– ყველაზე კრეატიული ლექცია გაიხსენე

– პირველ სემესტრში გავიარეთ სალექციო კურსი marketing lab-ი. კურიკულუმში განსაკუთრებული არაფერი ეწერა, მაგრამ საოცარი პროფესორი გვყავდა, რომელმაც მისი სამსახურიდან გამომდინარე, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით აგვიხსნა თემა და ასევე შეგვადგენინა მარკეტინგული პრეზენტაცია, კრეატიული იდეებისა და ინოვაციების საფუძველზე. ამან საშუალება მოგვცა კომფორტის ზონიდან გავსულიყავით. გამოგვეკითხა საზოგადოება. მიღებული შედეგები გადაგვექცია ერთ დიდი იდეად და წარგვედგინა ისე, როგორც მილიონიან კომპანიებს წარუდგენენ ხოლმე მარკეტინგული ფირმები. ასევე სხვა ლექციებზეც გვქონდა რეალური საქმეები როგორიცაა “uber”, “oral-b”, “Amazon”, “toucan tour time” და ა.შ.

ზოგადად, ლექტორები ყურადღებიანი და გამგებიანები არიან. ძირითადად, ლექციები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. არის ლექციები, სადაც უბრალოდ ვისმენთ და ვიწერთ, თუმცა საბოლოოდ გამოცდები ზეპირია, რაც გვაძლევს საშუალებას ლექტორებთან მჭიდრო კავშირი ჩამოგვიყალიბდეს.

– სტუდენტების ინტერესი სწავლის მიმართ როგორია? ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ უფრო სწავლაზე?

– სტუდენტები, როგორც ყველგან, აქაც მრავალფეროვანია. მყავს ჯგუფელები, რომლებიც ნებისმიერ ქულაზე თანახმა არიან, თუმცა უმეტესობა მაქსიმალურ ქულაზე აბარებს გამოცდას.

– რას აპირებ სამომავლოდ? როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას შეძლებ?

– ცოტა რთული შეკითხვაა, რადგან ყოველ დღე მეც იგივეს ვეკითხები საკუთარ თავს. ამ ეტაპზე მინდა, სწავლაზე ვკონცენტრირდე და შემდეგში ვნახავ, როგორ წარიმართება. საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველოა აუცილებლად, თუმცა როდის იქნება არ ვიცი ჯერ.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები