თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ 2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანასების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში.
51-70 ქულის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა იქნება 50%, 71-90 ქულის შემთხვევაში – 70 %, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები მიიღებენ სრულ, 100 %-იან დაფინანსებას.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- სამოტივაციო წერილი.
- რაც შეეხება I სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
განცხადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
დოკუმენტაცია და განცხადება უნდა წარადგინოს პირადად სტუდენტმა.