ბედის საძებნელად უცხო მიწაზე წასული ქართველების შესახებ ბევრი გვსმენია, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, რომელიც მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნის მცდელობით დაიწყო. სამ კლასელს ბავშვობის ოცნება აუსრულდა. ისინი უკვე მესამე წელია სტუდენტობას საფრანგეთში ერთად ატარებენ, თუმცა სირთულეები ყველაფერს ახლავს, მათ შორის ფრანგულ ოცნებებსაც. სამეგობროს გამოცდილება studinfo.ge-ს ლუკა ხატიაშვილმა გაუზიარა და თავგადასვლების შესახებ უამბო.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– რატომ გადაწყვიტე ბაკალავრიატზე საზღვარგარეთ სწავლა მანდ უფრო რთულია უნივერსიტეტში მოხვედრა თუ აქ? რა პროცედურები გაიარე?
– ვსწავლობდი ფრანგულ-ქართულ სკოლა-ლიცეუმში, ჩემი და ჩემი მეგობრების ოცნება იყო ერთად გაგვეტარებინა სტუდენტობა საფრანგეთში. მეთორმეტე კლასში გადავწყვიტეთ ბედი გვეცადა და ფრანგული ინსტიტუტის დახმარებით, გავაგზავნეთ საბუთები მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტში. სავალდებულო მოთხოვნა იყო ენის დიპლომი, სკოლის ნიშნები. ზოგადად საფრანგეთში მიღების პროცედურა გამარტივებულია, თუმცა სწავლა ძალიან რთულია.
– რაზე სწავლობ ახლა, რატომ ეს მიმართულება?
– ვსწავლობ სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე კერძო სამართლის მიმართულებით. ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები. სამართალი იმდენად ვრცელი და საინტერესო სფეროა, რომ რთულია ვთქვა, რატომ ავირჩიე. ყველანაირ შემთხვევაში, ჩემს არჩევანს არ ვნანობ. თეორიული მასალა არის ძალიან დიდი და ძალიან რთული, რაც დროს არ გიტოვებს პრაქტიკის მისაღებად.
– რამდენი წლის იყავი, როცა წახვედი და როგორ შეეგუე ცვლილებებს, რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და რა მხრივ გაგიმარტივდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება?
– 17 წლის ვიყავი, როდესაც წავედი. შეგუების პროცესი იყო ყველაზე რთული, რადგანაც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემა არ ჰგავდა არაფერს, რაც გაგონილი გვქონდა. ყველაზე მეტად უნივერსიტეტის სისტემაში გარკვევა გაგვიჭირდა, თუმცა რადგანაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი შედარებით მარტივად შევძელით სირთულეების დაძლევა.
– რა ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორებია ჩვენსა და ფრანგულ უმაღლესი განათლების სისტემებს შორის?
– საქართველოში, რაც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ტარდება ბევრად მეტი პრაქტიკული სამუშაოები, იმიტირებული პროცესები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი უნივერსიტეტი უფრო ორიენტირებულია თეორიული ცოდნის სრულყოფაზე, ვიდრე პრაქტიკაზე.
– როგორია შენი ერთი დღე საფრანგეთში ?
– ჩემი ერთი დღე საფრანგეთში იწყება ძალიან ადრე, რაც ძალიან არ მომწონს და ძირითადად უნივერსიტეტითა და ბიბლიოთეკით შემოიფარგლება. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ დავათვალიეროთ სხვადასხვა ქალაქები, თუმცა სწავლის პერიოდი იმდენად დინამიკურია, რომ ბევრი დრო აღარ გვრჩება. ჩემი “რუმმეითები”, ჩემი უახლოესი მეგობრბეი იყვნენ, ამიტომ დისკომფორტი არ შეგვქმნია. ბევრი სახალისო ამბავიც გადაგვხდენია თავს, ღამეებიც გვითენებია. ერთ დღესაც სამ კაცს ინგლისურის ტესტირებაზე დაგვეძინა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ტელეფონის ზარმა გაგვაღვიძა და არა ლექტორმა.
– ყველაზე კრეატიული ლექცია გაიხსენე…
– ლექციები საკმაოდ მონოტონურია ყველა ერთმანეთს ჰგავს. ლექტორი საუბრობს, ჩვენ ჩუმად ვუსმენთ. კითხვებს ფურცელზე ვწერთ და მაგიდაზე ვდებთ. მოკლედ მთელი ლექციის მთავარი გმირი ლექტორია. მათთან ურთიერთობა პრაქტიკულად სტუდენტებს არ გვაქვს, რაც გამოწვეულია იმითაც, რომ ჯგუფში 400-500 სტუდენტი ვართ. ლექტორებთან ჩვენი ურთიერთობა სემინარისტების გავლით იწყება და მთავრდება. ასე რომ კრეატიულს ვერ დავარქმევ, თუმცა ყველაზე საინტერესო ლექცია იმიტირებული პროცესი იყო.
– სტუდენტების ინტერესი სწავლის მიმართ როგორია? ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ უფრო სწავლაზე?
– სტუდენტები დაინტერესებულები არიან, თუმცა მთავარი მიზანი საბოლოოდ მაინც ნიშანია. რადგანაც თეორიული მასალა ძალიან დიდია და სწავლის პროცესი ძალიან ერთფეროვანია, გიწევს არჩევნის გაკეთება და, რა თქმა უნდა, ქულებისაკენ იხრები.
– რას აპირებ სამომავლოდ? სად გააგრძელებ სწავლას და როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას შეძლებ?
– სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ალბათ, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ. მიზნები ბევრი მაქვს, რაც, ალბათ, ჩემს ასაკში ბუნებრივია, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი – საქართველოს გარდა სხვაგან ვერ ვიცხოვრებ.
– რას ურჩევ მომავალ სტუდენტებს, რომლებმაც შენი და შენი მეგობრების გზა ახლა უნდა გაიარონ?
– პირველ რიგში, სიმტკიცის გამოჩენას. არ შეეშინდეთ სიახლეებისა და გამოწვევების. არ მიეცნენ ნოსტალგიას და არ დაიწყონ გლოვა, რომ აქ მათი ადგილი არაა. ყველაზე მეტს დაკარგავენ, მაშინ, როცა სახლში დაბრუნების სურვილი გაუელვებთ. ყველაზე მთავარი შრომისუნარიანობაა, თუმცა თუ მას ბრძოლისუნარიანობა და ცოტა იღბალიც თან არ ახლავს, არაფერი გამოვა.
ავტორი: მარიამ ელიაშვილი