თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება

დასაქმება

სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში”, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს.

ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო,  ენერგეტიკისა და რკინიგზის   სფეროებიდან იქნება წარდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია  ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“  მე-3 პავილიონში,  12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე  რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ.

ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ, ასევე სასურველია რეზიუმეს ქონაც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები