წელს, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონებიც იზრუნებენ. ქალებს ზაფხულის მიმდინარე სეზონზე პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საზღვაო მაშველები გახდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მეგი ფარტენაძემ განუცხადა, წლევანდელ საზღვაო სეზონზე მაშველად მუშაობის სურვილი 9 გოგონამ გამოთქვა. მისივე თქმით, სპეციალური გადამზადების შემდეგ, გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ, წყალზე მაშველის პოზიციაზე სეზონურად დასაქმდნენ, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.
რაც შეეხება უშუალოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, უწყებაში განმარტავენ, რომ საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტის გარდა, მაშველად დასაქმების სურვილი კიდევ არაერთმა ქალმა გამოთქვა, თუმცა უწყება ამ ეტაპზე მათი შერჩევის პროცესშია.