(წინმრყვნელთ-განგაში – ამ ჰამბავსა ესრეთ გვიან იმად ვსწერთ, რომე კნიაზთა თამაშობათა ბოლო დადგმები ყველას ენახოს. ხოლო თუ ჯერეთ მაინც არა გინახავსთ, ეს გვერდი მაშინათვე გადაჰფურცლეთ)
ტფილისის სტამბა იუწყება, რომ ტფილისში ჯარჯი რაღაცა-რუღაცოვიჩ მარტინოვის დრამატიულის პიესის „კნიაზთა თამაშობათა“ უკანასკნელი დადგმები შესრულებულაო. მოგეჰხსენებათ, ეს პიესა მარტინოვის რომანებზედაა დაჰყრდნობილი და უკვე 9 წელიწადია ნაწილ-ნაწილ იდგმება. „კნიაზთა თამაშობათ“ მაცქერალნი მუდამ დიდის ფაციცობით ელოდნენ და რაღა ამჯერად დაშთებოდა ცალიერი სკამები პარტერ-იარუსებზედ.
თუცა, როგორც ამბობენ, ბევრი მაცქერალი დიდად გაწბილებული დარჩომილაო. იგინი თეატრის დამდგმელთ ბ-ნებს დავით ბენიევსა და დანიილ ვაიცევს ჰყვედრიდნენ, ჩვენი სათუთი პიესა ლაფში ამოსთხვარესო. ზოგნი იმას სწუნობდნენ, ღამეულ ქაჯთა მეუფე თავის თეთრ-გვარდიელებითურთ რა უტაშფანდუროთ მოჰკლესო; ზოგნი გველეშაპ-დიაცის, დინარა ტარგარიანცის გადარევაზედ თავად გადაირივნენ, ქალაქი რადა გადასწვაო; ზოგნიც დინარას მისის საყვარლის, ვანო თოვლაბიჭის მიერ მოკვლაზედ სწუხდნენ (თუ გახსოვსთ, ვანო თავადის მგელიკაურის ბუში კი არა, თვითონამც ტარგარიანცი ჰყოფილა და დინარას ძმის-შვილი); ერთნიც საპყარი ბენოს, ზენა-მხედვარი ბიჭის მეფედ არჩევაზედ სდებდნენ შარს. თუცა სხვანი თეატრის დამდგმელთ იცავდნენ და მიუგებდნენ, მარტინოვს ბოლო რომანები რომ ჯერეთ არ დაუწერია, ეგ რა ამ ვაჟბატონთა თახსირიაო.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ანტრაქტზედ გამოსულნი დინარას მოკვდინებისას გველეშაპის ჭკვაზედ მოსვლაზედაც ბევრს უბნობდნენ. დედის-მისის ცხედარზედ ქერცლიან ღაწვთა ხოკვისას, გველეშაპმა, უვიცმა და პირუტყვმა, პოლიტიკურს სიაფანდობათა სიავეში განსწავლულს კაცს რომ შეჰფერის, იმგვარი სიბრძნე აფრქვია რკინის ტახტრევანს, გეჰენური პირ-ცეცხლით, რომ ტახტრევანი ეგრეთ დასდნა, ითომც ცვილი ყოფილიყვეს, მერმე კი ისრეთი შემართებით აღიჭრა ცად, რომ ჩვენის გამოთვლებით, ალბად შანხაი-ქალაქამდინ არც შეისვენებდა.
თუცა ენა ვერავის მოჰბრუნებია, რომ დადგმის ოსტატობა დაეძრახათ თეატრისთვინ. ჯერ ის რომ ისეთი ფაკირები ჩამოუყვანიათ ცეცხლთა საფრქვევად, რომ მაცქერალთ გველეშაპთა არსებობა ეჯერათ. მერე კი ირანიდამ ისეთ მეარღნე ბიჭს დაუძახეს, ყველას სულ ცრემლები აჰღვარღვალებინაო. აგრეა თუ იგრე, უკვე დიდი ხანობაა ქალაქის ბულვარებსა თუ ქუჩა-ბაღებში დიდ-პატარა სულ „კნიაზთა თამაშობებზედ“ ლაქლაქებენ და ქალაქის მეარღნენიც იმ ირანელის ბიჭის ჰანგებს ამჟღერებენ.
წყაარო: ტფილისის სტამბა