“24 წლის ვიყავი როცა მითხრეს, რომ სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართალიც უნდა მესწავლებინა” – ლექტორის ჩანაწერები

სტუდენტური ცხოვრება

ხათუნა გულიაშვილი

***

ფაკულტეტის დეკანატში, მისალმების გარეშე, ხელში უზარმაზარ დავთრებიანი, მუდამ გამოუძინებელ სახიანი, სასწავლო ნაწილის გამგე, ლამარა შემოვიდა და შავით თეთრზე წამაკითხა, რომ საკონსტიტუციო სამართალი დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტებსაც უნდა ვასწავლო. ლამარასთან შერკინება ვცადე, მაგრამ, სასწავლო ნაწილი დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩეოდა, თანაც ცხონებულს, ჩემი “უკიდეგანო განათლების” ყოველთვის გულუბრყვილოდ სჯეროდა.

სულ რაღაც 24 წლის ვიყავი მაშინ..

ერთი ჩემი შეკერილი ცისფერი კაბა მქონდა. ავი ენები ამბობდნენ, მეტისმეტად მოკლეაო. ჰოდა, შემაჯდა ეშმაკი მხარზე- შევძვერი ამ ერთი ციცქნა კაბაში, გადავისვი წითელი პომადა და სულ ქუსლების წკაპუნით გამოვცხადდი ლექციაზე.

 ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აუდიტორია, დაახლოებით, ოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცებს ჰქონდათ ოკუპირებული – ზოგი იდგა, ზოგი იჯდა, ზოგი კი იწვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავდაჯერებული სახითა და მაყვალა მკერავივით ქუსლების ბაკუნით გავეშურე კათედრისკენ. ჯერ ყურადღება არავინ მომაქცია, მერე დამსწრე საზოგადოება გაკვირვებამ მოიცვა და როცა ყველას ადგილზე დაბრძანება ვთხოვე, აუდიტორია მძიმედ აფუსფუსდა. განსაკუთრებული დაუმორჩილებლობა ერთმა წაბლისფერთმიანმა, თეთრპერანგიანმა, ქამარში, აშკარად საჩვენებლად ირაღგაყრილმა ახალგაზრდამ გამოიჩინა — ნელ-ნელა, ხაზგასმული ზლაზვნით გამიარა წინ და ირონიული გამომეტყველებით დაეხეთქა სკამზე. თავში მზაკვრული აზრი მომივიდა და როგორც კი თეთპერანგიანი დაჯდა, ძალიან თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად, დეკანატიდან ჟურნალის მოტანა ვთხოვე.

სასიკვდილო დარტყმა მივაყენე, ჩემი ჭკუით..

პროტესტი არ გამოუხატავს, რამდენიმე წუთში დეკანატიდან ჟურნალი მოიტანა და ხაზგასმული აკურატულობით დამიდო წინ.

მეორე იერიში გადავწყვიტე, მოვუხმე ყოვლისშემძლე ძალებს და დავიწყე — თუ რამ ენერგია, ცოდნა და განათლება მქონდა, თუ რამე ვიცოდი, ამ დალოცვილ კონსტიტუციაზე, სულ გადმოვალაგე. მთელი საათი მდუმარედ და თვალმოუცილებლად მისმენდა აუდიტორია. ისეთი სიჩუმე იდგა, მეგონა, საბოლოოდ დავამარცხე ყველა მძლეთამძლე, ბოლომდე გავიგდე ყველა სტუდენტი — ლექტორთყლაპია და ბოლოს, როგორც ვალმოხდილ პედაგოგს შეეფერება, გულმოწყალედ გამოვაცხადე, შეკითხვა ხომ არ გაქვთ-მეთქი.

ჰოი, საოცრებავ, ხელი იარაღიანმა სტუდენტმა ასწია. აიზლაზნა სკამიდან, ჩემი ჭკუით, იპონზე დადებული თეთრპერანგიანი და ამ საკონსტიტუციო ნირვანას ცხრიანში დააჭედა: დავიღალე ფიქრით, რამდენი წლის იქნებით ახლა თქვენ?

ეს ამბავი რამ გამახსენა და ამ ცოტა ხნის წინ აფთიაქში შემხვდა, უფრო დიდი კაცი გამხდარა — თუ რამე დაგჭირდეთ, აქ ვარო, ჟურნალზე რომ გამაგზავნეთ, მაშინვე ვიცოდი, თქვენთვის ცეცხლში ჩავდგებოდიო.

მშვიდი სახე აქვს, დაფიქრებული, აღარც ქამარში გაყრილი იარაღით ყოყლოჩინობს და ზოგიერთი ჩემი საბრალო ნაცნობისაგან განსხვავებით, სულაც არ ჰგონია, რომ თანამდებობა მარადიულია.

მოკლედ, ასაკიც მომატებია და სხვაგვარადაც გაუზრდია დროსა და ცხოვრებას.
ჰო, რამდენი წლის ხარო, აღარ უკითხავს, ისედაც ცხადი იყო ყველაფერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები