განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას – Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კვლევით ცენტრებს შეუფერხებლად ექნება. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი სამეცნიერო ბაზის Elsevier-ის საქართველოს კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21-დან 55-მდე გაიზარდა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding). მათთვის ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები) და კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ელსევიერის ბაზებზე წვდომისთვის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსების სახით ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს.
როგორც განათლების სამინსიტროში განმარტავენ, Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, საქართველოში სამეცნიერო დარგების განვითარებას, მეცნიერების პოლიტიკისა და მართვის სფეროს გაუმჯობესებას ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე.
მეცნიერების სფეროში განხორციელებული აღნიშნული ნოვაციის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც Elsevier-ის კონსორციუმის წევრები – საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.