ნათია ბოტკოველი მაგისტრატურის საფეხურზე სოციოლინგვისტიკისა და მულტილინგვიზმის პროგრამაზე სწავლობს. საზღვარგარეთ სასწალებლად მან განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მოიპოვა.
მისი პროგრამა არასტანდარული და გამორჩეულია იმით, რომ ნათია ყოველ სასწავლო სემესტრს სხვადასხვა ქვეყანაში გადის.
ის უკვე იმყოფებოდა ლიეტუვასა და ესპანეთში. ამჟამად კი გერმანიაში, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის სტუდენტია.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რატომ აირჩია ეს პროფესია, რა შესძინა სხვადასხვა ქვეყანაში გატარებულმა სასწავლო პერიოდმა და როგორია მისი სამომავლო გეგმები? ამის შესახებ ნათია ინტერვიუში გვიყვება.
ნათია, რა არის სოციოლინგვისტიკა და რატომ გადაწყვიტე მისი შესწავლა?
ყოველთვის მჯეროდა, რომ ენა უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვები და სასვენი ნიშნები. თუმცა, უნივერსიტეტში ენის როგორც საზოგადოებრივი ფენომენის შესახებ ბევრი არაფერი გვისწავლია. მხოლოდ არჩევითი კურსებიდან რამდენიმე საგანი თუ ეხებოდა ენის სინტაქსურ ანალიზზე მაღალ დონეს. მახსოვს, ჩემი პირველი კონფერენცია საზღვარგარეთ, 2016 წელს, პარიზში. მოხსენების (რომელიც, გამოგიტყდებით და, ამ გადასახედიდან საერთოდ აღარ მომწონს) დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა უცხოელმა პროფესორმა პირადად მკითხა: ,,თქვენ დააჯგუფეთ მოპოვებული მასალა და თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინეთ წლების განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები ენაში, მაგრამ რას ამბობს ეს იმ საზოგადოებაზე, რომელიც ამ ენაზე საუბრობს? რა ინფორმაციას გვაწვდის? რამ შეუწყო ხელი ამ ენობრივი ცვლილებების გაჩენას?”
მაშინ ენისა და საზოგადოების ურთიერთგავლენაზე სასაუბროდ არც საკმარისი ცოდნა მქონდა და არც გამოცდილება, ერთადერთი რაც გამაჩნდა, ეს იყო ინტერესი, რომელიც მალევე გადაიზარდა გადაწყვეტილებაში – შემესწავლა რა გავლენას ახდენს ენობრივი კოლექტივი ენაზე და პირიქით, ასე მივედი სოციოლინგვისტიკამდე. ეს მეცნიერება საშუალებას იძლევა განვიხილოთ ენა, როგორც სოციალური ფენომენი და გადავჭრათ საზოგადოებაში მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების იდეა როდის გაგიჩნდა?
საზღვარგარეთ სწავლაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როცა უცხო ენებიც კი არ ვიცოდი, თუმცა როცა ოცნებას მოტივაცია ემატება, შეუძლებელი აღარაფერია. ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე უკვე მქონდა უპირობო ჩარიცხვის წერილი ორი ევროპული უნივერსიტეტიდან. ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ერთი წლის გამოტოვება მომიწია, თუმცა, უქმად არ დამიკარგავს. დავაგროვე სამუშაო გამოცდილება და უკეთესად მოვემზადე სააპლიკაციო პროცესისთვის, მონაწილეობა მივიღე განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში და მოვიპოვე დაფინანსება, რაც უდიდეს სიხარულთან ერთად, პატივიცაა ჩემთვის. ეს არის სახელმწიფოს ინვესტიცია ჩემს განათლებაში და ეს ,,ვალი” მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სამეცნიერო მუშაობით უნდა გადავიხადო. ამჟამად ვსწავლობ სოციოლინგვისტიკისა და მულტილინგვიზმის საერთაშორის სამაგისტრო შეერთებულ ხარისხზე. პროგრამის ფარგლებშიც ვეუფლები საკითხებს, რომლებიც ყოველთვის მაინტერესებდა: ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, ენობრივი უმცირესობები და მათი უფლებები.
როგორი იყო პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები კაუნასში?
კაუნასი ლიეტუვის სტუდენტური ქალაქია, პატარა და მომხიბვლელი, თბილი და მეგობრული განწყობით ახალგაზრდებისადმი. პირველ დღესვე სამუშაო შეხვედრა გვქონდა მომავალ პროფესორებთან, მათი ნაწილი გერმანიიდან და შვედეთიდანაც კი ჩამოვიდა ჩვენს გასაცნობად. გამოგიტყდებით და პირველი ემოცია იყო შიში! ჩემი თანაკურსელების უმრავლესობისთვის ინგლისური მშობლიური ენაა, მე კი მღელვარებისგან ქართულადაც ძლივს ვაწყობდი აზრებს, პროფესორებმა გვთხოვეს წარგვედგინა საკუთარი თავი და პროფესია, ასევე მიზეზები, რატომ გვაინტერესებდა სოციოლინგვისტიკა. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, უნივერსიტეტის დეკანმა მომმართა, მოუთმენლად ველით შენს გაცნობას, რადგან რეიტინგში ყველაზე ძლიერი კანდიდატი იყავიო. მანამდე არც მსმენოდა რეიტინგის არსებობის შესახებ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ამავდროულად, ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო .
რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი და რას გამოყოფდი ლიეტუვის უმაღლესი განათლების სისტემაში?
ჩემი პირველი სემესტრი კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა, პირველი, რამაც გამაოცა იყო ლექტორების საოცარი ბალანსი აკადემიურ და მეგობრულ დამოკიდებულებას შორის. იქ ვერ ნახავთ მოწუწუნე ლექტორს, მათ უყვართ თავიანთი საქმე და ენთუზიაზმით არიან სავსე. პირველი ,,შენიშვნა,” რომელიც ლექტორისგან მივიღე, მიმართვას უკავშირდებოდა, მითხრა, ,,პროფესორო” ძალიან ფორმალურია და გთხოვ, სახელით მომმართოო.
კაუნასში თეორიულ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ქულები ძალიანაა დანაწილებული, მაგალითად, მქონია სასემინარო დავალება, რომელშიც მაქსიმალური ქულა 0.75 იყო, ასეთი სისტემა სტრესულია, საკმარისია, შემთხვევით ერთი დავალების ბოლო ვადა გამოგეპაროს ან სათანადოდ ვერ შეასრულო და ავტომატურად ემშვიდობები ფრიადს.
მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, სემესტრის მიწურულს მაინც მოვახერხე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა და ენობრივ უმცირესობებს ეძღვნებოდა. ჩემი მოხსენება საქართველოში, კერძოდ კი ლაგოდეხში მცხოვრები პოლონელების ენობრივ სიტუაციას ეხებოდა.
რა მიზეზით განაგრძე ცხოვრება ესპანეთში?
ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში სასწავლო პრაქტიკით წავედი და სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი გამომცემლობაში. ჩემი მოვალეობა იყო ინგლისური და ქართული ენების გრამატიკის სახელმძღვანელოებზე მუშაობა, თემატური სავარჯიშოების შედგენა, გრამატიკული წესების თარგმნა და ადაპტირება. გუნდი მთლიანად უცხოელი სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული და კომპანიის ისტორიაში ერთადერთი ქართველი ვიყავი, ამიტომ ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოების მხოლოდ A1, A2 და B1 ნაწილების შედგენა მოვასწარი. ევროპულ კომპანიაში სასწავლო პრაქტიკამ ფასდაუდებელი გამოცდილება შემძინა და მომამზადა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემოსთვის.
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტში, რამდენად დატვირთული და საინტერესოა სასწავლო დღეები?
თუ ლიეტუვაში თეორიულ სწავლებას უდიდესი ადგილი ეკავა, გერმანიაში ყველაფერი პრაქტიკამ ჩაანაცვლა. ვსწავლობთ ლინგვისტური საგრანტო პროექტების წერას და მათ მენეჯმენტს, სამეცნიერო ნაშრომისთვის კრიტიკული მიმოხილვის წერას, კვლევისთვის რელევანტური მეთოდების შერჩევას. ამ საკითხებს გვასწავლიან პროფესორები, რომლებსაც არაერთი დიდი საგრანტო კონკურსი აქვთ მოგებული და განხორციელებული. გარდა ლექცია-სემინარებისა, გვაქვს ლექტორებთან პირადი კონსულტაციების შესაძლებლობაც, სადაც ინდივიდუალურად ვიღებთ რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ლიტერატურასაც.
რამდენად მარტივია ყოველი სასწავლო სემესტრის ახალ ქვეყანაში გავლა?
ყველა, ვინც იგებს რა პროგრამაზე ვწავლობ, აღფრთოვანებულია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ამ უნიკალური შესაძლებლობით. ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა და ცოდნის გარდა ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც მძენს, მაგრამ ბევრისთვის უცნობია ის სირთულეები, რომლებიც ამ ,,მომთაბარე ცხოვრებას” ახლავს: ეჩვევი ქალაქს, ენას, უნივერსიტეტს, იძენ მეგობრებს და როგორც კი სახლად დაიგულებ იქაურობას, უკვე ბარგის ჩალაგება და სულ მცირე რამდენიმე წლით გამომშვიდობება გიწევს. შემდეგ ისევ თავიდან იწყება… ამგვარმა ცხოვრების სტილმა უკვე გარკვეულწილად შემცვალა კიდეც. ვცდილობ, არ შევიძინო სუვენირები, ყოველი ახალი წიგნის თუ ნივთის ყიდვისას ვფიქრობ, რამდენად მოთავსდება ჩემოდანში… ადამიანებს კი თითქმის გაცნობის წუთიდან ვეუბნები, რომ აქ დიდხანს არ ვრჩები, რამდენიმე თვეში ვბრუნდები. კითხვაზე ,,სად მიდიხარ?” ყოველთვის ვპასუხობ -,,საქართველოში”. თუმცა საქართველომდე ჯერ სულ მცირე ერთი წელი მაშორებს, ამ ერთი წლიდან ერთ სემესტრს შვედეთში, სტოკჰოლმში ვისწავლი, მეორე სემესტრისთვის ადგილს კი ჩემი სამაგისტრო ნაშრომის მიხედვით ავარჩევ.
დასვენებისა და გართობისთვის დროის გამონახვას თუ ახერხებ?
ჩემი დასვენებაც და გართობაც მოგზაურობაა, ძირითადად ქვეყნიდან არ გავდივარ და ვცდილობ, მაქსიმალური მივიღო იმ ქვეყნისგან, სადაც იმ მომენტისთვის ვიმყოფები: მივემგზავრები უცნობ ქალაქში, ვათვალიერებ, ვცდილობ, გავიცნო ადგილობრივები და გავივარჯიშო ენაში, რომელსაც ვეუფლები.
რას გეგმავ მაგისტრატრის დამთავრების შემდეგ?
დიდი სურვილი მაქვს განათლების მიღება დოქტორანტურაზე გავაგრძელო, შემდეგ კი დავბრუნდე საქართველოში და ავიხდინო ბავშვობის ოცნება – გავხდე უნივერსიტეტის პროფესორი, ვიმოღვაწეო აკადემიურ სფეროში და ვიყო სამაგალითო მომავალი მეცნერებისთვის.
მოამზადა ნათია ზარიძემ