ლევან სიმონიშვილი თითქმის ერთი წელია ესპანეთში ცხოვრობს, სადაც სწავლის პარალელურად საყვარელ საქმეს აკეთებს. მან, ოცნება, გამხდარიყო მზარეული, უცხო ქვეყანაში აიხდინა და ცნობილი რესტორნების შეფ-მზარეულის სტატუსი მოირგო. ბარსელონას ბიზნესის უნივერსიტეტში ის კომპიუტერული ტექნოლოგიის მიმართულებით სწავლობს:
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ესპანეთში ვსწავლობ ენას და აიტს. აქ ჩამოსვლის მიზანი იყო უკეთესი განათლების მიღება, მეტი ენის სწავლა და სიყვარული ბარსელონასადმი. მინდა უკეთესი პირობები და უკეთესი მომავალი შევიქმნა. უკვე იმხელა გამოცდილება დამიგროვდა და იმდენი რამ გავიგე, დარწმუნებული ვარ, მიზნების მიღწევაში ეს პერიოდი მნიშვნელოვნად დამეხმარება.
რა სირთულეები შეგხვდათ, რისთვის იყავით მზად და რა იყო მოულოდნელი? ესპანეთში ცხოვრების პირველ პერიოდში რა გაოცებდათ ყველაზე მეტად?
მაოცებდა ხალხის სიყვარული ერთმანეთისადმი და მოღიმარი სახეები. ქართველის თვალით დანახული ესპანეთი ჩემთვის ძალიან კარგია. ესაა სრული თავისუფლება, განუკითხაობების გარეშე, ერთმანეთზე თითების შვერის გარეშე.
ზოგადად ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ აქ წამოვედი. ისეთი სირთულეები, რაც საქართველოში არ მელოდა, აქ არ შემხვედრია. ესპანეთში სიხარულის მეტი არაფერი დამხვდა, თუმცა მზად ყველაფრისთვის ვიყავი. გამოვიარე გაჭირვება, მარტოობა… მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა,
როგორია ქართველის თვალით დანახული ესპანური ცხოვრების წესი, კულტურა, ტრადიციები?
ნებისმიერი ქვეყნის კულტურას პატივს ვცემ. დიდი განსხვავებაც არაა ამათ და ჩვენს ტრადიციებში, რასაც ვერ ვიტყვი კულტურაზე. ეს უკანასკნელნი დღე და ღამესავით განსხვავდება. აქ ხალხის კულტურა, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა გაგაკვირვებთ.
სტუდენტები რითი ერთობით?
სტუდენტები ძირითადად კლუბებში დავდივართ. ცოტას დავლევთ ხოლმე განტვირთვისთვის და ვცეკვავთ. ასევე, მოგზაურობისთვის სულ გამოვნახავთ დროს. მალე ამერიკაშიც მივდივარ და ვემზადები.
სტუდენტობის პერიოდი არც ისე მარტივია, რადგან სწავლის პარალელურად ყველა მუშაობს. გვიწევს მუდმივად უძილოდ ყოფნა, მაგრამ გართობის და საინტერესო თავგადასავლების გათვალისწინებით, მაინც კარგი პერიოდია.
ქართული კულინარიის პოპულარიზაციით ხართ დაკავებული. ამაზე მოგვიყევით…
კულინარია ჩემი სუსტი წერტილია. ვარ რესტორან „ამელიეს“ შეფი, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია. ასევე, „ქინძას“ შეფ-მზარეული გახლავართ, სადაც ხდება ქართული სულისა და სისხლის დუღილი. ბავშვობიდანვე მიტაცებდა ეს პროფესია და ნელ-ნელა სრულფასოვნად ვეუფლები.
რა მსგავსებაა ქართული და ესპანური უმაღლესი განათლების სისტემებს შორის? სად უფრო რთულია, სად უფრო დახვეწილია სისტემა, როგორია ლექტორების დამოკიდებულება, სტუდენტების ენთუზიამზი..
განათლება კარგია ორივე ადგილას, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ აქ უფრო მეტი ხელშეწყობა გაქვს. უფრო გიფრთხილდებიან გაკვირდებიან გასწავლიან თავისუფლება გაქვს და ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ ლექტორი სტუდენტს არ ჩააჯინდებდა, არ გადაეკიდება, რაც საქართველოში ხშირია. საღამოობით ლექტორებთან ერთად ვსვამთ, ჭაჭა მოსწონთ ძალიან, აქ ისინი ბევრად უფრო უშუალოები არიან.
სწავლის დახვეწილი სისტემა არის ბარსელონაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არ გვაქვს კარგი განათლების მიღების საშუალება, უბრალოდ დროა საჭირო, რომ დალაგდეს უკეთესად ყველაფერი.
რას ურჩევთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს?
1. გაუფრთხილდით ავტორიტეტს;
2. არ გაიცნოთ ქართველები და არ იკონტაქტოთ იმ ქართველებთან, რომლებიც ქვეყანაში არიან, რადგან ჩათვალეთ, მტერი იპოვეთ და როდის ჩაგარტყავთ დანას ბრმად, არ იცით;
3. გაერთეთ მაქსიმალურად, დაიხარჯეთ ბოლომდე სწავლით. საბოლოოდ ეს ორი საუკეთესო მოგონებებს დაგიტოვებთ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ბარსელონაში ქართული რესტორნის გახსნა მინდა და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო რესტორანი იქნება. საქართველოში 5-6 წელი, ალბათ, ვერ დავბრუნდები…
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა