ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰოლანდიაში საჰაერო და კოსმოსურ სამართალს ეუფლება

ინტერვიუ

ნათია ჯინიუზაშვილი ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, საჰაერო და ბიზნეს სამართლის პროგრამაზე სწავლობს. ბაკალავრიატზე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობას დაეუფლა. მისი დამთავრების შემდეგ კი, მაგისტრატურაზე სასწავლებლად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მოიპოვა.

როგორ ცხოვრობს და სწავლობს ჰოლანდიაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ამ თემებზე ნათია ინტერვიუში გვიყვება.

ნათია, საჰაერო და კოსმოსური სამართლის შესწავლა რატომ გადაწყვიტე?
ბაკალავრიატის მე-4 კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე ავიაკომპანიაში. მანამდე საჰაერო სამართლის მიმართულებით საგანი მქონდა გავლილი. სამსახურმა იმდენად მომხიბლა და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტე ამ მიმართულებით ცოდნა გამეღრმავებინა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ გასავითარებელია და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტია.

როგორ აარჩიე ქვეყანა და უნივერსიტეტი სწავლის გასაგრძელებლად?
საჰაერო და კოსმოსური სამართლის მიმართულებით სამაგისტრო მიმართულებებს ძალიან ცოტა უნივერსიტეტი სთავაზობს მსურველებს. ამ მიმართულებით სახელგანთქმული სულ ორი უნივერსიტეტია კანადის მაკგილის და ჰოლანდიის – ლაიდენის უნივერსიტეტები. რამდენადაც ლაიდენის უნივერსიტეტი უფრო ევროპულ პერსპექტივაზე და ევროპულ რეგულაციებზეა ორიენტირებული და საქართველოს სწორედ ევროპული გეზი აქვს არჩეული, საჰაერო რეგულაციების იმპლემენტაციისათვის, გადავწყვიტე არჩევანი ლაიდენის უნივერსიტეტზე შემეჩერებინა. იმის გავითვალისწინებით, რომ წლევანდელი რეიტინგების თანახმად ეს უნივერსიტეტი ევროპის მასშტაბით მე-5, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-20 ადგილზეა, არჩევანი არ გამჭირვებია.

სად ცხოვრობ და როგორია შენი სასწავლო დღის რეჟიმი?
ვცხოვრობ ლაიდენში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. ჩემი დღის რეჟიმი საკმაოდ გადატვირთულია. ყოველდღიურად 2-3 ლექცია მაქვს, რომელსაც სფეროში სახელგანთქმული ლექტორები მიკითხავენ. მათ სხვადასხვა პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და ეს ლექციებს დამატებით ელფერს სძენს, რამდენადაც ეს ლექტორები ძალიან საინტერესო პრაქტიკულ ხედვებს და გამოცდილებებს გვიზიარებენ.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

რით განსხვავდება ქართული და ჰოლანდიური უმაღლესი განათლების სისტემები?
ჰოლანდიური უმაღლესი განათლება მეტად ვიწრო არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა. საგნებიც მხოლოდ იმ მიმართულების მიხედვითაა შემოთავაზებული, რომელსაც სტუდენტი აირჩევს. განსხვავდება შეფასების სისტემაც. ყველა საგნის შეფასების კრიტერიუმს გამოცდა არ წარმოადგენს. მეტი ყურადღება ექცევა სტუდენტის კრეატიულობას, შემოქმედებით და ლოგიკური აზროვნების უნარს და არა მის ზეპირ მახსოვრობას. სტუდენტები ფასდებიან 1-10 ბალიანი სისტემით.

რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
ჩემ პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ის ისეთ სფეროსთანაა გადაკვეთილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია, მრავლისმომცველია და მიმაჩნია, რომ მომავლის პროფესიაა, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. მომხიბლავია ისიც, რომ ზოგადად საჰაერო სამართლის მიმართულებით იურისტების ნაკლებობაა და მე დეფიციტური პროფესიის წარმომადგენელი ვიქნები.

სწავლის გარდა, რით ხარ დაკავებული?
ვმუშაობ, ბლოგს ვწერ ავიაციაზე და ზოგადად აქტუალურ საკითხებზე, ივნისიდან ვაპირებ სტაჟირების გავლას ერთ-ერთ ჰოლანდიურ წარმატებულ კომპანიაში.

რას გეგმავ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ?
სწავლის დასრულების შემდგომ ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას და სამსახურის პოვნას, ძალიან მინდა, ჩემი შესაძლებლობები აკადემიური თვალსაზრისითაც გამოვცადო

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები