ორიგინალი
ილიაუნის შესახებ არსებობს ფაქტები, რომლებიც ყველამ არ იცის. ეს ფაქტები კი განსაკუთრებით საინტერესო მომავალი სტუდენტებისთვის იქნება. გთავაზობთ სასწავლო პროცესთან, ლექტორებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებულ ნიუანსებს, რომლებიც აუცილებელია რომ იცოდეთ.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. ვისწავლოთ შენობების ადგილმდებარეობა
ილიას უნივერსიტეტი 11 კორპუსისგან შედგება, რომლებიც 3 სხვადასხვა ადგილასაა – ჭავჭავაძეზე, ნუცუბიძეზე და უზნაძეზე. ყველა ფაკულტეტს თავისი გამოყოფილი ტერიტორია აქვს. ხოდა, სანამ უნივერსიტეტის გზას გაუდგები კარგად შეამოწმე, რომელ კორპუსში რა საგანი გიტარდება. უცბად სხვაგან არ ამოყო თავი. აჰა რუკა, ილიას მომავალო სტუდენტო, ან უკვე სტუდენტო, რომელიც ვერ იმახსოვრებს, რომელი კორპუსი – რომელია.
2. ჭამას რაც შეეხება:
თუ გაგიმართლათ და საფულეში ქაღალდის კუპიურები აღმოგაჩნდათ, ეგრევე სიხარულით ნუ გაიქცევით უნიფუდში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მანდ ხურდა არასდროს აქვთ და ფულის „დაშლა“ სხვა ადგილებში მოგიწევთ.
3. მიეჩვიეთ რიგში დგომას:
90-იანები არაფერია – კომპიუტერის, უნიფუდის და ქსეროქსის რიგში დგომასთან შედარებით.
4. ფრთხილად იყავი ლიგამუსთან:
ლიგამუსში, რომელიც მდებარეობს A კორპუსის გვერდით, ყავა ღირს 4 ლარი, როცა C კორპუსის უკან ჯიხურში შეგიძლია ზუსტად იგივე ყავა 70 თეთრად იყიდო.
5. ილიაუნი VS თსუ
ილიაუნელებისა და თსუელების ჯახის შესახებ გაგონილი გექნებათ. ბოროტნი ამბობენ, რომ ილიაში თუ სწავლობ, ეგ პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თსუ-ში ვერ მოხვდი. ილიაუნელთათვის ეს მტკნარი სიცრუეა. ნამდვილ ილიაუნელს თსუ უნივერსიტეტების სიაში არც კი ეწერა!
6. ზაზა
ზაზა მაგარი კაცია. მის ღიმილს – ღიმილითვე უნდა უპასუხოთ და გაითვალისწინოთ, რომ უნის სისუფთავეზე ზრუნავს. აგრესიას ან უარყოფით ემოციას ნუ გამოამჟღავნებთ, თორემ ყველაფერი ნაგვის მოყრით დასრულდება.
7. გრძელვადიანი და მოკლევადიანი საპირფარეშოები:
რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო ნაკლები ადამიანი გხვდება. ანუ, სიმაღლე გრძელვადიანი საპირფარეშოების პირდაპირპროპორციულია. ისე, პირველ სართულზე რომ ერთ-კაბინიანი საპირფარეშოა, ეგეც კარგია განმარტოებისთვის. შეიძლება ერთი-ორჯერ მოგეჯაჯგურონ სახელურზე, მაგრამ არ დათმო!
8. GPA:
მშობლებთან მარიაჟობა გინდა მაღალი ნიშნებით? ხოდა აირჩიე შედარებით მარტივი საგნები და ჯიგარი ლექტორები. თუ არ იცი რომელი ლექტორი – როგორია, შეგიძლია ილიაუნის სტუდენტების ფეისბუქ ჯგუფს მიაკითხო. უნივერსიტეტში მოხვედრიდან ეს შენი 112-ია!
9. პირველკურსელო, არ დაიბნე:
A კორპუსის მე-2 სართულზე, კომპიუტერების ოთახში თუ აღმოჩნდი და ქრომში შეხვედი, შესაძლოა Default გვერდად პორნო საიტი დაგხვდეს და Recycle Bin-ს თსუ ეწეროს. ყურადღება არ მიაქციო ამ ყველაფერს. კლავიატურაზე კატამ გადაირბინა…
10. და ბოლოს!
გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ პროტესტი თქვენი ვალია და მის გარეშე შესაძლოა, ერთ დილას, სულ სხვა ფაკულტეტის სტუდენტად გაიღვიძოთ.
წყარო: imitom.ge