რა უფრო მომგებიანია – ფულის განათლებაში ჩადება თუ ამერიკულ აქციებში დაბანდება ?

განათლება

სწავლა არამხოლოდ არასდროს არის გვიან, არამედ ყოველთვის მომგებიანია: უმაღლესი და დამატებითი განათლება საშუალოდ მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავლებს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დადასტურებულია, რომ სწავლას მოაქვს ფული

პირველი კვლევები, რომლებიც განათლებას და პირად შემოსავლებს შორის კავშირის სწავლობდა, 1950-იან წლებში გაჩნდა. შესაბამისად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც უზარმაზარი გამოცდილება დაგროვდა, მათ შორის მეთოდოლოგიურიც, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ბანკში შეაჯამეს. 139 ქვეყანაში ათასზე მეტი ნაშრომის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ერთი წლის განათლებით ინვესტიციის დაბრუნება 9%-ია. ამასთან ქალებში ის უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში; დაბალი შემოსავლების ქვეყნებში მეტია, ვიდრე მაღალი შემოსავლების ქვეყნებში; ლათინურ ამერიკაში – მეტია, ვიდრე ევროპასა და შუა აზიაში.

ინვესტიციის დაბრუნება, ROI – დაბანდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მათზე გაწეულ ხარჯს ითვალისწინებს. წელიწადში 9% ROI ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციებისგან მიღებული შემოსავალი 9%-ით აჭარბებს ხარჯებს.

სწავლა უფრო მომგებიანია, ვიდრე ფულის დაბანდება ამერიკულ აქციებში

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ბოლომდე კორექტული შედარება არ არის, მაგრამ მაინც დამაჯერებელი ილუსტრაციაა: თუ თქვენ გაქვთ ათასი დოლარი და მას განათლებაში დააბანდებთ, საშუალოდ მიიღებთ წელიწადში დაახლოებით 8,8%-ს. ამერიკულ საფონდო ბაზარზე ინვესტიციები მოიტანს (გასული 50 წლის სტატისტიკის თანახმად) წელიწადში 5,6%-ს.

და მთავარი – საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში განათლებაში ჩადებული ინვესტიციის დაბრუნების მაჩვენებელი დაახლოებით ერთ დონეზეა. იმის შანსი, რომ ამ დარგში რაღაც მკვეთრად შეიცვლება, საკმაოდ დაბალია – განათლებაში ფულის ჩადება უფრო მომგებიანია, ვიდრე ბევრ ფასიან ქაღალდში, და მით უფრო, ნებისმიერ ვალუტაში.

განათლებას მოაქვს ფული ეკონომიკის როგორც ვარდნის, ასევე აღმასვლის პერიოდში

მსოფლიო ბანკის იმავე კვლევაში, არგენტინის მაგალითია მოყვანილი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკაში იყო როგორც მკვეთრი ვარდნები, ასევე მკვეთრი აღმასვლები. განათლებაში ინვესტიციებისგან მიღებულ შემოსავლებზე ეს არანაირად ასახულა – ყველა დროში ის 5%-ზე მაღალი იყო და ზოგჯერ, 10%-იან მაჩვენებელსაც უახლოვდებოდა.

რაც უფრო კარგია განათლება, მით უფრო იოლია სამსახურის შოვნა

ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება. მაგალითად, გერმანიაში საშუალოდ არ მუშაობს 25-46 წლის მცხოვრებლების 19%. თუკი ავიღებთ მხოლოდ მათ, ვისაც მაგისტრის (masters) ხარისხი აქვს, ეს ციფრია 12%, ხოლო დოქტორის შემთხვევაში – 7%. ანალოგიური ციფრებია საფრანგეთში – 27, 12 და 10%, ხოლო აშშ-ში – 26, 15 და 10%. ეს იოლი ასახსნელია: უკეთ განათლებული ადამიანები უფრო ცოტანი არიან, ამიტომ კონკურენციაც დაბალია. გარდა ამისა, სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ იმ ადგილებში, სადაც კარგი განათლება საჭირო არ არის.

უფროს ასაკში სწავლა პროფესიის შეცვლაში გეხმარება

ზოგჯერ ადამიანები მთელი ცხოვრება სწავლობენ რაღაც ერთს, მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ ერთი საქმე მოსაბეზრებელია და ადამიანებს უნდათ სულ სხვა საქმით დაკავდნენ. პროფესიის შეცვლის ბევრ ადამიანს ეშინია, რადგან საკმარისი ცოდნა არ აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ყველაფრის შეცვლა და „ახალი ცხოვრების“ დაწყება დღეს ბევრად იოლია: მაგალითად, 40 წლამდე შეიძლება იყო ჟურნალისტი, შემდეგ კი საქმიანობა მკვეთრად შეიცვალო და ყვავილების ბიზნესი გახსნა. შეიძლება სწორედ ამიტომაა, რომ ევროპის იმ მცხოვრებთა წილი, რომლებიც 25-64 წლის ასაკში ნებისმიერი სახის განათლებას იღებენ, ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე და ხანგრძლივობა უფრო მაღალია. ეს ქვეყნებია – ფინეთი, დანია და შვედეთი. მაგალითად, შვედეთში ეს მაჩვენებელი 66%-ა. დასაქმებულებს შორის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 71%.

სწავლა ურთიერთობებისთვის ახალი გარემოს პოვნის საშუალებაა

ერთად სწავლა ძალიან მტკიცე სოციალურ კავშირებს ქმნის. როდესაც ზრდასრული ხართ და ამ დროს გაიცნობთ ადამიანების მთელ ჯგუფს, რომლებიც არა მხოლოდ სწავლობენ თქვენთან ერთად, არამედ თქვენი და მათი ინტერესთა წრე ერთმანეთს ემთხვევა, ესე იგი სწორი კურსი აირჩიეთ.

ჩვეულებრივ MBA-ს პროგრამებზე უკვე შემდგარი მენეჯერები და მეწარმეები სწავლობენ, ამიტომ ლექციებს შორის შესვენებებზე მათთან ურთიერთობა – გამოცდილებაა, რომელიც თქვენს ბიზნესს შეიძლება გამოადგეს.

ამას მეორე მხრეც აქვს: ცნობილია, რომ განათლებაში ინვესტიციების დაბრუნების მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ მათ, ვისაც სწავლის მიღების ადგილი უყვარს. ამ სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ადამიანებია, ვისთან ერთადაც სწავლობენ. ამიტომ, თუ კარგ თანაკურსელებს იპოვით, განათლებისგან მეტი ფულის მიღების შანსი გეზრდებათ.

სწავლა ბედნიერებაა

2011 წელს შვედეთში გამოკითხვა ჩაატარეს მათ შორის, ვინც ზრდასრულ ასაკში ოფიციალურ განათლებას (ასე უწოდებენ შვედეთში ტრადიციულ ინსტიტუტებში – სკოლებში, გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში სწავლას) იღებდა. გამოკითხულებმა ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. შედეგი „სამსახურის პოვნა მინდა“ მხოლოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა, „დიპლომის მისაღებად“ – მეოთხეზე, „სამუშაოზე წარმატების მისაღწევად“ – მეხუთეზე, „საკუთარი ბიზნესის დასაწყებად“ – მეშვიდეზე. პირველ და მეორე ადგილებზე ისეთი მიზეზები აღმოჩნდა, როგორებიცაა „ზოგად განათლებაში ხარვეზების აღმოფხვრა“ და „ცოდნის მიღება იმ სფეროში, რომელიც განათლების მიმღებს აინტერესებს“. მათ შორის ვინც არაფორმალურ განათლებას იღებდა, პირველ და მეორე ადგილებზე იგივე მიზეზები დასახელდა, უბრალოდ მათ ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავად სწავლის პროცესში ორი ხშირად ურთიერთგამომრიცხავი რამ ემთხვევა ერთმანეთს. ერთი მხრივ, ადამიანები იკმაყოფილებენ საბაზო მოთხოვნებს სწავლაში, და მეორე მხრივ – დამატებით ამით კარგ ფულსაც შოულობენ.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები