ესპანელი სტუდენტის ქართული თავგადასავალი

განათლება

კორუნას უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა მანუელ ეგლესიასმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ოთხ თვეზე მეტი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარა. მანუელი „სტაჟიანი მოგზაურია“ და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში 15 წლიდან მოგზაურობს. მიუხედავად ამისა, ან შეიძლება ზუსტად ამის გამოც, მას თავისი არგუმენტები აქვს, რომლითაც იგი თავის მეგობრებს თუ ნაცნობებს საქართველოში ჩამოსვლას ურჩევს. უფრო მეტადაც კი ვიდრე მსოფლიო მეგაპოლისებში.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

„ჩემი ხელმძღვანელი, ანხელეს ვერნალი იყო ჩამოსული საქართველოში იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს უნივერსიტეტებში. პარალელურად მე ინტერნეტით დავიწყე იმ ადამიანების ძებნა, ვინც ლაქტინების თემაზე მუშაობს ბიოქიმიაში. ეტყობა ბედის საკითხი იყო, გაირკვა, რომ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველოს ფაკულტეტზე მცენარეთა ფიზიოლოგიის და ანატომიის კათედრის თანამშრომელი მარიამ გაიდამაშვილი და ჩემი უფროსი ერთმანეთს იცნობდნენ. გადავწყვიტეთ მიგვეწერა მარიამისთვის და დაგვეზუსტებინა რისი შესაძლებლობა არსებობდა. რატომაც არა, ეს იყო რაღაც ახალი გამოცდილების მიღების საშუალება, როგორც ლაბორატორიისთვის, ისე ჩემთვის, როგორც სადოქტორო პროგრამის სტუდენტისთვის. მანამდე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვსწავლობდი – 15 წლიდან აშშ-ში, ორი წლის განმავლობაში. შემდეგ 1 წელი იტალიაში, 6 თვე ინგლისში, ლონდონში.

საქართველოში ყოფნის დროს მხოლოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე აკადემიური კუთხით. ჩემს ესპანელ ხელმძღვანელთან ერთად მოვხაზე ჩემი ძირითადი მიზნები, ვფიქრობ რომ დიდი მიღწევა მაქვს ჩემს თეზისთან მიმართებაში. მოლოდინი მქონდა, რომ ენა შესაძლოა ჩემი აკადემიური განვითარებისთვის შემაფერხებელი ყოფილიყო. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ხალხის 90 პროცენტი, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ინგლისურად საუბრობს. ზოგი უკეთესად, ზოგი უფრო ნაკლებად“.

ქართულ-ესპანური მსგავსება და კავშირები

„ბევრ კულტურას ვიცნობ, მაგრამ კავკასიაში აქამდე არ ვყოფილვარ. აღტაცებული ვიყავი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობით, რადგან ეს ის არის, რაც ყველამ, თითოეულმა ევროპელმა უნდა იცოდეს. კერძოდ, თუ როგორია აქ ცხოვრება და რაოდენ მსგავსია იგი თუნდაც კულტურის მხრივ ესპანეთისა. ხალხი ისეთივე ყურადღებიანი, ისეთივე მზრუნველი. ოჯახის თუ რელიგიის საკითხებში ასაკოვნებს იგივე შეხედულებები აქვთ, რაც ჩვენთან. ისე დიდი ხანია, რაც საქართველოს შესახებ ვიცი, რადგან რაგბის მოყვარული ვარ. თავად ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ მყავს მეგობრები, მათ შორის გოგონები, რომლებიც საკმაოდ კარგად თამაშობენ. კორუნაში არის გუნდი „კალკარდ“, რომელშიც ქართველიც თამაშობს და გუნდის 5 საუკეთესო მოთამაშეში შედის.

რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს – რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ აქ ჩემი სამუშაოს განსავითარებლად ჩამოვედი, ყველაფერი საკმარისზე მეტია. ხანდახან აფიქსირებ, რომ აღჭურვილობა ძველია. მაგრამ იგი ასრულებს თავის ფუნქციას და აკეთებს იმას, რაც გჭირდება. მარიამმა ახალი აღჭურვილობა იყიდა, რომელიც ნამდვილად თანამედროვეა. დროისა და დაფინასების წყაროების საკითხია ყველაფერი, რადგან ეს აპარატურა ძალიან ძვირია.“

რა მოსწონს და არ მოსწონს მანუელს

რაც არ მომწონს – გადაადგილების პრობლემაა. ძალიან დიდი ხანი სჭირდება ერთი ადგილიდან მეორემდე მიღწევას. მომწონს ხალხის თბილი განწყობა – რამე თუ არ გესმის და ვინმე რაღაცას ვერ გაგებინებს, გამოძებნის ვიღაცას, რომელიც მის ნაცვლად დაგეხმარება. არ მადარდებს თუ დავიკარგები, მაგრამ, დაკარგვის შემთხვევაში, ძალიან ადვილად და სიამოვნებით ვიღებ დახმარებას. ამას წინათ, ეტყობა, შეცდომით სხვა ავტობუსში ჩავჯექი. ძალიან დავიკარგე. როგორც ჩემი ჯიპიესი მიჩვენებდა, ქალაქის მეორე მხარეს აღმოვჩნდი. მივმართე ასაკიან ქალს, რომელიც მხოლოდ რუსულად საუბრობდა, მაგრამ მანამდე იარა ჩემთან ერთად, სანამ ინგლისურენოვანი ადამიანი არ ვიპოვეთ. უცებ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც გზა ამიხსნა და ფეხით ერთსაათიანი სიარულის შემდეგ, ადგილზე ვიყავი. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ბევრი ესპანელი არ არის, რადგან როდესაც გარშემო ბევრი თანამემამულეა, თითქოს ადგილობრივ გარემოში ინტეგრირების შესაძლებლობას კარგავ. იტალიაში ბევრნი იყვნენ.

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მარიამს ვკითხე საერთო საცხოვრებლის შესახებ. მითხრეს, რომ ინფორმაციის მიღება ვებგვერდიდან შემეძლო. ყველაფერი ჩამოსვლამდე მოგვარდა. მომწონს საერთო საცხოვრებელში ყოფნაც. იქ მყოფ სხვა უცხოელ სტუდენტებთან შეიძლება ფეხბურთი ან კალათბურთი ითამაშო. ან ინტერნეტში ფილმს უყურო. ასევე, შესაძლებელია, ექსკურსიაზე წასვლა სამზარეულოს, ხალხსა და ა.შ. გასაცნობად. კამპუსში ყოფნა ძალიან მომწონს, რადგან ჩემი დროის 90 პროცენტს ლაბორატორიაში ვატარებ. დილას გავდივარ და საღამოს შემოვდივარ.

გემრიელია ყველანაირი საჭმელი და ბოსტნეული. თითქმის ყოველ საღამოს გვაქვს ოჯახური სადილები კამპუსში. რასაც ვერიდებოდი, მჟავეულობა იყო. ახლა ყველაფერს ვჭამ და მსიამოვნებს. ყოველ კვირას ახალ ხალხს ვეცნობი, მაგრამ ყველაზე მეტად იმ 2 გოგონას და მათ მეგობრებს დავუახლოვდი, ვინც ლაბორატორიაში ჩემთან ერთად მუშაობს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დიდი ხანია მათ ვიცნობ. მათი დახმარებით ვეცნობი ახლა კერძებს და არ ყოფილა რომელიმეზე მეთქვას, არ მომწონსო. თუმცა მას შემდეგ რაც აქ გავსინჯე, ხინკლის დიდ მოყვარულად გადავიქეცი“, – ყვება მანუელი.

მოგზაური მანუელი და მისი ოჯახი

„პირველად როდესაც დავტოვე ჩემი ოჯახი, 15 წლის ვიყავი. 2 წლის განმავლობაში ვიყავი აშშ-ში. შესაძლოა რაღაც დამაკლდა იმ მხრივ, რომ ეს ბავშვობის პერიოდია – ამ დროს ჩემი მეგობრები ესპანეთში იზრდებოდნენ და დროს ატარებდნენ. სამაგიეროდ, ვისწავლე სხვა ხალხისა და კულტურის წარმომადგენლების პატივისცემა. არა მგონია მომავალში ამ მხრივ რამე შეიცვალოს. შეიძლება 2-3 წელიწადში იაპონიაშიც აღმოვჩნდე.

თავიდან ჩემი ოჯახი საქართველოში გამომგზავრებას ცოტა სიფრთხილით უყურებდა. მართალია, მამა ყოველთვის მიჭერდა მხარს მსგავს წამოწყებებში. მაგრამ დედაჩემი ზოგადად რთულად ეგუება იმას, რომ ყოველ 2-3 წელიწადში ოჯახს დიდი ხნით ვტოვებ და სადღაც მივემგზავრები. დიდი ხანია ოჯახთან ერთად არ ვცხოვრობ და კვირაში 3-4ჯერ მხედავენ, მაგრამ დედა ხშირად მეუბნება – არ შეგიძლია უფრო დიდი ხნით დარჩე სამშობლოში, რომ უფრო ხშირად გნახოთო? თუმცა მათ იციან, რომე ეს ჩემს აკადემიურ საქმიანობას უკავშირდება. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სკაიპით, ყველაფერი თითქმის იგივეა. სხვაობა ის არის, რომ 12000 კილომეტრის დაშორებით ვარ.

სამომავლოდ, ძალიან მინდა უნივერსიტეტში ვასწავლო, მაგრამ ესპანეთში ეს საკმაოდ რთული ხდება, რადგან დიდი კონკურენცია არსებობს კომპეტენციის თვალსაზრისით. ესპანეთში უკვე ვაწავლი სკოლაში ინგლისურსა და დამწყებ კლასებს – ბიოლოგიას. მეორე გზა კერძო კომპანიაში მუშაობაა. ვიცი, რომ ჩემი სამუშაო მეცნიერებასთან იქნება დაკავშირებული. კარგი იქნება თუ ამავე დროს ინგლისურთანაც უფრო მეტ კავშირში იქნება.

კავკასია, ადგილია საიდანაც ცივილიზაცია დაიწყო…

პირველი ახლო კონტაქტი ქართველთან 5-6 წლის წინ მქონდა. შევნიშნე, რომ ისინი ესპანელების მსგავსად აქტიურები იყვნენ. საქართველოში ჩამოსვლა რომ ღირდა, ამის შესახებ პირველად ქუთაისელი ბიჭებისგან შევიტყვე – ყველაფერი მოგეწონება, ქვეყანა, ხალხი, საჭმელიო. კავკასია ის არის, რაც ევროპელების უმეტესობამ უნდა გაიცნოს. ბევრი საქართველოსა თუ სომხეთში მოგზაურობაზე არ ფიქრობს, მაგრამ ეს საკუთარი კულტურის უკეთ გაცნობაშიც გვეხმარება.

წყარო: თსუ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები