„სწავლის პირველ პერიოდში კურსელები გამარჯობაზეც კი არ მპასუხობდნენ“,- ამბობს ანი მიქელაძე, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის კათედრის, რეზიდენტურის 1-ლი კურსის სტუდენტი. რუსეთში სასწავლებლად გადასვლის პირველი პერიოდი არც თუ ისე კარგად ახსენდება, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და მზადაა დაგროვილი გამოცდილება და რჩევები studinfo.ge-ს გაუზიაროს:
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
– რა აქვს შენს პროფესიას ისეთი, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს მასში და თუ მოითხოვს ის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს, ხასიათის შტრიხებს, რომელიც ადამიანს ბუნებრივად უნდა ჰქონდეს?
– ადამიანების დახმარების დიდმა სურვილმა გადამაწყვეტინა ამერჩია ეს პროფესია და ვყოფილიყავი ექიმი. თუ გინდა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია იყო მომთმენი და შეგეძლოს ბევრი სტრესის ატანა.
– რატომ გადაწყვიტე რუსეთში სწავლის გაგრძელება და რამდენად რთული იყო შესარჩევი ტური? პრობლემებს უნდა მოელოდეს სტუდენტი, როცა რუსეთში მიდის სასწავლებლად და როგორ უნდა იპოვონ გამოსავალი, შენს მაგალითზე?
– რუსეთში გადავწყვიტე წასვლა, რათა პრაქტიკული გამოცდილება დამეგროვებინა. კონკურსი იყო ძალიან დიდი, გამოცდა ტესტირებით ჩავაბარე.
სწავლის პირველი პერიოდი საოცრად რთული იყო. ადგილის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში არ არის მარტივი. მით უმეტეს, რუსეთში, სადაც უჭირთ სხვა ნაციის ადამიანის მიღება. ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, რათა ვყოფილიყავი ძალიან პოზიტიური და ვცდილობდი მეჩვენებინა ის დადებითი მხარეები, რაც ქართველებს გვაქვს. მგონი, გამომივიდა.
ზოგადად რუსი ხალხი სითბოთი არ გამოირჩევა. ჩვენს თაობას ქართველების მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ აქვს, უბრალოდ არ შემოდიან კონტაქტში. თავიდან რომ დავიწყე სწავლა თითქოს არ დავდიოდი კლინიკაში, ყურადღებას არავინ მაქცევდა. გამარჯობაზეც კი არ მპასუხობდნენ. ერთ დღესაც რაღაც შეკრება გვქონდა და ძალიან ხმამაღლა მივესალმე კოლეგებს, ყველამ გამომხედა და მეთქი, ვერ გაიგონეთ გამარჯობა ვთქვი. მეორე დღეს ერთ-ერთმა რეზიდენტმა ჩამიარა რაღაც თქვა, ვერ გავიგონე და ვეკითხები რა მითხარი-თქო? არაფერი უბრალოდ მოგესალმეო.
– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს კურსელებთან და გასართობად თუ დადიხართ ერთად?
– იმ დღის მერე ყველა ძალიან თბილად და კარგად მექცევა. პარასკევი და შაბათი აქ ოფიციალურად გართობის დღეებია და ყველა ერთად მივდივართ სადმე. შინ მოწყენილი არავინ რჩება. ერთი სიტყვით, გართობა აქ უფრო იციან, ვიდრე ჩვენთან.
– რა განსხვავებაა ქართულ და რუსულ უმაღლესი განათლების სისტემებს შორის? სად უფრო რთულია, სად უფრო დახვეწილია სისტემა, როგორია ლექტორების დამოკიდებულება, სტუდენტების ენთუზიაზმი..
– აქ ბევრად მონდომებულები არიან სტუდენტები. სირთულეს რაც შეეხება, ალბათ, უცხო ქვეყანაში უფრო რთულია განათლების მიღება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. გამოცდების ჩატარების წესი ცოტა კომუნისტური გადმონაშთია, მერხის ერთ მხარეს 3 ლექტორი და 1 პროფესორია და მეორე მხარეს სტუდენტი, რომელიც იღებს ბილეთს და იწყებს მოყოლას. აი, მაშინ იწყება საშინელება. ყველა ერთდროულად გისვამს შეკითხვას. ჩვენთან ბევრად დახვეწილია გამოცდების ჩაბარების პროცესი. ლექტორებს აქაც ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ სტუდენტების მიმართ, ცდილობენ მაქსიმალური ცოდნა მოგცენ.
– ყველაზე სახალისოდ რომელი ლექცია გახსენდება?
– მეორე ლექციაზე ლექტორს უნდოდა ჩემთვის დაესვა შეკითხვა. უჭირთ ხოლმე ჩემი გვარის წარმოთქმა, ჩაიხედა ჟურნალში ვერ ამოიკითხა და რადგანაც ანი ბევრი ვართ კურსზე მეუბნება ანი ჩიტო-გვრიტო მიპასუხეო.
– 3 რამ, რაც ქართველმა უნდა გაითვალისწინოს, თუკი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს…
- მზად იყოს ყველანაირი დაბრკოლებისთვის;
- არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და იცოდეს, რომ ის პრობლემები, რომლის წინაშეც ახლა თვითონ დგას, ყველა სტუდენტს გავლილი აქვს;
- ბევრი ჩურჩხელა და ჭაჭა უნდა წაიღოს.
ავტორი: მარიამ ელიაშვილმა