ქართველი სტუდენტის ბრიტანული ცხოვრება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით

ინტერვიუ

ნინო კვირკველია დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. სასექსის უნივერსიტეტში ის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, მიგრაციის კვლევების სპეციალობას ეუფლება.

რატომ გადაწყვიტა საზღვარგარეთ სწავლა, რა მოსწონს სასექსის უნივერსიტეტში და როგორია მისი გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ, ამ თემებზე ნინო ინტერვიუში გვიყვება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– ნინო, მიგრაციის კვლევების მიმართულების შესწავლა რატომ გადაწყვიტე?

– გადაწყვეტილებას არაერთი მიზეზი ჰქონდა საფუძვლად. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ მიგრაციის სფერო, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იქნება აქტუალურ საკითხებს შორის, ამიტომ გვჭირდება მეტი პროფესიონალი. საქართველოში ყოფნის პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ვმუშაობდი და მუდმივად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ ჩემი წვლილი შემეტანა იმ ხარვეზების გამოსწორებაში, რაც მიგრაციის კუთხით იკვეთებოდა. იმისთვის, რომ უფრო თამამი ნაბიჯები გადამედგა და უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი სფეროს განვითარებაში, მჭირდებოდა ცოდნის გაღრმავება. სწორედ ამის შესაძლებლობა ვნახე სასექსის უნივერსიტეტში, სადაც მაქვს საშუალება სიღრმისეულად შევისწავლო მიგრაციის პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ვიკვლიო შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პროცესების გავლენა ერთიანი პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რითაც განსაკუთრებით ვარ დაინტერესებული.

თავად სასექსის უნივერსიტეტში არსებულმა მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა ნამდვილად იქონია დიდი გავლენა გადაწყვეტილებაზე და გამიმარტივა კიდეც მისი მიღება. მიგრაციის სწავლებების პროგრამა იძლევა უნიკალურ შანსს, შეისწავლო ამ მრავალფეროვანი სფეროს ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. ფაკულტეტზე არის მიგრაციის კვლევითი ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბრიტანეთში და დღეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ამ სფეროში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მიგრაციის კვლევების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ეთნიკური და მიგრაციული კვლევების ჟურნალი, რომელიც უახლესი კვლევების პულსაციის კონტროლის უნიკალური პლატფორმაა.

– როდის  მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

– ეს არ ყოფილა ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. უკანასკნელი 2 წელი ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებაზე. ვინაიდან, მიგრაციის კუთხით ვმუშაობდი, მქონდა შესაძლებლობა პრაქტიკაში მენახა ის გამოწვევები, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს და კარგად განმესაზღვრა, პირველ რიგში, ის, თუ რამდენად ვხედავდი საკუთარ თავს სამომავლოდ ამ სფეროში და რა კუთხით მსურდა მიგრაციის კვლევა. სწორედ ამ კითხვებზე საკუთარი თავისგან პასუხის მიღების შემდგომ გადავწყვიტე მიგრაციის მიმართულებით მიმეღო განათლება.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი სასწავლო დღის განრიგი?

– ძალიან გამიმართლა, რადგან ვცხოვრობ ბრაიტონში, ქალაქში, რომელიც ბრიტანეთში ცნობილია თავისი ლიბერალური მიდგომებითა და თავისუფლების სიყვარულით. აქ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ინდივიდუალობის განვითარების და თვითგამოხატვის ულიმიტო შესაძლებლობა.

რაც შეეხება დღის განრიგს, საკმაოდ დატვირთულია, თუმცა სასექსის უნივერსიტეტის მრავალფეროვანი სასწავლო გარემო გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მიუხედავად დატვირთულობისა, დღე იყოს სასიამოვნო. უნივერსიტეტში მუდმივად რაღაც ახალი და საინტერესო ხდება.

ჩემი დღე ძირითადად ლექციებით იწყება და ბიბლიოთეკაში გრძელდება. დღის მანძილზე სხვადასხვა დროს ვესწრები საჯარო ლექციებს და სემინარებს. ასევე, სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბრაიტონში მიგრაციის სფეროში ყველაზე აქტიურ და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაში Voices in Exile, სადაც კოორდინაციას ვუწევთ სირიელ ლტოლვილთა განსახლების პროგრამას, გავცემთ საიმიგრაციო რჩევებს, ვეხმარებით თავშესაფრის მაძიებლებს თუ სხვა მიგრანტებს ბიუროკრატიულ საკითხებში და აქტიურად ვართ ჩართული ქველმოქმედებაში.

– რასთან შეგუება გაგიჭირდა საზღვარგარეთ ცხოვრების პირველ პერიოდში?

– ვინაიდან, ჩემთვის ეს არ არის საზღვარგარეთ სწავლის პირველი გამოცდილება, ვთვლი, რომ ადაპტაციის პროცესმა გაცილებით მარტივად ჩაიარა. ზოგადად, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სიახლეები არის გარკვეულ დისკომფორტთან დაკავშირებული. განსხვავებული კულტურა, ცხოვრების სტილი, ენობრივი ბარიერი და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროებს დროს შესაგუებლად, თუმცა მიმაჩნია, რომ, როდესაც გადაწყვეტილება გააზრებული და მიზანი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია, მსგავსი დაბრკოლებები უფრო მარტივად დასაძლევი ხდება.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად პროფესიაში, რომელსაც ეუფლები?

– განსაკუთრებით მომწონს ის, რომ მიგრაცია ინტერდისციპლინურია და იმისთვის, რომ სფეროს კარგად დაეუფლო გიწევს სხვადასხვა მიმართულებების შესწავლა, რაც აფართოებს ცოდნის საზღვრებს. მიგრაციის თეორიული მიდგომების პარალელურად ვეუფლები ადამიანის უფლებებს, გეოგრაფიას, ისტორიას, ეკონომიკას და ა.შ. ეს მრავალფეროვნება გაძლევს მუდმივად ახლის აღმოჩენის საშუალებას და მეტი ინფორმაციის მიღების სტიმულს.

– რით განსხვავდება ქართული და ბრიტანული უმაღლესი განათლების სისტემები?

– ვთვლი, რომ საქართველოს განათლების სისტემისგან განსხვებით ბრიტანეთში მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გაქვს იმისა, რომ სწავლა შენს ინტერესებს მოარგო. სისტემა იძლევა ფართო შესაძლებლობებს, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე კვლევა განავითარო შენთვის საინტერესო კუთხით. რაც განსაკუთრებით მომწონს არის ის, რომ გასწავლიან შენვე იყო პასუხისმგებელი სწავლაზე, რომელიც რუტინულ და მოვალეობის მოხდის მიზნით გამოცდების ჩაბარების პროცესად არ უნდა იქცეს. ასევე აღვნიშნავდი უშუალო ურთიერთობას პროფესორებთან, რომლებიც თავიანთი სტატუსის თუ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. ვფიქრობ, ბრიტანეთში სწავლა გაძლევს უნიკალურ შანსს ჩამოიყალიბო პირადი დისციპლინა და სწავლების ეთიკა, ასევე გაიაზრო, რომ სწავლა არა იძულებითი პროცესი, არამედ საინტერესო და სასიამოვნო უნდა იყოს.

– რას ნიშნავს შენთვის გქონდეს ევროპაში მიღებული განათლება?

– ბუნებრივია, ევროპაში მიღებული განათლება არ არის წარმატების აუცილებელი წინაპირობა. დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო დაწესებულებას, პროგრამას და რაც მთავარია, თავად სტუდენტის მოტივაციასა და მიზნებს. ჩემი კონკრეტული გამოცდილებით ვიმსჯელებ და გეტყვით, რომ ევროპაში სწავლა, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, ნამდვილად არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც გეხმარება დახვეწო ენის ცოდნა, დაამყარო პროფესიული კონტაქტები, განავითარო კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარები, შეძლო მოვლენების ანალიზი არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, არამედ შეიქმნა მოვლენათა აღქმის უფრო ფართო თვალსაწიერი.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

– ვცდილობ უკეთ გავიცნო დიდი ბრიტანეთი, მისი კულტურა და ტრადიციები, ხშირად ვეწვიო ახალ ადგილებს. თავისუფალ დროს ასევე ჩართული ვარ სტუდენტურ მოძრაობაში, რომელიც ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების უფლებებზე მუშაობს. მოძრაობის წევრები პერიოდულად ვიკრიბებით და ვგეგმავთ საქველმოქმედო თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. კურსელებიც ვცდილობთ, უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი სტუდენტური ცხოვრება, ამიტომ ხშირად ვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, კროსკულტურულ საღამოებს და ა.შ.

– რას გეგმავ სწავლის დასრულების შემდეგ?

– ვინაიდან, საზღვარგარეთ სწავლის მიზანი მომავალში საქართველოში მიგრაციის სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა იყო, ბუნებრივია, ვგეგმავ დავბრუნდე და ჩემი ცოდნა და გამოცდილება სწორედ ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ძალიან მინდა მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში მიგრაციის შესწავლით, შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ აკადემიური კუთხითაც მექნება ამ სფეროს პროპაგანდის შესაძლებლობა.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები