“ქართველი ლექტორებისგან განსხვავებით, აქ ლექტორები ცდილობენ სტუდენტებს მასალის ათვისებაში დაეხმარონ”

განათლება

გოგა დარასელია ოიტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტია. უნგრეთში ის საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება. საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად მან განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და დღეს  ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიატია.

როგორ აირჩია მომავალი პროფესია, რა მოსწონს უნგრული უმაღლესი განათლების სისტემაში, რამდენად კმაყოფილია უნივერსიტეტით და  რას გეგმავს ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ამ თემებზე გოგა ინტერვიუში გვიყვება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

– გოგა, საერთაშორისო ურთიერთობებით როდის და რატომ დაინტერესდი?

– სკოლაში სწავლის დროს პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი პროექტში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას და მოხალისეობრივი აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ურთიერთობა მქონდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მონაწილეობა მივიღე ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობაში, მათ შორის იყო საერთაშორისო კონფერენციები, გაცვლით პროგრამები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, საზაფხულო ბანაკები, დებატები და ტრენინგები მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე პრობლემური საკითხების შესახებ. თავდაპირველად სწორედ ამ აქტივობების გამო დავინტერესდი ამ სფეროთი, შემდეგ კი მონაწილეობა მივიღე FLEX-ის მომავალი ლიდერების გაცვლით პროგრამაში და საშუალება მომეცა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, როგორც გაცვლით სტუდენტს მეცხოვრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასპინძელ ოჯახთან ერთად, მესწავლა ამერიკის სკოლაში, სადაც ყოველდღიურად ვურთიერთობდი როგორც ამერიკელ, აგრეთვე სხვა გაცვლით სტუდენტებთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან.  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში სწორედ იქ დაგროვილი გამოცდილება დამეხმარა.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

– FLEX-ის პროგრამის დასრულების შემდეგ ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ერთი წელი განმავლობაში ვსწავლობდი სამართლის ფაკულტეტზე. თუმცა ეს იყო სპონტანური და გაუაზრებელი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რადგან სამართალი არ იყო ის, რისი სწავლაც მინდოდა და ამ სფეროში ჩემს თავს ვერ ვხედავდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ სწავლა გამეგრძელებინა იმ განხრით, რაც ყოველთვის მაინტერესებდა და მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც შემეძლო სწავლის გაგრძელება,  გადავწყვიტე რომ ამ სფეროში საზღვარგარეთ, მულტი კულტურულ გარემოში მიღებული განათლება და გამოცდილება, უფრო დამეხმარებოდა კარიერულ წინსვლაში და დასახული მიზნების მიღწევაში, განსაკუთრებით კი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ხარისხი და განათლების დონე უფრო მაღალია.

აგრეთვე მეგობრისგან გავიგე, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს STIPENDIUM HUNGARICUM პროგრამას, რომელიც უნრგეთის მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო სტუდენტებს საშუალებას აძლევს განათლება მიიღონ უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით. გადავწყვიტე რომ ეს იყო საუკეთესო შანსი მესწავლა საზღვარგარეთ. შევარჩიე უნივერსიტეტი, რომელიც გამოირჩეოდა სწავლების მეთოდის კარგი ხარისხით, ამ სფეროში განათლების მაღალი დონით და დავიწყე  პროგრამის აპლიკაციაზე მუშაობა.

– გაგვიზიარე პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები…

– გამოცდილების ქონის მიუხედავად, პირველ დღეს მაინც ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა ვიდრე წარმომედგინა. თუმცა ლექტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ შეექმნათ მეგობრული გარემო, რომ სტუდენტებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი, ამას ხელს უწყობდა ისიც რომ კურსზე ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტია. აგრეთვე საოცრად გახარებული და გაკვირვებული დავრჩი იმითაც, რომ ერთხელაც კი არ მომიწია ახსნა, რომ ამერიკის შტატ ჯორჯიიდან არ ვარ.

– რით განსხვავდება ქართული და უნგრული უმაღლესი განათლების სისტემები?

– ვფიქრობ საქართველოში განათლების დონე კარგია, თუმცა ელტეს უნივერსიტეტი (ETLE – Eötvös Loránd University), სადაც ამჟამად ვსწავლობ რეიტინგით პირველი კვლევითი უნივერსიტეტია უნგრეთში და განათლების დონეც შესაბამისად უფრო მაღალია. ჩემი ყოფილი ქართველი ლექტორებისგან განსხვავებით, ელტეში ლექტორები ცდილობენ სტუდენტებს მიაწოდონ არამხოლოდ ცოდნა, არამედ დაეხმარონ ისეთი უნარების გამომუშავებაში, რომლებიც სტუდენტებს მასალის მაქსიმალურად ათვისებას უადვილებს. თეორიასთან ერთად გვაქვს პრაქტიკული სწავლება და საკმაოდ მოსახერხებელი სასწავლო და საორგანიზაციო ონლაინ პლატფორმები, განსხვავდება შეფასების სისტემაც.

აგრეთვე ყველაზე სასიამოვნოა ის ფაქტი რომ უნგრელი და საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ვსწავლობთ ერთად, რაც მულტი კულტურულ გარემოს ქმნის და შეგვიძლია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრების, ღირებულებებისა და იდეების ერთმანეთში გაცვლა, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად პროფესიაში, რომელსაც ეუფლები?

– ყველაზედ მეტად მომწონს ის,  რომ საერთაშორისო ურთიერთობები გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ვგულისხმობ იმას რომ შეხება მაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის საგნებთან. ეს მაძლევს იმის საშუალებას რომ გათვითცნობიერებული ვიყო ბევრ დარგში, როგორებიცაა თუნდაც ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია ან საერთაშორისო სამართალი და საჭიროების შემთხვევაში კარიერული წინსვლა  სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძო.

სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული?

– ამერიკაში ყოფნის დროს დაკავებული ვიყავი სპორტული აქტივობებით, ვვარჯიშობდი სკოლის ამერიკული ფეხბურთისა და ცურვის გუნდებში. FLEX-ის პროგრამის დასრულების შემდეგ კი საქართველოში ძირითადად ვმუშაობდი და როდესაც ვახერხებდი მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში და ღონისძიებებში, ძალიან მიყვარს მოხალისეობა და 9 თვის განმავლობაში ვიყავი EVS-ის (European Voluntary Service) მოხალისე იტალიაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სადაც ვეხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სწორედ იქ ყოფნის დროს პარალელურად ვმუშაობდი STIPENDIUM HUNGARICUM პროგრამის აპლიკაციაზე. უნგრეთში ჯერჯერობით სწავლის გარდა არაფრით არ ვარ დაკავებული, თუმცა უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სპორტული აქტივობაა და მომავალი სემესტრიდან ვაპირებ ცურვით დავკავდე.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

– ჯერჯერობით ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, რადგან ძალიან დიდ დროს ვუთმობ საგნების საკითხავ მასალას, მაგრამ როდესაც მაქვს, უნგრეთში ან მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის და მეგობრებთან ერთად გასართობად გამოვიყენო.

– რას გეგმავ სწავლის დასრულების შემდეგ?

– ბაკალავრის დასრულების შემდეგ მინდა რომ სტაჟირება გავიარო გაერთიანებული ერების რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სამუშაო გამოცდილება დავაგროვო და შემდეგ იმავე მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლა  ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელო.

მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად დაისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, როგორც საქართველოში აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. ვიცი, რომ დღეს ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა და წინ ძალიან დიდი გზა მექნება გასავლელი. თუმცა, მიმაჩნია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, სწორი განათლებითა და მონდომებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები