ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა იმ ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც განათლებას სხვადასხვა საფეხურზე მსოფლიოს წარმატებულ უნივერსიტეტებში იღებენ. მრავალფეროვანია პროფესიების ჩამონათვალი, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს სასწავლებლები ქართველ სტუდენტებს აძლევს. წარმატებული მაგალითების შესახებ ხშირად გვსმენია, კიდე უფრო წარმატებულ ჩვენს თანამემამულეებს კი საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გააქვთ და უცხოელებს ჩვენ ქვეყანას აცნობენ.
22 წლის გენო ქუტაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ექსპერტია საზღვარგარეთ სწავლის საქმეში. ბაკალავრის საფეხური ჟურნალისტიკის მიმართულებით პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში დაასრულა, ახლა კი ბუდაპეშტი კორვინიუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. როგორც ამბობს, სიახლეები მოსწონს, მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე, ჟურნალისტიკის შემდეგ საჯარო პოლიტიკით და მენეჯმენტით დაინტერესდა და, სწორედ, ამ სფეროს ეცნობა ახლა თეორიული თუ პრაქტიკული კურსებით. გენო წარმოშობით ახალგორიდანაა, ომის შემდეგ საცხოვრებლად წეროვანში დევნილთა დასახლებაში გადავიდა.
პირველად ჟურნალისტიკით 2007 წელს დაინტერესდა, როდესაც ტელეკომპანია “იმედის” დარბევის დროს მასში განსაკუთრებით გამძაფრდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნის სურვილი. სწორედ ამ შესაძლებლობების მისაღებად და მისთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
როგორი აღმოჩნდა გზა ჟურნალისტიკიდან საჯარო მმართველობამდე და როგორ აფასებს უნგრეთის ცნობილი უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართული განათლების სისტემას, ამ და სხვა საკითხებზე გენო ქუტაშვილი studinfo.ge-ს ესაუბრა:
– რა გზა გაიარე კორვინიუსის უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე მოხვედრამდე და როგორ შეაფასებ სწავლების ხარისხს უნგრეთში ?
– ბაკალავრის მესამე კურსი გავიარე პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, ერასმუს მუნდუსის სტიპენდიით და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა და გამოცდილება. მივიღე ევროპული განათლება – უფრო მეტი პრაქტიკითა და თეორიით.
მას შემდეგ, რაც პოლონეთიდან დავბრუნდი საქართველოში, ზუსტად, ვიცოდი რომ მაგისტრატურაზე სწავლა ევროპაში უნდა გამეგრძელებინა და ამიტომ დაბრუნებისთანავე შევუდექი შესაფერისი პროგრამისა და პროფესიის ძებნას.
მეგობარმა მირჩია, “სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის” (უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები) შესახებ და მეც დავიწყე ამ სტიპენდიისთვის მუშაობა. საქართველოში ამ სტიპენდიებს განათლების საერთაშორისო ცენტრი კურირებს და მათ ვებ-გვერდზე ვნახე ამომწურავი ინფორმაცია, შემდეგ კი შევავსე აპლიკაციები ქართული და უნგრული მხარეებისთვის. მეორე ეტაპზე უკვე, განათლების საერთაშორისო ცენტრმა გასაუბრებაზე დამიბარა, სადაც საკმაოდ რთული ინტერვიუს შემდეგ, ჩემი საბუთები უნგრულ მხარეს გაეგზავნა, მათაც მომცეს თანხმობა და უკვე უნივერსიტეტმა გამომიგზავნა დავალება, რომელიც 24 საათში უნდა შემესრულებინა, რომ მათთან ვიდეო ინტერვიუს ეტაპზე გადავსულიყავი. ვიდეო ინტერვიუს შემდეგ კი, ივლისის თვეში გავიგე, რომ მე უნგრეთში წარმატებით ჩავირიცხე კორვინიუსის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
რაც შეეხება პროფესიას, მაგისტრატურაზე ჟურნალისტიკა აღარ გავაგრძელე, რადგან 4 წელი საკმარისია ამ მიმართულებით, დანარჩენი უკვე პრაქტიკა და მონდომებაა. საჯარო პოლიტიკა და მენეჯმენტი კი ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის.
სწავლება თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი წიგნები და პროფესიონალი ლექტორები, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. უფრო მეტიც, ერთი თვის წინ, სწორედ, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, სტივენ ოსბორნი, გვიტარებდა ლექციებს. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო დღეს ამ კაცის წიგნებით სწავლობს ამ მიმართულებას და საშუალება მქონდა პირადად მასთან მესწავლა.
– ჟურნალისტიკიდან საჯარო მმართველობამდე გზა არც ისე რთული იყოო, როგორც აღწერ. რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწია და რამდენად ადვილი იყო უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია შენთვის, როგორც ქართველისთვის ?
– დიახ, არ გამჭირვებია ამ პროფესიაში “გადმობარგება”, რადგან სიახლეების ძიება მიყვარს და აქაც სიახლეებს ვეძებდი. თავიდან ეს პროგრამა რომ ვნახე, ძალიან საინტერესო საგნები აღმოვაჩინე და ერთი სული მქონდა როდის შევუდგებოდი აქ სწავლას. რაც შეეხება ინტეგრაციას, აქაც არ გამჭირვებია, რადგან მანამდე უკვე პოლონური გამოცდილება მქონდა და საერთაშორისო სტუდენტური ცხოვრების “გემო” ვიცოდი.
მარტივია, უნდა იყო კომუნიკაბელური და მეგობრული. აქ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ვართ სტუდენტები და უკვე ძალიან დიდი სამეგობრო წრე გვაქვს. რაც შეეხება საქართველოს და ჩემს ქართველობას, უნგრეთში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ საქართველოზე, მაგალითად, ლექტორმა პირველ ლექციაზე საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის სხვადასხვა ქვეყანაში განხილვისას, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების პატარა ვარსკვლავად მოიხსენია. ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა წარსულს წერტილი დაუსვა და განავითარა საჯარო ინსტიტუტებიო. პლუს ამას, ბუდაპეშტი ქართული რესტორნებიც ფუნქციონირებს და საჭმელიც არაჩვეულებრივად იციან.
– რომ შეადარო, რა მსგავსება და განსხვავებაა ქართულ უმაღლესი განათლების სისტემასა და უნგრულ სისტემებს შორის და არჩევანი რომ გქონდეს საქართველოში მაგისტრატურისთვის რომელ უნივერსიტეტს აირჩევდი ?
– მთავარი განსხვავება იცით რა არის?- მიდგომები და დამოკიდებულება სტუდენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მეტნაკლებად ცდილობენ შეიცვალონ და ატარებენ არაერთ რეფორმას, მაინც უჭირთ მიდგომებში.
ლექციები ისეა აქ შედგენილი, რომ შეგიძლია იმუშაო პარალელურად. გამოცდები კი შეგიძლია სამჯერ გადააბარო უფასოდ. თითოეული ლექტორი თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც გასწავლის აუცილებლად, რაც ასევე განსხვავდება ქართულისგან. გამოცდების შედეგებს, საქართველოში ორი კვირა ან ერთი თვე რომ ელოდები, აქ მაქსიმუმ სამ დღეში იდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი განსხვავება საერთაშორისო ლიტერატურასთან და ონლაინ ბაზებთან წვდომაა – ჩვენს უნივერსიტეტებს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ, თუმცა აქ ყველა გზა გახსნილი გაქვს და ეს ძალიან კარგია. უნგრეთში მაქსიმალურად ცდილობენ პრაქტიკაზე ორიენტირებულები იყვნენ, ჩვენგან განსხვავებით.
საქართველოში არის რამდენიმე შედარებით კარგი სასწავლებელი, თუმცა ძალიან ძვირია სწავლა და არასწორია ეს, ფასი ქართულ ბაზართან შესაფერისი უნდა იყოს, რაც ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, არ ხდება.
– გარდა სწავლისა, რას აკეთებენ თავისუფალ დროს? გვიამბე შენ ჰობსა და გატაცებებზე.
– თავისუფალ დროს მეგობრებთან ვატარებ, რადგან აქ ეს ხალხი ჩემი ოჯახია და ძალიან თბილი წრე გვაქვს შექმნილი. ფოტოგრაფიითაც ვარ გატაცებული და როცა დრო მაქვს შემიძლია მთელი დღე ვიარო და დავიკარგო ბუდაპეშტის ულამაზეს ქუჩებში, თან ფოტოები გადავუღო ქალაქის ულამაზეს ადგილებს. პარალელურად ვწერ ჩემს ბლოგზე, რომლის საშუალებითაც 2012 წელს USAID-სა და PH Internationalის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ბლოგების კონკურსის გამარჯვებული გავხდი- ნომინაციით მოქალაქე ჟურნალისტი.
– გაგვიმხილე შენი სამომავლო გეგმები და თუ აპირებ საქართველოში დაბრუნებას და ჩვენს ქვეყანაში პროფესიულ განვითარებას ?
– რა თქმა უნდა, საქართველოში დავბრუნდები, რადგან რად მინდა ეს ცოდნა, თუ საქართველოში არ გამოვიყენე?! მიზანი ერთია – მივიღო აქ განათლება და უკან საქართველოში დაბრუნებულმა გამოვიყენო ქვეყნის სასარგებლოდ. დიახ, ვფიქრობ, პროფესიულ განვითარებას აუცილებლად, რადგან უკვე ორი პროფესია მაქვს და მათი გაერთიანებით კარგი შედეგი უნდა მივიღო.
ასევე იხილეთ: სხვა ინტერვიუები წარმატებულ სტუდენტებთან
ავტორი: ანა ურუშაძე