„სტუდენტები სწავლის პერიოდიდანვე კონკურენტებად აღიქვამენ ერთმანეთს“ – ქართველი სტუდენტი ნიდერლანდებიდან

ინტერვიუ

ანანო ბასილაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მას ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე საუკეთესო ქულები ჰყავდა. ამჟამად ანანო ნიდერლანდებში, უტრეხტის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. ის studinfo.ge-ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და იმ განსხვავებებზე უყვება, რაც ქართულ და უცხოურ განათლების სისტემებს შორის აღმოაჩინა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ანანო ბასილაია: “ბაკალავრიატის მეოთხე კურსის დასაწყისში ჩემი მონაცემები გავაგზავნე უტრეხტის უნივერსიტეტში, მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის და სტატისტიკის (კერძოდ, სტოქასტური ფინანსური მათემატიკის) ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. მალევე მათ დამინიშნეს გასაუბრება, რის შემდეგაც მივიღე შემოთავაზება და მასთან ერთად სტიპენდია “Utrecht Excellence Scholarship”, რომელიც ფარავს როგორ სწავლის, ისე საცხოვრებელ ხარჯებს.”

– რა გხიბლავს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში? ახლა სხვა თვალით, ახლებურად ხომ არ დაინახე შენი საქმე ?

– ყველაზე მეტად მათემატიკაში მხიბლავს მისი სიფართოვე. თითქმის შეუძლებელია დაასახელო სფერო, სადაც მათემატიკა მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. რაც ცხადია, მასში მომუშავე ადამიანს აძლევს განვითარების ბევრ განსხვავებულ შესაძლებლობას. საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ ეს შეხედულება კიდევ უფრო გამყარდა, რადგან ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ ეძებს სხვადასხვა კომპანია (მაგალითად, სატრანსპორტო, სადაზღვევო, საპენსიო და ა.შ.) მათემატიკის მიმართულების სტუდენტებს მათთან სამუშაოდ.

– შენი გადაწყვეტილებით და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებით ბევრი ქართველის ოცნება აიხდინე. თუ ჰგავს რეალობა შენს ოცნებას და რამდენად წარმოგედგინა შენი ახლანდელი ცხოვრება წლების წინ?

– ნამდვილად საოცნებოა ისეთი დონის განათლების მიღება, როგორსაც ჩემი უნივერსიტეტი იძლევა. თუმცა აქ მოხვედრა მხოლოდ მცირე ნაბიჯია ამ ოცნებისკენ. მისი რეალური მიღწევა დაკავშირებულია უდიდეს შრომასთან, რომელიც შეიძლება სულაც არ არის „საოცნებო“ ბევრისთვის.

– უცხო ქვეყანაში ჩასვლის პირველ პერიოდში, ალბათ, ბევრ პრობლემას წააწყდი. მოგვიყევი ამის შესახებ.

ყველაზე რთულია აჰყვე აქაური ცხოვრების/სწავლის რიტმს. აქ ადამიანები გამუდმებით მუშაობენ თავიანთ თავზე. განვითარებისთვის არ ზოგავენ დროს და ენერგიას. ასევე, ცხადია, ეს ყველაფერი უნდა შეუთავსო უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ ყოფით პრობლემას და პასუხისმგებლობას, რაც ნამდვილად არ არის მარტივი.

– რამ გაგაკვირვა პირველად ახალ უნივერისტეტში, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ ტრადიციებს შორის? თუ შეიძინე ადგილობრივი მეგობრები და რამდენად მარტივია საერთო ინტერესების პოვნა?

– პირველად, ყველაზე მეტად გამაკვირვა, გამონაკლისების გარეშე, ყველა თანაკურსელის უდიდესმა მოტივაციამ და განუწყვეტელმა შრომამ. მეგობრები, რა თქმა უნდა, შევიძინე. როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები. მართალია, მათი ცხოვრების წესი განსხვავდება ჩვენისგან, თუმცა ჩვენი ინტერესები მაინც ჰგავს ერთმანეთს. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით აქ ურთიერთობები უფრო დისტანციურია.

– როგორი გრაფიკი გაქვს? რამდენად განსხვავდება სწავლის ქართული სისტემა ევროპულისგან? სტუდენტების ერთმანეთთან დამოკიდებულება, ლექტორებთან, პერსონალთან… რა არის ძირითადი განმასხვავებელი? ქართველი ლექტორების ნაწილი ზედმეტად კონსერვატორია. უცხოელ პედაგოგებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– უტრეხტის უნივერსიტეტი მსოფლიო 50-ეულში შედის. განათლების ქართულ სისტემასთან შედარებით აქ სწავლა ბევრად უფრო ინტენსიურია. გამომდინარე იქედან, რომ კარგი სამეცნიერო პოზიციის მოპოვება ევროპაში ძალიან რთულია, სტუდენტები სწავლის პერიოდიდანვე, გარკვეულწილად, კონკურენტებად აღიქვამენ ერთმანეთს. მართალია ხანდახან ერთმანეთს ეხმარებიან კიდეც, თუმცა ბევრად უფრო შეზღუდულად და გარკვეულ ფარგლებში, ვიდრე ეს საქართველოში ხდება. ასევე, საქართველოსგან განსხვავებით, პროფესორები დაინტერესებულ სტუდენტებს ბევრ დროს არ/ვერ უთმობენ ლექციების გარეთ. შესაძლოა ეს, იმიტომ ხდება რომ აქ ყველა სტუდენტს ბევრი შეკითხვა აქვს და ყველა მათგანი განსაკუთრებულად მოტივირებულია, მაშინ როდესაც ქართულ უნივერსიტეტებში ასეთი სტუდენტები მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენენ.

– სწავლის პარალელურად მუშაობის შესაძლებლობა თუ გაქვთ?

– ოფიციალურად გვაქვს მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო სწავლის პირველ წელს მუშაობა არ არის რეკომენდებული. ასევე, სამაგისტრო ნაშრომის წერის პარალელურად, ჩემი პროგრამა საშუალებას იძლევა  ფასიანი სტაჟირება გავიარო ნიდერლანდების ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც სამაგისტრო კვლევაში დამეხმარება. სურვილის შემთხვევაში, უნივერსიტეტი თვითონ პოულობს ასეთი კომპანიებს ჩვენთვის.

– რას ეტყვი სტუდენტებს, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლას? რა უნდა გაითვალისწინონ, რა უნდა იცოდნენ…

– ვეტყოდი, რომ ახლავე დაიწყონ თავიანთ თავზე მუშაობა და განვითარებისთვის ენერგია არ დაზოგონ. ასევე, ვეტყოდი რომ ეს წლები არ არის ია-ვარდით მოფენილი. აუცილებელია, შინაგანად მოემზადონ უდიდესი შრომისთვის და ასევე, მცირე წარუმატებლობებისთვისაც.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები