წინ ცივი ამინდებია და ამ დროს არაფერი სჯობს თბილ ოთახში ცხელი სასმელით ხელში წიგნთან ერთად მოკალათებას. მათთვის კი, ვისაც კითხვა ძალიან უყვარს განსხვავებული ამბები გვაქვს.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. კრისტა ვოლფი, “კასანდრა” – ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა. მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.
2. ლუი-ფერდინანდ სელინი, “სიკვდილი კრედიტით” – სიკვდილი კრედიტით – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ. წიგნი ავტობიოგრაფიულია და უამრავი გამოგონილი დეტალითაა გაზავებული, ზუსტად ისე, როგორც მწერლის პირველ წიგნში მოგზაურობა ღამის დასალიერში. რომანი ღვარძლითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი; დიდი ტკივილითაც, იმის გამო, რომ მთავარ პერსონაჟს – ფერდინანდს მთელი ცხოვრება უკუღმა წაუვიდა. ამაში ის ბრალს სდებს მშობლებს, ნაცნობ-მეგობრებს… ირგვლივ ყველას, მთელ სამყაროს. არ ივიწყებს საკუთარ თავსაც და ყველა შესაძლო ბინძური ეპითეტით ამკობს მას.
3. ფიოდორ დოსტოევსკი, “მოთამაშე/იატაკქვეშეთის ჩანაწერები/უპოვარნი” – ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. უპოვარნი დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო; იატაკქვეშეთის ჩანაწერებმა დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ფილოსოფიურ აზროვნებაზე და შემდგომ განვითარებულ მოდერნისტულ ლიტერატურაზე; ხოლო მოთამაშე ერთგვარად ავტობიოგრაფიული რომანია და ასახავს თავად მწერლის მისწრაფებას აზარტული თამაშების, კერძოდ კი “რულეტკის” მიმართ.
4. ანდრე ასიმანი, “შენი სახელი დამიძახე” – ანდრე ასიმანის შენი სახელი დამიძახე განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში მის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიყვება ადამიანური ვნების ისტორიას.
5. ტომ პეროტა, “ნარჩენები” – 14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩინარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც “ატაცება” უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ… სწორედ ასეთ უტოპიურ სინამდვილეს გვიხატავს მწერალი და სცენარისტი ტომ პეროტა 2011 წელს გამოცემულ წიგნში ნარჩენები.
6. იენ მაკიუენი , “მონანიება” – “…პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა”. 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის – სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.
7. ჰარუკი მურაკამი , “დენს დენს დენს” – “ცხვრის შემდეგ დავწერე საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე, მერე – ნორვეგიული ტყე და მხოლოდ ამის შემდეგ – დენსი. ვირთხას ტრილოგიის გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან”, – ჰარუკი მურაკამი მისტიკურ დეტექტივში “დენს დენს დენს” სიუჟეტი ცხვარში აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში და განვითარებული კაპიტალიზმის დიადი სისტემის ჭანჭიკად იქცევა, რასაც ის ნეხვად გადაქცევის სისტემას უწოდებს. მთხრობლის ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა. რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში.
8. ნეფერტარი, “ბედუინი” – ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს – ბედუინი ალ ქაბირია…
9. რატი მუჯირი, “ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი” – “ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, არაბული გაზაფხული, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცხელი მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია.
10. ენდი უორჰოლი, ” ენდი უორჰოლის ფილოსოფია” – დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც – ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი… თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა.