„სტუდენტები, ძირითადად, არ არიან მოტივირებული მაღალი ქულების აღებაზე“

ინტერვიუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ მაისურაძე სწავლას საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში აგრძელებს. სასწავლო წლის დასაწყისში ის უამრავ სირთულეს წააწყდა და სიახლეებთან ადაპტირება მოუწია. რამ გააოცა ყველაზე მეტად და რა განსხვავებას ხედავს ქართულ და ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემას შორის – STUDINFO.GE-ს ამ და სხვა კითხვებს მარიამმა თავად უპასუხა:

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

მარიამ მაისურაძე: ერასმუს მუნდუსის გვერდზე ვიპოვე ჩამონათვალში რამდენიმე სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც უკავშირდებოდა ქიმიას. შევაგროვე საჭირო საბუთები, შევავსე აპლიკაციები, სარეკომენდაციო წერილების დაწერა ვთხოვე ჩემს ხელმძღვანელს, ლექტორებს და გავაგზავნე. პირველი გამომეხმაურება ერასმუს მუნდუსის პროგრამიდან იყო, ქიმიაში სპექტროსკოპიის შესახებ და მეც მაშინვე დავთანხმდი. სასწავლო პროგრამა ორწლიანია, პირველ სემესტრს საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში გავდივარ. მომდევნო სემესტრში ლაიპციგში გადავდივარ, ხოლო მომდევნო წელს სავარაუდოდ, ბოლონიაში.

– საზღვარგარეთ წასვლის პირველ პერიოდში რა პრობლემებს წააწყდი?

– ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის იყო ფრანგული ენის არცოდნა. საფრანგეთში იღბალი გჭირდება, რომ ვინმე ინგლისურად გამოგელაპარაკოს, თავდაპირველად, საყიდლებზე გასვლაც კი რთული ჩანდა. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ საერთაშორისო საერთო საცხოვრებელში გამანაწილეს და ადმინისტრაციას შემიძლია ინგლისურად დაველაპარაკო. კიდევ ერთი სირთულე, რაც საფრანგეთისთვის არის დამახასიათებელი, ესაა ბევრი ადმინისტრაციული ფორმალობა, თუმცა აქაც გამიმართლა, ჩვენი სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრატორი ყველაფერში გვეხმარებოდა.

– როგორია ქართველი გოგონას თვალით დანახული პარიზული ცხოვრება? რამ გაგაკვირვა ყველაზე მეტად, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ ტრადიციებს შორის?

– უნდა ვაღიარო, საქართველოში გოგონები გაცილებით მეტად აქცევენ ყურადღებას ჩაცმულობას, მაკიაჟს და სხვების აზრს იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურებიან, ვიდრე საფრანგეთში. ქუჩაში იმდენ ცნობისმოყვარე მზერას ვერ წააწყდები რამდენსაც თბილისში, ყველა თავის საქმეზე მიიჩქარის. პარასკევი საღამოდან შაბათ საღამომდე ახალგაზრდები და არამხოლოდ ისინი, მთელ დროს გართობაში ატარებენ, კაფეები და ბარები გადავსებულია. მაგრამ კვირა დღეს თითქოს, ხალხი სადღაც ქრება, მაღაზიები დაკეტილია, ქუჩები თითქმის ცარიელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლამდე მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად მაინც გაოცებული დავრჩი. კიდევ ერთი, რამაც გამაოცა იყო კაფესა თუ რესტორანში ე.წ. „პორციის“ ზომა, რომელიც ალბათ სამჯერ დიდია, ვიდრე საქართველოში. თბილისისგან განსხვავებით, უსახლკარო ცხოველებს აქ ვერ ნახავთ, სამაგიეროდ ქუჩაში ბებიის ასაკის ქალბატონმა შეიძლება ველოსიპედით ჩაგიქროლოთ.

ახალგაზრდობის ნახევარზე მეტი ინგლისურად ორ წინადადებაზე მეტს არ ან ვერ გეტყვის. აქაურები ამბობენ, რომ ფრანგებს აქვთ არასწორად ლაპარაკის კომპლექსი და ამიტომ ზოგი თავს არიდებს ინგლისურად საუბარს. მაგრამ თუ საუბარი მოახერხე, შემდეგ საქმე მარტივდება.

– როგორი გრაფიკი გაქვს?

– ფრანგი სტუდენტები მიჩვეულები არიან ორსაათიან ლექციებს შესვენების გარეშე. ლექტორები მზად არიან დაეხმარნონ სტუდენტებს, ლექციის პერიოდში ან დამთავრების შემდეგ უპასუხონ მათ კითხვებს, საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტით შეხვედრა დანიშნონ. დამოკიდებულებაც სტუდენტებთან ბევრად უფრო ფამილარულია. მაგრამ აქაც შეიძლება შედარებით უფრო კონსერვატორი ლექტორების პოვნა, თუმცა ყავის ფინჯნით ლექციაზე მისვლის გამო ნამდვილად არავინ გისაყვედურებს.

ჩვენს პროგრამაზე სულ რაღაც 19 სტუდენტია, 15 სხვადასხვა ეროვნების, ამიტომ ერთმანეთის გაცნობა პირველივე კვირაში მოვახერხეთ. ამასთან ერთად უმრავლესობა ერთსა და იმავე საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ, ამიტომ ერთად გასართობად წასვლა, ინფორმაციის გაცვლა, ახალი მასალის ერთმანეთისთვის ახსნა და ერთმანეთისთვის სადილის მომზადებაც კი ჩვეული მოვლენაა.

– ერთი კრეატიული ლექცია თუ გახსენდება, მოგვიყევი…

– ყველაზე კრეატიული იყო ჩვენი ჩამოსვლის მომდევნო კვირაში საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ლექცია. უნდა ვაღიარო, კარგად გავერთეთ. მაშინ, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს. ლექციის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა შეგვასრულებინეს: წინასწარ გამზადებული კითხვარიდან ერთმანეთს სხვადასხვა,  სასაცილო კითხვებს ვუსვამდით, ერთმანეთის ენაზე რამდენიმე სიტყვას ვსწავლობდით და ბოლოს უცნაური დავალებებიც მოგვცეს შესასრულებლად, რის გამოც დღის დარჩენილი ნაწილი ქალაქის ირგვლივ დავრბოდით ხან კატის ძიებაში, ხანაც ვცდილობდით ვინმე დაგვეთანხმებინა, რომ მისი მანქანის მინა გაგვეწმინდა. ახალი ადამიანების გაცნობაში მსგავსი აქტივობები ძალიან გეხმარება.

– ეჭვგარეშეა, დიდ გამოცდილებას დააგროვებ, მაგრამ  განათლების დონე რამდენად მაღალია? გაგიმართლდა იმედები? სტუდენტები რამდენად მოტივირებულები არიან?

– სწავლის დონე ნამდვილად მაღალია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებული ქვეყნების სტუდენტებისთვის უფრო მარტივია პროგრამა, ვიდრე, განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. ძირითადად, მათ იციან საგნის რაღაც ნაწილი, აქვთ ე.წ. ბაზა. მე საკუთარი თავით იმედგაცრუებული ვიყავი, მივხვდი რომ, ჩვენი პროგრამა ძლიერ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აქ ვსწავლობ. ზოგადად, რაც შეიძლება ითქვას მთლიან ფრანგულ სასწავლო სისტემასთან დაკავშირებით ისაა, რომ სტუდენტები, ძირითადად არ არიან მოტივირებული მაღალი ქულების აღებაზე. იშვიათად შეხვდებით საკუთარი და მით უმეტეს, სხვისი ქულებით დაინტერესებულ სტუდენტებს.

შეფასება აქ წლის ბოლოს ხდება, ლექტორებისგან შემდგარი ჟიურის მიერ, რომელიც იკრიბება და განიხილავს ყველა საგნის შეფასებებს ერთდროულად.

– რას ეტყვი სტუდენტებს, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლას? რა უნდა გაითვალისწინონ, რა უნდა იცოდნენ…

– პირველი ისაა, რომ წინასწარ უნდა გაარკვიონ ტექნიკური ფორმალობები. ხოლო როდესაც ჩავლენ უცხო ქვეყანაში, იყვნენ გახსნილები, არ მისდიონ სტერეოტიპებს. ხალხი არც ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში. მეგობრების გაჩენა არ არის რთული. იქნება პერიოდები, როცა განსხვავებული სწავლის სისტემა ან ცხოვრების სტილი სტრესს გამოიწვევს, აუცილებლად იქნება ოჯახის და მეგობრების მონატრების ფაქტორი, მაგრამ ეს, აბსოლუტურად, ნორმალურია და პრაქტიკულად, ყველა ადამიანს ემართება, მიუხედავად ეროვნებისა. ასეთ მომენტებში უნდა ეცადნონ ხელი არ ჩაიქნიონ, თუ საჭიროა, ითხოვონ დახმარება. ასევე, ვინც სასწავლებლად მიდის ვეტყოდი, რომ შაბათ-კვირას სამოგზაუროდ ახლომდებარე ქალაქში გასვლა შეიძლება, ახალ ნაცნობებთან ერთად კაფეში ან ბარში გასართობად წასვლაც, მაგრამ ეცადეთ არ დაგავიწყდეთ რომ სასწავლიც გაქვთ.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები