მოახლოვდა ახალი, 2019 წელი და სტუდენტები, მიუხედავად საგამოცდო პერიოდისა, მასთან შესახვედრად აქტიურ მზადებას იწყებენ. საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ისინი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ და როგორც გავარკვიეთ, ახალი წლის საჩუქრებზეც არ ამბობენ უარს.
როგორ ხვდებიან ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები ახალ წელს? რა საჩუქრებს ელიან საყვარელი ადამიანებისგან და ,,სანტა კლაუსისგან’’ და რა მოლოდინები აქვთ 2019 წლისთვის? ამ კითხვებზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განსხვავებული პასუხები გაგვცეს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ლელა ფერაძე – თსუ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მეორე კურსი: ,,ახალი წლის შეხვედრას სახლში ვაპირებ, შემდეგ მეგობრებთან ერთად წავალ გასართობად. მომავალ წელს მინდა ერასმუსის პროგრამით ევროპაში წავიდე სასწავლებლად და იმედი მაქვს, ასეც იქნება. საჩუქრისთვის განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს, ახალი წელი ისე მიყვარს, რომ ყველაფერი გამიხარდება.”
ანდრია ფენი – გრუნი, ფსიქოლოგია, მესამე კურსი: ,,ახალ წელს როგორ შევხვდები არ ვიცი, შეიძლება ლოგინშიც კი შევხვდე და მეძინოს. ან მეგობრებთან ერთად აღვნიშნო, ჯერჯერობით არ დამიგეგმავს. ამ პერიოდისთვის რაღაც კონკრეტული მიზნები მაქვს და შესაძლოა სოციალური დღესასწაულის ზარ-ზეიმით აღნიშვნაზე წელს უარი ვთქვა. საჩუქარს რაც შეეხება, გამიხარდება რაიმე ფილოსოფიური წიგნი, პოლიტიკის რომელიმე მიმდინარეობის შესახებ ან სოციალური ფსიქოლოგიის კარგი სახელმძღვანელო.”
მირიან სილაგაძე – კსუ, სოციალური მეცნიერებები, პირველი კურსი: ,,ზამთრის მოსვლას ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები და ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი მაქვს .პირველ რიგში ის, რომ დეკემბერში დაბადების დღე მაქვს და ორი კვირის შემდეგ საახალწლო სამზადისი პიკს აღწევს . ვთვლი, რომ ახალი წელი სწორედ ის დღესასწაულია , რომელიც ჩვენში რაღაცას ცვლის უკეთესობისკენ . სტუდენტური ცხოვრებიდან გამომდინარე , საახალწლოდ საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვაბარებთ ფინალურ გამოცდებს ,თუმცა ვისურვებდი ახალი წლის ღამის გატარებას ბაკურიანში , რადგან თხილამურების მოყვარული ვარ . საჩუქრად მინდა Tom ford -ის კოლექციიდან სუნამო- “Tabaco vanille “ მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწევი , თამბაქოსა და ვანილის საერთო კომბინაცია ძალიან მხიბლავს . მომავალ წელს ძალიან მინდა ესპანეთში მოგზაურობა , ხოლო შემდგომ სწავლის გაგრძელება ,რის გამოც ამჟამად ესპანურ ენას ვსწავლობ. ”
ელენე მეტრეველი – სოხუმის უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი, მეორე კურსი: ,,ახალი წელი დიდად არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ დიდ სიხარულს მაინც და მაინც არ მანიჭებს. შეიძლება იმიტომაც რომ კარგი , ხალისიანი და ლამაზი ახალი წელი ჯერ არ მქონია . წელსაც დიდი ალბათობით სახლში შევხვდები, ოჯახის წევრებთან ერთად. თუმცა, ასე რომ მოხდეს არ მინდა . მინდა სოფელში წასვლა საყვარელ ადამიანთან ერთად, თუ თოვლიც მოვა ძალიან გამიხარდება. საჩუქრად რას ვისურვებდი ესე კონკრეტულად არ ვიცი , ალბათ რამე ძალიან ლამაზ სამოსს. მომავალი წელი მინდა რომ ჩემთვის წარმატებული იყოს და რაც მიზნად მაქვს დასახული ყველაფერი შემესრულებინოს.
გუჯა ჭიჭიკოშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალი, პირველი კურსი: ,,ვფიქრობ რომ ახალ წელს შევხვდე ჩემს სახლში, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ვისურვებდი რომ მომავალი წელი იღბლიანი ყოფილიყოს და წარმატების კორიანტელი დამდგარიყოს ჩემს ცხოვრებაში. საჩუქარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს სიხარულით მივიღებ.”
ანო ზარიძე – თეატრალური უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობა, პირველი კურსი: ,,ახალ წელს ვხვდები ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თბილ და კარგ გარემოში. წითელი ღვინით აღვნიშნავთ ახალ წელს და ვუსურვებთ როგორც ერთმანეთს ასევე ყველას ბედნიერ წელს. მომავალი წლისგან ველი ბევრ წინსვლას ჩემი პროფესიული განვითარების მხრივ. ასევე ბევრ დაუვიწყარ წუთს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ბედნიერებას რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. საჩუქრად ვისურვებდი საზღვარგარეთის ბილეთებს… არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა გერმანია. და ბოლოს, ვისურვებდი ლექტორებს ნაკლები სიმკაცრე გამოეჩინათ და რაც შეიძლება ნაკლები საგანი ჩაეტოვებინათ სტუდენტებისთვის. ”
მარიამ ნაცვლიშვილი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, მედიცინა, პირველი კურსი: ,,ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სად შევხვდები ახალ წელს, სოფელში ან თბილისში, გამოცდებზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი დრო დამჭირდება მოსამზადებლად. მომავალ წელს მინდა გაცვლით პროგრამაში მოვხვდე და წავიდე საზღვარგარეთ. ასევე, რაც შეიძლება მალე მინდა მქონდეს ჩემი მომავალი პროფესიის შესაბამისი ანაზღაურებადი სამუშაო. ვისურვებდი საზოგადოებაში ბევრი რამ ვნახო უკეთესობისკენ შეცვლილი, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მეტი სიკეთე, ნაკლები აგრესია, მეტი სწრაფვა განათლებისკენ, განვითარებისკენ, პასუხისმგებლობის გააზრება და ა. შ. ეს მეტ ღიმილსა და დადებით მუხტს შემოიტანს მოსახლეობის უმეტესობის უფერულ ცხოვრებაში. წელს საჩუქრად ვისურვებდი უცხოელი ავტორის, მურის, კლინიკური ორიენტაციის ანატომიას, რომელიც მეტად ძვირფასი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის, როგორც მედიცინის სტუდენტისთვის, ამაზე მეტად არაფერი გამახარებს.”
თამუნა კოზანაშვილი- ილიაუნი, ბიზნესი, პირველი კურსი: ,,ჩემთვის ახალი წელი ბედნიერებასთან და ოჯახის ერთიანობასთან ასოცირდება. ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით ალბათ მე. მართალია 20 წლის ვარ, მაგრამ დღემდე ისე მიხარია ნაძვის ხის დადგმა და მორთვა,რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ამ ახალ წელსაც, როგორც ყოველთვის, ჩემს ოჯახთან ერთად ბაკურიანში შევხვდები. მოვრთავთ ნაძვის ხეს, გავაკეთებთ სხვადასხვა კერძებს და მოუთმენლად დაველოდებით ახალ 2019 წელს,რომელიც ბედნიერებით, სიუხვით და სიყვარულით იქნება აღსავსე. რას ვისურვებდი წელს საჩუქრად? პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს. შემდეგ კი ვისურვებდი, რომ 2019 წელი ჩემთვის და საერთოდ ყველა სტუდენტისთვის ყოფილიყოს წარმატებული სწავლის მხრივ და ყველას სტიპენდიები აგვეღოს. მე პირადად ვისურვებდი უფრო მეტ ჭკუას და წარმატებულ კარიერას.
შაკო მხეიძე – თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალი, მესამე კურსი: ,,ახალ წელს ტრადიციულად ოჯახთან ერთად შევხვდები. რაც შეეხება სურვილს, მომავალ წელს მინდა, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო დამრჩეს სასწავლო პერიოდში. საჩუქრად ვისურვებდი რაიმე სიმბოლურს, ისეთს, რაც უბრალოა და არაფრით გამორჩეული, თუმცა დასამახსოვრებელი.”
ლევან მათურელი – საქართველოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება, მეოთხე კურსი: ,,ვაპირებ რომ სახლში, ოჯახთან ერთად, შევხვდე ახალ წელს. თან ვმუშაობ და რომც მინდოდეს სხვაგან ვერ წავალ. მომავალი წლისთვის იმედია ამერიკაში ვიქნები და მაგისტრატურაზე სწავლას გავაგრძელებ. საჩუქარს რაც შეეხება, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ქონია მაგას ჩემთვის არასდროს და რომც არ მაჩუქონ პრობლემა არ არის, თუმცა ყველაზე მეტად ახლა ბარსელონას საგზური გამიხარდებოდა.”
ავტორი: ნათია ზარიძე