„მეგრული ჩიფსის“ წარმოების იდეა ქართველი სტუდენტისგან

მხიარული ინფო

ზუგდიდელმა სტუდენტმა, ლაშა კვარაცხელიამ „მეგრული ჩიფსის“ – „ნახვაწას“ დამზადებისა და დაფასოების იდეა წარადგინა. საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა სემესტრული ნაშრომი თანაკურსელებს და ლექტორს გააცნო, რომელმაც იდეა მოიწონა და სოციალურ ქსელში გააზიარა. მეგრული, ჯანსაღი სასუსნავის შექმნის იდეა ფეისბუკის მომხმარებლებმაც მოიწონეს და მალევე გახდა პოპულარული.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

„ნახვაწას“ ღომის ქერქია. ითვლება, რომ ის რჩება კარგად მომზადებული ღომისგან. სამეგრელოში „ნახვაწას“ ხშირად მიირთმევენ, როგორც სასუსნავს.

ლაშა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ღომისგან მომზადებული ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და დაბალკალორიულია, რაც მას სხვა ჩიფსებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, თემაზე მუშაობისას ლაშამ მოიკვლია მცენარე ღომის შემადგენლობაც და დაადგინა, რომ მისი რძე განსაკუთრებით სასარგებლოა.

სტუდენტი გეგმავს ნახვაწის დაფასოების იდეა სტარტაპში წარადგინოს, შემდეგ კი რეალობადაც აქციოს.

„ჩვენი პროდუქტი დაანგრევს სტერეოტიპს, რომ ჩიფსი ვნებს ორგანიზმს. რადგან ჩვენი პროდუქტის მთავარი ინგრედიენტი – ღომი, ძალიან პოპულარული კერძია საქართველოში და მას სამეგრელოში სამკურნალოდ, ხშირად დიეტის დროსაც იყენებენ. ღომის რძე – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი, რომელსაც ჩვენი პროდუქტი შეიცავს. ღომის რძე ხელს უშლის ნაბახუსევის განვითარებას და ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლს ანეიტრალებს“, – ასე ასაბუთებს პროდუქტის წარმატებულობას ავტორი.

„მეგრული ჩიფსის“ კიდევ ერთ უპირატესობად სტუდენტი მის უძველეს რეცეპტს მიიჩნევს, რადგან ითვლება, რომ ძველ სამეგრელოში „ნახვაწას“ აქტიურად მოიხმარდნენ. ახალი ჩიფსის ავტორს, პროდუქტის სარეკლამო სლოგანიც აქვს შემუშავებული – „ეზიარე ტრადიციულ გემოს“. მან ასევე დაამზადა შეფუთვის დიზაინი. ახლა ლაშა კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იდეის რეალობად ქცევაა.

წყარო: livepress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები