19 წლის ფოტოსიურეალისტის ნამუშევრები არაცნობიერიდან ინსტაგრამამდე

საინტერესო ფაქტები

რაზე ფიქრობს, ან რას „გიპირებს“ სიურრეალისტი ფოტოგრაფი, როცა ფოტოს გიღებს? „შენგან მხოლოდ ჩრდილი დარჩება, ან ტანსაცმელი“.. „ფონს გამოვცვლი“, „შენი ხელი კარგია მოსაჭრელად“, „თავი არ გექნება“, „სიამოვნებით დაგკიდებდი თავდაყირა“, „უნდა იფრინო“, „ოთხი თვალი უნდა გქონდეს“… შესაძლოა, ფოტოსიურრეალიზმის შემოქმედები ასეც ფიქრობდნენ, თუმცა, უფრო მთავარი ის იდეებია, რომელთა გადმოცემაც ამ გზით შეუძლიათ.

ლუკა ხაბელაშვილი, 19 წლის ფოტოგრაფია, გორიდან, რომლის შემოქმედება კონცეპტუალური და სიურრეალისტური ხელოვნების ზღვარზე გადის. ხშირად იყენებს ფოტომანიპულაციას, როგორც იარაღს, იდეის უფრო ცხადი ვიზუალიზაციისთვის. მისი ყველა ნამუშევარი კი ერთ გზას მიჰყვება – ლუკას არაცნობიერიდან ინსტაგრამამდე, 20 000-მდე გამომწერის წინაშე წარსადგენად.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

დაახლოებით, 10 წლის იქნებოდა, როცა ცნობისმოყვარეობამ ფოტოგრაფიისკენ პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა:

– ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ ვისვენებდი. ძალიან მინდოდა უცხო გარემო დამხსომებოდა და მეც ვყოფილიყავი აღბეჭდილი. დედას ვუთხარი, რომ ფოტოაპარატი მინდოდა, რომ გადამეღო მშობლები და პირიქით, გადავეღე მათ უცხო ქვეყანაში. დედამ თხოვნა შემისრულა და რამდენიმე დღეში იყიდა ფოტოაპარატი. ძალიან გახარებულმა მაშინვე ჩავრთე. მთელი დღეები ვაწვალებდი, ძილის წინ კი მომდევნო დღის წვალებაზე და ექსპერიმენტებზე ვფიქრობდი. სიცხის მიუხედავად, შუადღით სახლში ვრჩებოდი და ვიღებდი ყველაფერს, ონკანს, თუ როგორ მოდიოდა წყალი, კაფელის ფილებს შორის ხაზებს, ბებიაჩემს, ნათურებს და მრავალ სხვა რამეს…“

რა იყო შემდეგ? ფოტოგრაფიით დაინტერესებიდან ფოტოგრაფად ქცევამდე?

– ფოტოგრაფიით დაინტერესების შემდეგ, დავიწყე ჩანახატების კეთება. ვხატავდი კადრებს და წარწერებს ვურთავდი… არის დღეები, კვირები, თვეები, როცა ფოტოს ვერ იღებ, ერთ-ერთი ასეთი პერიოდისას, ყველგან ვეძებდი ინსპირაციას. ჩემი ჩანახატების თვალიერებისას ვიფიქრე, რომ ამ იდეების ფოტოდ გარდაქმნა შესაძლებელი იყო.

დღეს ლუკა 19 წლისაა. „კამერის წვალების“ გამოცდილებას ტინეიჯერის სათქმელი, ემოცია, სამყაროთი იმედგაცრუება, თუ მადლიერება შეემატა. ამბობს, რომ თითოეული ფოტო მის შინაგან მდგომარეობას ჰყვება, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან რთულია განცდების ვიზუალიზაცია. თუმცა, აღმქმელში ეს „ნაწილობრივი გადმოცემა“ მაინც იწვევს ინტერპრეტაციებს, განწყობის ცვლილებასა თუ ახალ იდეებს…

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები