სალომე პაჭკორია ამერიკაში, მიდლბერის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია. მისი სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკასა და დიპლომატიას, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის კვლევებს მოიცავს, სასწავლო პროგრამა კი არასტანდარტულია და 2,5 წელს გრძელდება. თუ როგორ ცხოვრობს და სწავლობს სალომე ამერიკაში და რას გეგმავს მომავალში, ამაზე ის ინტერვიუში გვესაუბრება.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
– სალომე, როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?
– რამდენიმე მიზეზი მქონდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად ბევრი დადებითი ცვლილებისა, საქართველოში არსებული სამაგისტრო პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ბევრი უნივერსიტეტის პროგრამებს ძლიერ კონკურენციას ვერ უწევენ. მხოლოდ დიპლომისთვის მაგისტრატურაზე ჩაბარება არ მინდოდა, ამიტომ ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა გადავწყვიტე.
– IEC ცენტრის კონკურსში გამარჯვებას ელოდი?
– ვერ წარმომიდგენია ასეთ რამეს ვინმე ელოდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტებთან შედარებით, მე ბევრად დიდი დაფინანსება მჭირდებოდა და სამუშაო გამოცდილება ძალიან მცირე მქონდა, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი.
– რა კრიტერიუმებით აარჩიე უნივერსიტეტი?
– ვიცოდი, რომ სწავლის გაგრძელება ამერიკაში მსურდა, ამიტომ ამერიკის უნივერსიტეტებში სასურველი პროგრამისა და უნივერსიტეტის ძებნა დავიწყე. მიდლბერის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა იმით დამაინტერესა, რომ 2.5-წლიანი ორმაგი მაგისტრატურის პროგრამა აქვს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური დიპლომატიის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის და განვითარების მაგისტრის ხარისხს აერთიანებს. ვაჭრობა ის სფეროა, რომელზეც ცალკე სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტების ძალიან მცირე ნაწილს აქვს და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გამო საქართველოსთვის უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საბუთების გაგზავნის შემდეგ, ეს უნივერსიტეტი იყო ხუთიდან ერთადერთი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა აპლიკანტთან პირად ინტერვიუს ატარებდა. ამან დამარწმუნა იმაში, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს გულმოდგინედ არჩევს და მზადაა ბევრი დამატებითი რესურსი ჩადოს ამაში.
– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?
– ვცხოვრობ კალიფორნიის შტატში, პატარა და წყნარ ქალაქ მონტერეიში. დღე, როგორც წესი, დილის 6-7 საათზე, მეცადინეობით იწყება. ვცდილობ კვირაში რამდენჯერმე ვირბინო, უნივერსიტეტში წასვლამდე. 10 საათიდან მაქვს ლექციები. დღეში 4 ან 6 საათი. ამას გარდა, მაქვს ჯგუფურ პროექტზე სტუდენტებთან და პროფესორებთან ცალკე სხვადასხვა საკითხზე შეხვედრები. იმის გამო, რომ ძალიან ხშირია უნივერსიტეტის ეგიდით მოწყობილი საინტერესო ღონისძიებები, რომლებსაც ვესწრები ხოლმე, სამეცადინოდ საღამოს 6-7 საათამდე ვერ ვიცლი. ლექციების, შეხვედრების და ღონისძიებების შემდეგ საღამოს 10-11 საათამდე ბიბლიოთეკაში ვარ და ვმეცადინეობ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მეგობრები მოკლე დროით შეკრებასა და დასვენებას მაინც ვახერხებთ.
– მოგვიყევი, რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო და რთული შენს პროგრამაში?
– ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პირველი სემესტრშივე რამდენჯერმე ისეთი დავალება დავწერე, ან ისეთი ლექცია გავიგე კარგად, რომ 3 თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ძალიან მოკლე დროში პროგრესს რომ ნათლად ხედავ, მოტივაციაც გიძლიერდება. რთულია ბალანსის დაცვა სწავლასა და ყველაფერ დანარჩენს შორის. სწავლის ალტერნატივა არამარტო დასვენება, არამედ ის უამრავი ექსტრაკურიკული აქტივობის შესაძლებლობაა, რასაც ინსტიტუტი იძლევა. ამ ეტაპზე უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენო, რადგან ძირითადად ვმეცადინეობ.
– რა მოგწონს ამერიკულ უმაღლესი განათლების სისტემაში?
– საიდან დავიწყო არ ვიცი. უამრავი რამეა, რაც არც ქართულ, არც იაპონურ განათლების სისტემაში არ გამომიცდია. მხოლოდ რამდენიმეს მოვიყვან მაგალითად.
მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ყველას გვყავს პირადი კარიერის მრჩეველი, რომელთან შეხვედრაც მარტივად შეგვიძლია მაგალითად იმისთვის, რომ სივი შეგვისწოროს, მნიშვნელოვანი მეილის სწორად მიწერა გვასწავლოს ან სტაჟირების ინტერვიუ გავითამაშოთ, რათა რჩევები მოგვცეს. უნივერსიტეტმა ასევე შემოგვთავაზა 7-კვირიანი კურსი კარიერის მენეჯმენტზე, რომელსაც ჩემი კარიერის მრჩეველი უძღვებოდა.
ყველა პროფესორს აქვს „საოფისე საათები“ (office hours), რაც ნიშნავს, რომ ამ დროის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ პროფესორის ოფისში და დამატებით გაესაუბრონ მას. ასევე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა საგნის შემთხვევაში ასეა, მაგრამ ორ საგანში შუალედური წერის შემდეგ პროფესორებმა ყველა სტუდენტთან მთლიანი შუალედური ცალ-ცალკე განიხილეს.
არსებობს უამრავი სერვისი, რომელიც სტუდენტებს გარემოსთან ადაპტირებაში, დავალებების შესრულებასა და განსაკუთრებული უნარების განვითარებაში ეხმარება. მაგალითად, ყოველკვირეულად არის უფასო იოგისა და ცეკვის სესიები. არსებობს კლუბი, სადაც სტატისტიკის სხვადასხვა პროგრამის მცოდნე სტუდენტები მუშაობენ და თუ მათ აპლიკაციების გამოყენებით პროექტის გაკეთება უნდათ, შეუძლია ამ კლუბისგან მიიღოს დახმარება. არსებობს სხვა კლუბი, სადაც სიმღერების ჩაწერა, მოკლე ფილმების გაკეთება შეიძლება.
იდეალურად კი ჟღერს, მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში სულ ის შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტებმა პროფესიული წინსვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინოთ. ამას კი იმგვარად ახერხებენ რომ აქ გატარებული სასწავლო პერიოდი ტანჯვად არ გვექცეს.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– ეს, ალბათ, ყველაზე მოკლე პასუხი იქნება, იმიტომ რომ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. მიყვარს ლაშქრობა და შაბათ-კვირას ვცდილობ რომელიმე ახლოსმდებარე პარკში სალაშქრო ბილიკები გავიარო. ასევე მიყვარს კლდეზე ცოცვა და იშვიათად, მაგრამ მაინც დავდივარ კლდეზე ცოცვის დარბაზში.
– როგორია შენი გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ?
– სწავლის დასრულების შემდეგ, 1 წლით ამერიკაში დარჩენა და ჩემი პროფესიით მუშაობა მინდა, საუკეთესო შემთხვევაში, აქაურ კვლევით ცენტრში. ამის შემდეგ კი ვგეგმავ ჩამოსვლას და საქართველოში არსებულ კვლევით ცენტრში ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას. მომამვლში მინდა ვასწავლო რომელიმე ქართულ უნივერსიტეტშიც, როცა ამისთვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მექნება.
ავტორი: ნათია ზარიძე