დამეთანხმებით სტუდენტებისთვის სწორი კვება არა მხოლოდ საჭირო არამედ აუცილებელიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ მზარეულობა ყველას არ გამოსდის, თუმცა გარკვეული დოზით კულინარიისადმი სწრაფვა ყველა ადამიანშია. გასტრონომიული შედევრების შესაქმნელად, საკმარისია ცოტაოდენი პრაქტიკა და შთაგონება. საკუთარი უნარების გასავითარებლად, კულინარიული შოუების ნახვა არაჩვეულებრივი ხერხია. მათი დახმარებით გემრიელი კერძების მომზადდება მარტივია. ინფორმაცია, რომელსაც მათი მეშვეობით იღებთ, ტვინში ინახება და თავს მოულოდნელად იჩენს.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სადილი 30 წუთში ჯეიმი ოლივერთან ერთად – ჯეიმი ოლივერი კულინარიაში ნამდვილი ვირტუოზია. დიდ ბრიტანეთში მისი მიღწევები ღირსეულადაა დაფასებული: ჯანსაღი კვების საკითხებში მას რამდენიმე სახელმწიფო პრემია აქვს მოპოვებული. ჯეიმის სჯერა, რომ გემრიელი საკვებიც შეიძლება ჯანსაღი იყოს.
ოლივერის შოუების ნახვა ნამდვილი სიამოვნებაა − ქარიზმატული ბრიტანელი ისეთი თვითდაჯერებულია სამზარეულოში, რომ ამ განწყობას მაყურებელსაც ადვილად გადასდებს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს მისი მეშვეობით ყველაზე რთულ კერძსაც უმარტივესად მოამზადებთ. ამ გადაცემაში ბევრ საინტერესო და გემრიელ რეცეპტს შეიტყობთ, რომელთა მომზადებას მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება.
ელემენტარული კულინარიის კურსი გორდონ რამზისთან ერთად – გორდონ რამზი საერთაშორისო მასშტაბის შეფმზარეული და ნამდვილი ლეგენდაა. ცნობილი კულინარი აქტიურ ცხოვრებას მისდევს და სხვადასხვა პროექტს ავითარებს. ბრიტანელი მზარეულის დაწესებულებებს „მიშლენის“ 16 ვარსკვლავი აქვს მოგროვებული.
ამ კონკრეტული საავტორო შოუს მიზანია, კერძის მომზადება ნებისმიერ ადამიანს ასწავლოს. თუ ამ დონის კულინარს მიაჩნია, რომ ეს ყველას შეუძლია, თქვენ რატომ ვერ დაიჯერებთ?
შოუ 20 სერიას ითვლის, რომელშიც რამზი გვიყვება, რომელი კერძები მოვამზადოთ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე; გვიზიარებს სამზარეულოს საიდუმლოებებს და საკვების მომზადების ტექნოლოგიებს.
ჯოჯოხეთური სამზარეულო – გორდონს კიდევ ერთი საინტერესო შოუ აქვს − Hell’s Kitchen. სახელწოდება მთლიანად ამართლებს იმას, რასაც ეკრანზე დაინახავთ. წყნარი და ტაქტიკური გორდონი წინა გადაცემიდან, აქ აბსოლუტურად სხვანაირ ადამიანად მოგეჩვენებათ. რამზი ყვირის, ჩხუბობს, კიცხავს მონაწილეებს და წარუმატებელ კერძებს პირდაპირ ნაგავში აგდებს.
შოუ 2005 წლიდან ეთერშია. მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ მონაწილეები ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფმზარეულის პოზიციის მოსაპოვებლად იბრძვიან. გორდონი ყველანაირად ამოწმებს, წვრთნის მათ და ახსენებს, რომ მთავარი მზარეულის სახელწოდების დამსახურება ცრემლებითა და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლითაა შესაძლებელი. მათი შეცდომების მაგალითზე, თქვენც ბევრ რამეს ისწავლით.
ტოპ შეფმზარეული – შოუში მზარეულის დავალებებს არა მოყვარულები, არამედ ნამდვილი პროფესიონალები ასრულებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს ამერიკული კულინარიული შოუ მსოფლიოს 19 ქვეყანაში გადაიცემა. ეკრანზე კულინარიული შედევრების შექმნას დააკვირდებით, მიიღებთ ინსპირაციას და შემოქმედებითი გადაწყვეტილებებით დატკბებით. მათ ნამუშევრებს პლანეტის ყველაზე ცნობილი მზარეულები აფასებენ.