მკითხველის მუდმივ “კონტროლზე” ყოფნა და ამავდროულად განსაკუთრებული ამბის მოთხრობა მარტივი საქმე არ არის, თუმცა კარგი ავტორებითა და ნაწრარმოებებით განებივრებულები ვართ. გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც საქართველოში მკითხველი ყოველთვის ჰყავს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ჰარუკი მურაკამი, “კაფკა პლაჟზე” – კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები.
ლაშა ბუღაძე, “პატარა ქვეყანა” – წიგნში ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში.
აკა მორჩილაძე, “obOle” – რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება… სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში.
არტ შპიგელმანი, “MAUS” – „MAUS – ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი“ ცნობილი ამერიკელი მხატვრისა და მწერლის, არაერთი კომიქსის ავტორის, არტ შპიგელმანის გრაფიკული რომანია, რომელშიც მან მამამისის, ვლადეკის, პირით მოგვითხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სულისშემძვრელი ილუსტრაციები, რომლებშიც ავტორმა ადამიანები ცხოველებად წარმოგვიდგინა, და ბუნებრივი თხრობა „ცოცხლად დარჩენილის ნაამბობს“ მეტ დამაჯერებლობას ჰმატებს და მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს ისეთ მკითხველზეც კი, რომელსაც ჰგონია, რომ ჰოლოკოსტის შესახებ ყველაფერი იცის.
დევიდ მიჩელი, “ღრუბლების ატლასი” – ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე.
ანე ფრანკი, “ანე ფრანკის დღიური” – ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
თემურ ბაბლუანი, “მზე, მთვარე და პურის ყანა” – „სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები“. ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ალან მური, ბრაიან ბოლანდი,” ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა” – კომიქსების ლეგენდარულმა მწერალმა ალან მურმა წიგნებით „გუშაგები“ და „V ანუ ვენდეტა“ სუპერგმირის ცნებას ახალი მნიშვნელობა შესძინა. კომიქსში „ბეტმენი: მკვლელი ხუმრობა“ ყველა დროის საუკეთესო სუპერვილანის ისტორია იწყება. ჯოკერმა გადაწყვიტა, დაამტკიცოს საკუთარი მოსაზრება, თითქოს საკმარისია ერთი ცუდი დღე, რომ საღგონებაზე მყოფი ადამიანი ჭკუაზე შეიშალოს. ჯოკერის გამოჩენამ ბეტმენის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მხატვარმა ბრაიან ბოლანდმა შთამბეჭდავი ილუსტრაციები შექმნა ნაწარმოების პირველი ორიგინალური გამოცემისათვის.თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბეტმენი: მკვლელი ხუმრობა“ კომიქსების ჟანრის ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ნაწარმოებია.
რ.ჯ. პალაციო “საოცრება” – ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.
ჯ.კ. როულინგი, ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი – ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია. წარსულში მომხდარი საშინელი უსამართლობის გამოსწორების სურვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და უფროს და უმცროს პოტერებს მიახვედრებს, რომ ბნელი ძალა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კუთხეში ჩასაფრებული გველოდეს.