ამქვეყნიური რუტინისთვის თავის დაღწევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა, მით უმეტეს მაშინ, თუ კი წიგნი საინტერესო, განსხვავებული და ყოვლისმომცველია. ასეთი წიგნები გმირებთან ერთად, განსხვავებულ გარემოში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. გთავაზობთ 10 დაუვიწყარ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მიშელ უელბეკი – “მორჩილება” – წიგნი იმაზეა, როგორ იპყრობს თანდათან მუსლიმური სამყარო ევროპას 2017 წლის შემდეგ. სკანდალურობა მიშელ უელბეკს ისედაც არ აკლდა და ამის შემდეგ წინასწარმეტყველურ უნარზეც ალაპარაკდნენ. “ისლამი” არაბულ ენაზე მორჩილებას ნიშნავს და ეს ტექსტიც ცდილობს აჩვენოს როგორ ხდება ევროპა ისლამის მორჩილი, მათ შორის მთავარი გმირიც.
ოლდოს ჰაქსლი – “საოცარი ახალი სამყარო” – წიგნი ამერიკული „უახლესი ბიბლიოთეკის“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანების ასეულში მოხვდა. ის სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში აკრძალული იყო. სამყარო, რომელსაც ამ წიგნში ვხვდებით, მართლაც საოცარი და ამავდროულად, შემზარავია. თუმცა, თანამედროვეობისა და ტექნიკის უფრო და უფრო მზარდი განვითარების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ ჰაქსლის წიგნი რეალობად იქცეს. რომანში მომავლის ცივილიზაციაა აღწერილი – მსოფლიო სახელმწიფო, რომლის დევიზიცაა ერთობა, იდენტობა, სტაბილურობა. მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ ადამიანებს ბავშვის გაჩენაც აღარ სჭირდებათ.
ჰანტერ ს. თომპსონი – “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში” – ეს თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ნარკოტიკით გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.
ელიზაბეტ ჯილბერტი – “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” – ეს ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას… რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს… საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
სემუელ ბეკეტი – “გოდოს მოლოდინში” – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პიესა, განუხორციელებელი და გადავადებული იმედების რექვიემი, ეგზისტენციალიზმის დრამატურგიული ხორცშესხმა, პიესა, რომლის ამომწურავად წაკითხვა დღემდე შეუძლებელ ამოცანად რჩება.
კურტ ვონეგუტი – “სასაკლაო #5” – ცენზურის მიუხედავად, წიგნი ერთხმად აღიარეს მკითხველებმაც და კრიტიკოსებმაც. ავტორის მონათხრობი, ერთი მხრივ, მოიცავს XX საუკუნის დრამატულ ისტორიულ ფაქტებს და, მეორე მხრივ, არარსებული პლანეტა ტრალფამადორის ცხოვრების აღწერას. რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება, თუმცა ეს ყველაფერი ისევ რეალური ცხოვრების სევდიანი თუ კომიკური გარემოებებითაა განპირობებული.
დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” – რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება…“
ჯორჯ ბერნარდ შოუ – “პიგმალიონი” – ირლანდიელი დრამატურგის ჯორჯ ბერნარდ შოუს საქვეყნოდ აღიარებული პიესა „პიგმალიონი“ 1923 წელს დაიდგა. მის მიხედვით შეიქმნა ასევე საყოველთაოდ ცნობილი მუზიკლი „ჩემი მშვენიერი ლედი“. 1926 წელს ბერნარდ შოუს მიენიჭა ნობელის პრემია „იდეალიზმითა და ჰუმანიზმით გამორჩეული შემოქმედებისათვის, ცეცხლოვანი სატირისათვის, რომელიც ხშირად ერწყმის არაჩვეულებრივ პოეტურ მშვენიერებას“.
ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი” – გაკოტრებული ახალგაზრდა რაფაელ ვალენტინი გადაწყვეტს, თავი მოიკლას. მაგრამ მოულოდნელად იგი ხდება ფანტასტიკური შაგრენის ტყავის მფლობელი, რომელიც აძლევს მას განუსაზღვრელ შესაძლებლობას, შეისრულოს ყოველი სურვილი. თუმცა, სურვილის შესრულებისას, შაგრენის ტყავი იკუმშება და პატარავდება, რაც მისი სიცოცხლის შემოკლებას ნიშნავს. რაფაელი ცდილობს, შეაჩეროს მოახლოებული აღსასრული…
დენიელ კიზი – “ყვავილები ელჯერნონისთვის” – სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს, ჩარლის, ტვინზე ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მისი IQ 180ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.