თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, პროექტის მიზანია ახალგაზრდობას მიეცეს შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდი საინტერესოდ გაატარონ. „მათ ვთავაზობთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკებში, რომელიც იგეგმება ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მეწარმეობის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებებით. ასევე, მოეწყობა სალაშქრო ტურები თბილისის გარშემო არსებულ მარშრუტებზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება, სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.
საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი – 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების – 2018 წლის 25 ივლისი – 30 სექტემბერი.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საზაფხულო პროგრამებში ჯამში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.youth.municipal.gov.ge.