“გამოცდაზე ფიქრი არ უნდა დაგჭირდეს ისე უნდა დაწერო” – ქართველი სტუდენტი გერმანიიდან

ინტერვიუ

მარიამ იაკობიძე გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს. მისი სპეციალობა სოფლის მეურნეობისა და საკვები ინდუსტრიის ეკონომიკაა. რა სირთულეების გადალახვა მოუწია,  რას ფიქრობს გერმანიაზე და როგორია მისი, როგორც ქართველი სტუდენტის გამოცდილება,  ამ თემებზე მარიამი ინტერვიუში გვიყვება.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– მარიამ, აგრარული მეცნიერებების სწავლა რატომ გადაწყვიტე?

– აგრარული ეკონომიკის მიმართულებით  ჯერ კიდევ ბაკალავრიატის დროს თსუ-ში დავინტერესდი. ამ მიმართულებით აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში.

4-წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ  კი უფრო ნათლად დავინახე, რომ  საქართველოს შრომის ბაზარზე სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება როგორც დარგის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. და ეს მაშინ, როდესაც  ჩვენს ქვეყანას ამ სფეროში კარგი პოტენციალი აქვს, რასაც ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო სივრცე სთავაზობს.

ვფიქრობ, ეს პრობლემა სახელმწიფოსაც კარგად აქვს გააზრებული. სწორედ ამიტომ აგრარული მიმართულება განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების პრიორიტეტებშიცაა შეტანილი. ჩემი ინტერესისა და ცენტრის პრიორიტეტული მიმართულების, თანხვედრის გამო  დიდი პატივი მაქვს ვიყო მათი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (2017-2018) სტიპენდიატი.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

– სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს ფაკულტეტი, რომელიც სტუდენტებს  სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მიმართულებით მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ თუ  სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი, ეს მიმართულება შემესწავლა რომელიმე წამყვან ევროპულ უნივერსიტეტში. ასეთი აღმოჩნდა ბონის უნივერსიტეტი – სოფლის მეურნეობის და საკვები ინდუსტრიის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა.

– მოგვიყევი, გერმანიში ყოფნის პირველი ეტაპის სირთულეებზე…

– არასდროს მიფიქრია, რომ გერმანიაში ვისწავლიდი. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანული ენა არ ვიცი, ორიენტაცია უფრო მეტად ინგლისურენოვან ქვეყნებზე მქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც  აღმოვაჩინე ეს კონკრეტული პროგრამა, რომელიც  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს ეკონომიკის დარგში  წარმოადგენს,  გადავწყვიტე  ეს გამოწვევა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამაგისტრო პროგრამა  ინგლისურენოვანია, საწყის ეტაპზე  ენის არცოდნის გამო, უამრავი პრობლემა შემხვდა.

გერმანულის გარდა სხვა ენაზე აქ ფიზიკურად ვერ ნახავთ ინფორმაციას, დაწყებული სატრანსპორტო საშუალებებით და დამთავრებული მუზეუმებით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბიუროკრატიულ პროცესებზე, რომელიც პირველი თვის განმავლობაში უნდა გადალახოს სტუდენტმა, რათა ყოველგვარი წესების დაცვით შეძლოს ამ ქვეყანაში ცხოვრება.

შესაბამისად, რა ტიპის ან რომელენოვან პროგრამაზეც  უნდა აბარებდეს მსურველი, ვურჩევდი გერმანული ენის დამწყები კურსები აუცილებლად გაიაროს წინასწარ, რათა უფრო მედგრად შეხვდეს იმ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს, რაც სამწუხაროდ, აქაური ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

– რით განსხვავდება ქართული და გერმანული უმაღლესი განათლების სისტემები?

– ვფიქრობ, პირველ რიგში, რასაც თავიდან ბოლომდე სიხარულით ვისესხებდი გერმანიისგან და დავნერგავდი საქართველოში, არის განათლების სისტემა. დღითიდღე უფრო და უფრო მაკვირვებს ის სიღრმე, თანმიმდევრულობა, ორგანიზებულობა და ეფექტურობა, რაც გერმანულ განათლების სისტემას ახასიათებს. ნამდვილად არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი, თუმცა ერთწლიანი დაკვირვების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის და ზოგადად განვითარების ძირეული მიზეზი სწორედ ასეთ გამართულ  განათლების სისტემაშია.

თავისი ეფექტურობით ყველაზე მეტად გამოვყოფდი, სემესტრული გამოცდების ჩატარების პრაქტიკას. თავიდან ძალიან მიკვირდა და ვბრაზობდი კიდეც, როდესაც გავიგე მხოლოდ ერთი საათი მქონდა იმისათვის, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გადმომეტანა ფურცელზე გამოცდის დროს, მით უმეტეს, რომ მასალა იყო აუარებელი, ხოლო გამოცდის კითხვები უსაშველოდ რთული. თუმცა საბოლოოდ გავიაზრე, რომ სისტემის წარმატების საიდუმლოც სწორედ ამაში იმალებოდა – სტუდენტებისგან ისეთ ცოდნას ელოდებიან, რომ მათ გამოცდის წერის დროს ფიქრი არ სჭირდებოდეთ და საკითხი დაუფიქრებლად ფურცელზე გადაიტანონ. მართლაც, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ გამოცდაზე ისეთი ცოდნით უნდა შეხვიდე და ნებისმიერი კითხვისთვის ისეთი მომზადებული უდნა იყო, რომ ფიქრში ერთ წუთსაც არ კარგავდე.

– სასწავლო პროგრამაში რა იყო შენთვის აღმოჩენა?

აკადემიური სირთულეებისთვის თავიდანვე შემზადებული ვიყავი, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით პროგრამის ანალიტიკურ ნაწილში. ვიცოდი, რომ ბონის უნივერსიტეტი მათემატიკისა და ტექნიკური საგნების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველა გზა მათემატიკამდე, ეკონომეტრიკასა და სტატისტიკამდე მიდიოდა. გარდა ამისა, არ ველოდებოდი, რომ პარალელურ ეკონომეტრიკულ და სტატისტიკურ პროგრამებს ასეთი დიდი დოზით შევისწავლიდი და  მათ ყოველკვირეული დავალებების მოსამზადებლად გამოვიყენებდი.  ვფიქრობ ამით უნივერსიტეტი სტუდენტებს მომავალი სამუშაო ადგილებისთვის სრულფასოვნად ამზადებს.

– რა თავისებურებები ახასიათებს გერმანელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების სტილს და მათგან რომელია შენთვის მისაღები?

იმდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ალბათ, ეს სამყარო რომ ლოგიკურად იყოს მოწყობილი, ჩვენ (ქართველები) თუ სამხრეთ პოლუსზე ვიცხოვრებდით, გერმანელებს აუცილებლად უკიდურესად მოშორებით, ალბათ, ჩრდილოეთ პოლუსზე უნდა ეცხოვრათ, და პირიქით. სწორედ ამიტომ  ამ ყოველდღიურობაში ჩართვა და ჩემი ადგილის ძიება ძალიან საინტერესოა.

რამდენადაც რაციონალურები, მშრომელები და ორგანიზებულები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმავე ხარისხით შეუძლიათ დაივიწყონ ეს ყველაფერი დღესასწაულებზე და ჩაიძირონ უკიდურეს გართობასა და დროს ტარებაში. განსაკუთრებით, ამ რეგიონის (North Rhine-Westphalia) მოსახლეობისთვის კარნავალი მათი იდენტობის უდიდესი ნაწილია. შესაბამისად, სეზონიდან სეზონამდე  ამ დღესასწაულისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან, არჩევენ კოსტუმებს და დეკორაციებს, რაც მართლაც არნახული სანახაობაა.

გერმანელებისთვის უქმეების განუყოფელი ნაწილი ლუდია. მათთვის იგი ისეთივე სავიზიტო ბარათია,  როგორც ღვინო ქართველებისთვის. თუმცა გერმანელმა მეგობრებმა საიდუმლოდ გამანდეს, რომ ბელგია ამ მიმართულებით დიდ კონკურენციას უწევს გერმანიას.

რაც შეეხება სტუდენტის ცხოვრებას, ინტენსიური კვირის შემდეგ ნამდვილად ფერადდება მდინარე რაინის პირას მეგობრებთან ერთად პიკნიკით, რა თქმა უნდა „კოლშთან“ ერთად (Kölsch -რეგიონში ყველაზე გავრცელებული ლუდის ბრენდია).

– სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული?

– სწავლის პარალელურად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე ბონის უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკური განვითარების კვლევის ცენტრში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგზეა ორიენტირებული. თავისუფალი დრო ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო, ვივარჯიშო, ბევრი ვიმოგზაურო და თუ კიდევ დრო მრჩება უბრალოდ ვხატო.

– როგორია შენი გეგმები და სურვილები სამომავლოდ?

– ძალიან მინდა ის გამოცდილება, რასაც აქ დავაგროვებ აკადემიური, ცხოვრებისეული თუ სხვა სოციალურ-კულტურული მიმართულებით, დაბრუნების შემდეგ ქართულ რეალობას სწორად მოვარგო.

დიდი სურვილი მაქვს ისე წარვმართო ჩემი ცხოვრება, რომ ყველა იმ ადამიანის ამაგი, ვინც ჩემს კარიერულ განვითარებასა თუ ნებისმიერ წარმატებაში წვლილი შეიტანა საკმარისად დავაფასო, რაც ალბათ თავის მხრივ პატარა დადებით ცვლილებას მაინც შეიტანს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაშიც.

​ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები