სად და როგორ აპირებენ საზაფხულო არდადეგების გატარებას საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები?

აქტუალური

ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება თემა დასვენებასთან დაკავშირებით. გადატვირთული სამუშაო თუ სასწავლო წლის შემდეგ დგება დრო, როდესაც ადამიანს ძალების აღდგენისა და რელაქსაციის საშუალება ეძლევა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, რომელიც დეპრესიის წინაპირობაა, განტვირთვა სასურველი და აუცილებელიც კია. ტემპერატურის მატებასთან ერთად ბევრისთვის დგება ნანატრი დასვენების დრო, კითხვები დასვენების ადგილსა და ფორმებზე კი სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება.

როგორია ქართველი სტუდენტების საზაფხულო გეგმები, ვინ სად აპირებს არდადეგების გატარებას და უკეთესი ფინანსური პირობების შემთხვევაში როგორ გაატარებდნენ ზაფხულს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარ სურვილებსა და მოლოდინებზე საუბრობენ.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

გიორგი აფშილავა, თეატრალური უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, განხრა პანტომიმა: “ამ ზაფხულში მრავალფეროვან დასვენებას ვგეგმავ. მივდივარ ზღვაზე, მთაშიც და ანტალიაშიც მივდივარ განტვირთვისთვის და კარგი გართობისთვის. ბლომად ფული რომ მქონდეს აუცილებლად წავიდოდით შვეიცარიაში. ჩემი ოცნების ზაფხულს ზუსტად ამ ქვეყანაში გავატარებდი. დასვენება ჩემთვის უსაქმურად ყოფნა არაა, პირიქით ამ დროს უფრო აქტიურად ვატარებ დროს, ვთამაშობ ფრენბურთს, ვცეკვავ და ვერთობი მეგობრებთან ერთად.”

მარიამ რობაქიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი: “ზაფხულში დასვენებას ვგეგმავ საკუთარ დედულ-მამულეთში, ჩემს ერთადერთსა და განუმეორებელ ხაშურში. ფული და სტაბილური შემოსავალი რომ მქონდეს (თანხასაც გააჩნია) საზღვარგარეთ დავისვენებდი, მაგალითად: თურქეთის სანაპიროებზე ან დასავლეთ ევროპაში, საქართველოს მასშტაბით ბახმაროში, კვარიათში, ბაკურიანსა და სვანეთში დავისვენებდი.”

ვერიკო ჯგერენაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი: “ჩემს ერთთვიან არდადეგებს სავარაუდოდ გავანაწილებ შემდეგნაირად: მაქსიმუმ ერთი კვირა ზღვაზე (უფრო ქობულეთი), 2 კვირა ჩემს სამოთხესავით სოფლებში  და დარჩენილი ერთი კვირა შესაძლოა სვანეთში. მატერიალურად უფრო ძლიერი რომ ვიყო, ალბათ, ქობულეთს ჩავანაცვლებდი თურქეთით, დანარჩენს ამ ჯერზე უცვლელად დავტოვებდი.”

თეონა ლეჟავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი: “დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დავისვენებ ბულგარეთში, კერძოდ ქალაქ სოფიაში. ჩემს დასთან ვგეგმავ ჩასვლას. უკეთეს შემთხვევაში ანუ ფინანსურად უფრო გამართული რომ ვიყო, დიდი სიამოვნებით, გავატარებდი ზაფხულს საფრანგეთში და მოვიწყობდი ფრანგულ არდადეგებს. მართალია, ორივე ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ამჯერად ჩემთვის უფრო რეალური ბულგარეთია.”

თიკო ყაზაიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი: “ვაპირებ რამდენიმე დღით ზღვაზე და მთაში წასვლას დასასვენებლად. დაახლოებით 3-4 დღე. ფული რომ მქონდეს რომელიმე მუსიკალურ ფესტივალზე წავიდოდი ევროპაში და თან, რაც შეიძლება დიდი ხნით, რომ იქაურობაც კარგად დავათვალიერო.”

თინა გეგუჩაძე,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულება: “დასვენებას არ და ვერ ვგეგმავ, რადგან ვმუშაობ, ალბათ, მთაში წავალ  სალაშქროდ რამდენიმე დღით, და ფული რომ მქონდეს კარავს ვიყიდი და უფრო ხშირად წავალ მთაში. თუ ბევრი ფული მექნება აუცილებლად წავალ სამოგზაუროდ მსოფლიოს გარშემო.”

თემო ინასარიძე, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი: ზუსტად არ ვიცი სად გავატარებ დასვენებას ან საერთოდ მექნება თუ არა თავისუფალი დრო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დატვირთული ვარ ძალიან. თუმცა თუ დავისვენებ, ჩემი საზაფხულო გეგმები უფრო მთასა და ლაშქრობას უკავშირდება, ძალიან მიყვარს ამ ტიპის განტვირთვა და უპირატესობასაც ამ ფორმას ვანიჭებ.

გვანცა ბიბიჩაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია: “წარმოშობით გურიიდან ვარ და შესაბამისად ამჯერად ურეკში ვგეგმავ დასვენებას, უფრო გვიან პერიოდში მთასაც ვესტუმრები და ბახმაროში წავალ ოჯახთან ერთად. ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით, დავისვენებდი საბერძნეთში, სანდორინის კუნძულებზე.”

ნინი გვიანიძე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: “წელს დასვენებას ვაპირებ ურეკში, ყველაზე კარგად ვისვენებ ქვიშაში და ზღვის ტალღებში. უკეთესს შემთხვევაში, ალბათ, ისევ სანაპიროს ავირჩევდი, ოღონდ სადმე საზღვრებს გარეთ.”

ავტორი: ანა ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები