თინათინ მუმლაძე ამერიკაში უილიამის კოლეჯში, მაგისტრატურის საფეხურის, ეკონომიკური პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. საზღვარგარეთ სწავლისთვის მან რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარა და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი გახდა. გადაწყვეტილების მიღებისას ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, თუმცა ამ ნაბიჯმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
როგორ ცხოვრობს ამერიკაში, რას სწავლობს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ თემებზე თინათინი ინტერვიუში საუბრობს.
– თინათინ, ეკონომიკის საკითხებით როდის დაინტერესდი და როგორ შეარჩიე მომავალი პროფესია?
ყოველთვის მინდოდა ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც მრავალფეროვანი და ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნებოდა. აბიტურიენტობის პერიოდში ოჯახის წევრები და მასწავლებლები ბევრ რჩევას მაძლევდნენ. რამოდენიმე ალტერნატივას შორის არჩევანი ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაკეთე. უნდა ვაღიარო, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა სტუდენტობის პირველივე დღეებში მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდებოდა. მართლაც, ეკონომიქსი ძალიან აქტუალური პროფესიაა და ეკონომიკური პოლიტიკა კი ყველა სხვა სფეროს დაგეგმვისა და განვითარების საფუძველია. ამასთანავე, ეს სფერო დინამიკურია და მუდმივად ვითარდება. ამიტომ, ეკონომისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ადევნებდეს თვალ-ყურს სხვადასხვა თანამედროვე კვლევებსა და მსოფლიო ტენდენციებს, ხშირად მონაწილეობდეს სემინარებსა და სასწავლო კურსებში, რათა საკუთარი ცოდნა „განაახლოს“. ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომიდგენია.
– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება და კონკურსში გამარჯვების მოლოდინი თუ გქონდა?
როცა ბაკალავრის მეოთხე კურსს ვამთავრებდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს სტაჟიორი გავხდი. მოგვიანებით კი კონკურსი გავიარე და სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი Williams College-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული იყო. ის მუდმივად უსვამდა ხაზს ამ პროგრამის ხარისხს, თუ როგორ მაქსიმალურად იყო კურიკულუმი ჩვენი სფეროს პროფესიონალებზე მორგებული და მომიწოდებდა კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. მან ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა და ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ შერჩევის პროცესი წარმატებით გამევლო. ზოგადად, სამსახურში ახალგაზრდებს პროფესიული ზრდის კუთხით, დიდი ხელშეწყობა გვაქვს; ჩვენი ხელმძღვანელობა მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში მივიღოთ მონაწილეობა.
როგორც კი სამუშაო გამოცდილების მხრივ პროგრამის მოთხოვნები დავაკმაყოფილე, მაშინვე შევავსე აპლიკაცია. კონკურენცია ძალიან დიდი იყო და ვცდილობდი უარყოფითი პასუხისთვის მზად ვყოფილიყავი. როცა Williams College-დან მოწვევა მიიღე, დაფინანსება კვლავ რჩებოდა ღიად და ჩემი იქ გამგზავრება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილეობა მივიღე განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო სტიპენდიების კონკურსში. ცენტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ფინანსური გარემოება ზღუდავს სასწავლებლად გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საიდანაც მოწვევა უკვე მიღებული აქვთ. კონკურსი აქაც ძალიან მაღალი იყო. გამიმართლა და ხანგრძლივი შერჩევის შემდეგ ცენტრის სტიპენდიანტი გავხდი.
– მოგვიყევი, რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო და რთული ამ პროფესიაში?
ყველაზე რთული ეკონომიკაში ალბათ არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ზუსტი პასუხი არაფერზე ვიცით. ამასთანავე, ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო არის ის ასეთი საინტერესო და მომხიბვლელი მრავალი მეცნიერისათვის, რადგან კვლევის საკითხები არასოდეს ილევა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში რთულია ზუსტი რეცეპტების გაცემა. ძალიან საინტერესო და იმედისმომცემია იმის გაგება, რომ ბევრი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს უნივერსიტეტში?
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სასწავლო კურსი ძალიან სპეციფიკურია და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის სფეროში სიღრმისეულ ცოდნას იძლევა. აქ ისეთი ლექტორები მასწავლიან, რომლებიც წარსულში მუშაობდნენ ან დღემდე აგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისინი გავლენიან თანამდებობებზე იყვნენ და მრავალი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მუშაობდნენ. სტუდენტებს შანსი მოგვეცა სასწავლო ვიზიტებზე წავსულიყავით ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, Moody’s სარეიტინგო კომპანია და გაერო. გარდა ამისა, რამდენიმე ვიზიტი გვქონდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფისებში. შეხვედრებმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა ამ ინსტიტუტების გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევების ჩატარებაში და რეალურად დაგვენახა როგორ გამოვიყენოთ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
ასევე, ძალიან მომწონს სტუდენტთა კულტურული მრავალფეროვნება. ყველა ჩემი ჯგუფელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაა, რაც განსხვავებულ ხიბლს მატებს პროგრამას, თუმცა ამავდროულად ასეთ გარემოში ადაპტირება რთულია.
– რას ნიშნავს შენთვის გქონდეს ამერიკაში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება?
ამერიკაში ცხოვრებამ მასწავლა თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა დამოუკიდებლობა, რადგან თითოეულ გადაწყვეტილებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს შენი პირადი ან შენთვის ახლო ადამინების ცხოვრება. ასევე მასწავლა ის, რომ ნებისმიერი მიზნად დასახული საქმე მასში ინვესტირებული შრომის ტოლ შედეგს გამოიღებს. თუმცა წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო გარემო. Williams College-ში მქონდა უამრავი რესურსი და შესაძლებლობა: ბიბლიოთეკაში შეუზღუდავად მიმიწვდებოდა ხელი მრვალ ლიტერატურულ წყაროზე; პროფესორები იყვნენ ძალიან მეგობრულები და უშუალოები სტუდენტებთან რეგულარულად ჰქონდათ office hours და მზად იყვნენ დახმარება გაეწიათ ნებისმიერი კითხვით მისული სტუდენტისათვის; გარდა ამისა, ყველა საგანში მყავდა Teaching Assistant, რომლებიც დამატებით დახმარებას გვიწევდნენ სწავლის პროცესში; განტვირთვაში კი მრავალფეროვანი საშუალებებით აღჭურვილი სპორტ დარბაზები, სტუდენტთა კლუბები, შეჯიბრები და კულტურული ღონისძიებები მეხმარებოდა. როცა უნივერსიტეტი ასეთ სასწავლო გარემოს გვთავაზობს, ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია გვაქვს. ჩვენს ოცნებებს ტექნიკური დაბრკოლებების გარეშე და ნაკლები სტრესით მივსდიოთ. საქართველოში კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მსგავს სტანდარტებს დავუახლოვდეთ. დიდი სურვილი მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში განათლების მსგავსი სტანდარტების დამკვიდრებაში.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
თავისუფალ დროს ვცდილობდი მემოგზაურა. სამწუხაროდ, ინტენსიური სასწავლო გრაფიკის გამო, ბევრი თავისუფალი დრო არ მრჩებოდა და მხოლოდ აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე დიდი ქალაქი მოვინახულე. თუმცა თვითონ სასწავლო კურსი უამრავ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას მოიცავს, რაც აკადემიურ ცხოვრებას უფრო სახალისოს ხდის. ჩემთვის გასაოცარი იყო ის ფაქტი, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში სპორტულ აქტივობებსა და კულტურულ საღამოებს, კინოს, თეატრსა და მუსიკას. სტუდენტები ისევე ფასდებიან ამ მიმართულებებში, როგორც სხვა აკადემიურ საგნებში. ასე რომ, ის მცირედი თავისუფალი დრო, რაც სტუდენტებს აქვთ, ადგილზევე ძალიან საინტერესოდ შეიძლება გაატარო.
– რას გეგმავ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?
მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ Williams College-ში ერთი სასწავლო სემესტრით დავრჩები და Teaching Assistant-ის პოზიციაზე ვიმუშავებ. ძალიან გამიხარდა როცა ეს შემოთავაზება მივიღე. მოუთმენლად ველი ამ გამოცდილებას, რათა ჩემი თავი აკადემიურ საქმიანობაში გამოვცადო. მოგვიანებით კი საქართველოში დავბრუნდები და ფინანსთა სამინისტროში გავაგრძელებ მუშაობას. ერთი სული მაქვს ჩემს სამუშაო გარემოს დავუბრუნდე და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო.
ავტორი: ნათია ზარიძე